ჩოგბურთი

9:40 | 2.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

სოდერლინგმა ფედერერზე ირევანშა

მსოფლიო რეიტინგის მე-7-ადგილოსანმა რობინ სოდერლინგმა როლან გაროს მეოთხედფინალში ამქრის პირველოსან როჯერ ფედერერს სძლია და ამით მასზე იქ შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხისათვის ირევანშა.
26-ს მიტანებულმა შვედმა მეჩოგნემ თავისზე სამი წლით უფროს შვეიცარიელ მეტოქეს 2 საათსა და 30 წუთში 3:6 6:3 7:5 6:4 აჯობა.
სოდერლინგი მთელი შეხვედრის განმავლობაში უფრო აგრესიულად ირჯებოდა, მაგრამ, თუკი პირველ სეტში გადამწყვეტ მომენტებში სცოდავდა, მერე და მერე უფრო თავისუფლად და ლაღად ათამაშდა და როჯერმაც ვეღარაფერი გააწყო მისი ყუმბარისებური დარტყმების წინააღმდეგ.
ეს მათი მე-13 დაპირისპირება გახლდათ და შვედმა მეჩოგნემ, როგორც იქნა, ფედერერის დამარცხება შეძლო.
იმავდროულად ის გახდა პირველი მოთამაშე თანამემამულე მატს ვილანდერის შემდეგ, ზედიზედ ორ როლან გაროზე ტურნირის წინა წლის ჩემპიონი რომ დაჯაბნა. ვილანდერმა იქ 1984-ში 1983 წლის ჩემპიონს, ფრანგ იანიკ ნოას მოუგო, 1985-ში კი – 1984-ის წლის გამარჯვებულს, ჩეხ ივან ლენდლს. შეგახსენებთ, რომ სოდერლინგმა შარშანდელი როლან გაროს მეოთხე წრეში მაშინდელ პირველოსანსა და ტიტულის დამცველს, ესპანელ რაფაელ ნადალს სძლია.
რაც შეეხება ფედერერს, “დიდი სლემის” ტურნირებზე მას ნახევარფინალამდე უკვე 6 წლის განმავლობაში – 2004 წლის როლან გაროს მესამე წრეში ტურნირის სამგზის ჩემპიონსა და ამქრის ყოფილ პირველოსანთან, ბრაზილიელ გუსტავო კუერტენთან მარცხის შემდეგ – აღარ წაეგო. ამ ხნის მანძილზე მან უკანასკნელ ოთხეულს დიდი მუზარადის ზედიზედ 23 ტურნირზე უწია.
სოდერლინგთან მარცხმა საფრთხე შეუქმნა მის მიერ მსოფლიო რეიტინგის სათავეში დარჩენის პერსპექტივასაც – თუკი ნადალი ამ ტურნირის მოგებას შეძლებს, ის როჯერის 8390 ქულის წილ 8700 ქულას დააგროვებს და პირველ საფეხურს დაუბრუნდება.
თუმცა საამისოდ რაფას ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი – მან ჯერ მეოთხედფინალში თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს უნდა აჯობოს, შემდეგ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (№3) და ავსტრიელ იურგენ მელცერს შორის გამარჯვებულს, აი, ბოლოს კი... ბადის ქვედა მხრიდან ფინალში გასულს სოდერლინგსა და ჩეხ ტომაშ ბერდიხს (№15) შორის გამარჯვებული ელის.
ამ უკანასკნელმა სამშაბათს გამართულ მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში რუსი მიხაილ იუჟნი გაანადგურა 6:3 6:1 6:2 და გახდა პირველი ჩეხი პეტრ კორდას შემდეგ, საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში რომ გავიდა. კორდამ იქ ბოლო ოთხეულს 1992-ში მიაღწია და შემდეგ ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა, სადაც ამერიკელ ჯიმ კურიესთან დათმო... ბერდიხისთვის ეს კარიერის პირველი დიდი ნახევარფინალი იქნება.
რაც შეეხება ქალებს:
29 წლის იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემ, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მე-17 საფეხური უკავია, თავისზე 10 წლით უმცროს და 14 ადგილით ზემდგომ დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის დამაჯერებლად სძლია 6:2 6:3 და დიდი მუზარადის ტურნირებზე 39-ე ცდაზე პირველად მიატანა ნახევარფინალს. მან მთელი შეხვედრა უფრო მრავალფეროვნად და აგრესიულად ჩაატარა და მეტოქის 10 შედეგიანი დარტყმის წილ თავად 25 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.
ის გახდა პირველი იტალიელი ქალმეჩოგნე სილვია ლაცარანოს 1954 წლის მიღწევის შემდეგ, საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში რომ მოხვდა, და იმავდროულად პირველი იტალიელი ქალმეჩოგნე, ღია პირველობათა ეპოქაში – ანუ 1968 წლიდან დღემდე – “დიდი სლემის” ტურნირებზე ნახევარფინალს რომ უწია!
ახლა ის ფინალში გასასვლელად 2004 წლის ფინალისტს, რუს ელენა დემენტიევას (№5) შეხვდება, ვინაც თვისტომ ნადია პეტროვასთან (№19) პირველი სეტის წაგების შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხა 2:6 6:2 6:0.
ნახევარფინალში დემენტიევას გასვლა იმას ნიშნავს, რომ უკვე ზედიზედ მერვე წელია, როლან გაროს ამ ეტაპზე ერთი რუსი ქალმეჩოგნე მაინც თამაშობს.




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092191