რობინ სოდერლინგმა (#8) ლონდონის რვაკაცაზე ბან ჯგუფის პირველ შეხვედრაში კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგსიის მეორეადგილოსან რაფაელ ნადალს 6:4 6:4 სძლია.
25 წლის შვედმა მეჩოგნემ, ვისაც რეიტინგსიაში მე-9 ადგილი უკავია, ორი წლით უმცროს ესპანელს ზედიზედ მეორედ მოუგო. წინა ჯერზე ის რაფას წლევანდელი როლან გაროს მეოთხე წრეში აღემატა, რითიც მას ტურნირის მიჯრით მეხუთედ მოგების შანსი წაართვა.
ამჯერად კი სოდერლინგმა ნადალს კარიერის მე-400 გამარჯვების მოპოვებაში შეუშალა ხელი და რეიტინგსიის სათავეში სეზონის დასრულებისთვის ბრძოლაც გაურთულა.
ამ მომენტში რაფა პირველ ადგილზე მდგარ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 1 145 ქულით ჩამორჩება. სოდერლინგთან მარცხი კი მისთვის იმას ნიშნავს, რომ, თუკი ის ახლა რვაკაცას მოგებას მაინც შეძლებს, ნაცვლად შესაძლო 1 500-ისა, მხოლოდ 1 300 ქულასღა მიიღებს. აქედან გამომდინარე, ფედერერს – საიმისოდ, რათა სეზონი ამქრის უსტაბაშად დაასრულოს – ლონდონში ერთი მატჩის მოგებაღა სჭირდება...
“ცუდად მართლაც არ მითამაშია – ამბობდა ნამატჩევს რაფა – მაგრამ გადაწყვეტ მომენტებში ის სიმშვიდე მაკლდა, რაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა დასამარცხებლად არის საჭირო. რაც შეეხება იმას, შემიძლია თუ არა სეზონის პირველოსნად დამთავრება, ალალად გეტყვით, რომ, ჩემი აზრით, ჩემი ამჟამინდელი ფორმა საპირველოსნო არ არის. საზეო ფორმის აღსადგენად კიდევ ბევრი შრომა და ბრძოლა მჭირდება.”
რაფამ სოდერლინგს ორივე სეტი მე-10 გეიმში, თავის მოწოდებაზე დაუთმო. თუმცა პირველ სეტში მოვლენები ეგებ სხვაგვარადაც განვითარებულიყო, რაფას 4:5 40:30-ზე, როცა ხაზის მსაჯმა მის მიერ მოწოდებული ბურთი გადასულად მიიჩნია, “ქორის თვალისთვის” რომ მიემართა. ამ უკანასკნელის “არაოფიციალური” ჩვენებით, ბურთი მოედანში იყო – შესაბამისად, რაფას ეისი უნდა ჩათვლოდა და ანგარიში 5:5 უნდა გამხდარიყო...
სხვაფრივ, შეგახსენებთ, რომ სოდერლინგი რვაკაცაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც რეიტინგსიის მეექვსეადგილოსანმა ამერიკელმა ენდი როდიკმა იქ გამოსვლა მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლო.
იმავე, ბან, ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (#3) და რუსი ნიკალაი დავიდენკო (#6) დაუპირისპირდებიან. სამშაბათს კი ან ჯგუფში ჯერ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო (#5) და ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (#7) იპაექრებენ, შემდეგ კი ფედერერი და სკოტი ენდი მარეი (#4).







