კალათბურთი

1:00 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელებმა შემადგენლობა 16 კალათბურთელამდე დაიყვანეს

2013 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელმა სლოვენიამ თებერვალში 34-კაციანი განაცხადი დაასახელა, ახლა კი, მთავარმა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა სია 16 კალათბურთელამდე დაიყვანა.

სლოვენიელთა მთავარი დანაკლისი ესპანური “ბარსელონას” ფორვარდი ერაზემ ლორბეკია, რომელიც ევრობასკეტს ტრავმის გამო გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ლორბეკი სლოვენიელთა მაისურით 2002 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი კი 2005 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, ერაზემი ეროვნული ნაკრების წამყვანი ფიგურა გახლდათ, ყველაზე უკეთ კი 2009 წელს პოლონეთში გამართულ ევრობასკეტზე ითამაშა, სადაც საშუალოდ 16.4 ქულას, 7.4 მოხსნას და 2.3 პასს აგროვებდა, სლოვენიელებმა კი ნახევარფინალში გააღწიეს.

2011 წელს ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ლორბეკმა 11 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ გატარებულ 27.2 წუთში საშუალოდ 11.1 ქულას, 5.0 მოხსნას და 1.7 პასს აგროვებდა. საქართველოსთან მოგებულ (87:75) შეხვედრაში ერაზემმა 29 წუთს ითამაშა და გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება შესძინა.

ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს 32 წლის მცველი სანი ბეჩიროვიჩიც, რომელიც ბოლოს ეროვნული გუნდის მაისურით 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაისარჯა. გასულ სეზონში ბეჩიროვიჩი ირანულ ლიგაში თამაშობდა.

სამაგიეროდ, გუნდშია ვეტერანი უკანახაზელი იაკა ლაკოვიჩი, ისევე როგორც “ფინიქს სანზის” და “ორლანდო მეჯიქის” წევრები – გორან დრაგიჩი და ბენო უდრიჰი. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი ეროვნულ გუნდში 7-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა.

წინასწარი განრიგით, სლოვენიელები შეკრებას 19 ივლისს იწყებენ, გამონაკლისი კი მადრიდის “რეალის” ცენტრი და “ბროზე ბასკეტს ბამბერგის” ფორვარდი ბოსტიან ნახბარი არიან, რომელთაც დამატებითი დასვენების დღეები მიეცათ და ნაკრებს 23 ივლისს შეურთდებიან. ხსენებულ კალათბურთელებს ივნისში დაძაბული გრაფიკი ჰქონდათ და საკუთარ კლუბებს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარნენ.

ეეროვნულ გუნდში ასევე 23 ივლისს უნდა გამოცხადდეს ლიუბლიანას “ოლიმპიას” ახალგაზრდა მცველი იაკა ბლაჟიჩი, რომელსაც ნბა-ს საზაფხულო ლიგაში უნდა ეთამაშა, თუმცა, ტრავმა მიიღო და ახლა, სარეაბილიტაციო კურსს გადის.

სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 13 საკონტროლო მატჩის ჩატარებას აპირებს, რომელთაგან პირველი 26 ივლისს პოლონეთთან გახლავთ დაგეგმილი, დასკვნით შეხვედრას კი მალკოვიჩის შეგირდები 31 აგვისტოს გასული ევრობასკეტის ფინალისტ საფრანგეთთან ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის და საქართველოს ნაკრებები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ესპანეთის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ეყოლებათ. საქართველოს და სლოვენიის დაპირისპირება ქალაქ ცელიეში 7 სექტემბერს შედგება.

 

სლოვენიის ნაკრების 16-კაციანი შემადგენლობა

ბენო უდრიჰი, გორან დრაგიჩი, იაკა ლაკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემენ პრეპელიჩი, ედო მურიჩი, ბოსტიან ნახბარი, დომენ ლორბეკი, ლუკა ლაპორნიკი, იურე ბალაჟიჩი, იაკა ბროდნიკი, გეზიმ მორინა, მირზა ბეგიჩი, უროს სლოკარი, გასპერ ვიდმარი.

 

სლოვენიის ნაკრების სპარინგ-მატჩები ევრობასკეტამდე

26 ივლისი: სლოვენია – პოლონეთი (დომჟალე)

28 ივლისი: სლოვენია – მაკედონია (ლიტია)

2 აგვისტო: სლოვენიალატვია (ცელიე)

3 აგვისტო: სლოვენია – თურქეთი (ცელიე)

4 აგვისტო: სლოვენია – სერბეთი (ცელიე)

10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა)

16 აგვისტო: სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იესენიცე)

18 აგვისტო: სლოვენია – რუსეთი (ლიუბლიანა)

23 აგვისტო: სლოვენიამონტენეგრო (კოპერი)

24 აგვისტო: სლოვენია – იტალია (კოპერი)

31 აგვისტო: სლოვენია – საფრანგეთი (ლიუბლიანა)

0.115628