ფეხბურთი

0:55 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მწარე სლოვაკური გაკვეთილი

ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე, საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორ ქუთაისის “ტორპედოს”, საკმაოდ რთული მეტოქე ერგო სლოვაკური “ჟილინას” სახით. მართალია, ამ კლუბისთვის გასული სეზონი დიდი წარმატებებით არ გამოირჩეოდა, უფრო მეტიც, გუნდის ერთგულმა ფანებმა, სლოვაკეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილი ტრაგედიად აღიქვეს. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ “ჟილინას” ქომაგებმა უარი თქვეს გუნდს საგარეო თამაშზე გამოჰყოლოდნენ და სლოვაკები იმერეთს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ეწვივნენ. თავის მხრივ, საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება მიიღეს ქუთაისის “ტორპედოს” მესვეურებმა, რომლებმაც გუნდის გაახალგაზრდავება და რეორგანიზაცია მოახდინეს, რასაც, არც თუ ისე აღტაცებით შეხვდნენ კლუბის ერთგული ქომაგები. ასე რომ, ამ ორი გუნდის წანასამატჩო მდგმარეობა, დაახლოებით ერთნაირი იყო. მსგავსებად კიდევ ის უნდა ჩავთვალოთ, რომ ორივე გუნდის მწვრთნელისთვის, ჟერარდ სარაგოსასათვის და ადრიან გულასთვის, ეს პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ.

სამდღიანი წვიმების შემდეგ, ქუთაისში როგორც იქნა გამოიდარა და გუნდებს მშვენიერ სათამაშო ამინდში მიეცათ საკუთარი შესაძლებლობლების გამოვლენის საშუალება. მეტოქე გუნდების თავკაცებმა, დაახლოებით ერთნაირი სათამაშო სქემით  - 4-5-1 გამოიყვანეს თავიანთი შეგირდები მოედანზე. ადრიან გულამ დაცვაში ადგილი მაბუკა-პიაჩეკი-აკაკპო-ჩისეის ოთხეულს მიუჩინა. საყრდენად სლოვაკეთის ნაკრების წევრი პეჩოვსკი იყო გამწესებული, ფლანგებზე კი, მიხალიკი და პიხი. წინ ეულად მყოფ ტომაშ მაიტანს, სიღრმიდან პაური-ბელოს დუეტი ეხმარებოდა. რაც შეეხება მასპინძლებს, სარაგოსამ უკანა ხაზში ადგილი ტაბატაძე-ჭელიძე-ჭანტურია-ჩიტეიშვილის კვარტეტს ანდო. საყრდენებად გიგაური და ცინცაძე იყვნენ, ფლანგებზე კი კუხიანიძე და გოროზია. წინ ქუთაისელთაგან ბარაბაძე მოქმედებდა, ხოლო ოდნავ უკან, მის დახმარებას ფირცხალავა ცდილობდა.

თავიდან, მატჩი არც თუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო. დებიუტში, ქომაგებისგან გამხნევებულმა ქუთათურებმა, სათამაშო ინიციატივის ხელში ჩაგდება სცადეს, მაგრამ ნელ-ნელა სლოვაკებმა შეძლეს თამაშის დაწყნარება. პირველი დარტყმაც მეტიქის კარისკენ სლოვაკებმა შეასრულეს. რობერტ პიხის საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული, მიგინეიშვილისთვის იოლი ნადავლი გამოდგა. თანდათან გამოიკვეთა, რომ სტუმრებს სწრაფ კონტრშეტევებზე სურდათ თამაშის აგება, მაგრამ პირველ ტაიმშივე აღმოჩნდა, რომ ბურთზე კონტროლი, სწორედ “ჟილინას” ფეხბურთელებმა დააწესეს. მათ რამდენიმეჯერ სახიფათო ჩაწოდებაც კი განახორციელეს შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში, სადაც ბურთზე მიმართულების შეცვლაც კი საკმარისი იყო, მაგრამ ქუთაისელთა იღბლად, გადამწყვეტ მომენტებში, სლოვაკთა წინახაზელები ვერ ყოჩაღობდნენ.

ისე, ტაიმის დიდი ნაწილი ისე მიილია, რომ ერთიანობაში, მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. სტადიონზე შეკრებილები გამოცოცხლდნენ 37-ე წუთზე, როდესაც გიორგი გოროზიამ, დაახლოებით 28 მეტრიდან, საკუთარი კარიდან ოდნავ წინ გამოსული დუბრავკა შეამჩნია. ახალგაზრდა ქუთაისელმა ძლიერად და ოსტატურად დაარტყა და რომ არა “ჟილინას” კიპერის ოსტატობა, ალბათ, ანგარიში გაიხსნებოდა. ცოტა ხანში, გიგაურის შორეულ დარტყმას ფირცხალავამ შეუცვალა მიმართულება და ბურთი სულ მცირე მანძილით აცდა სლოვაკთა კარს.

ტაიმის ეპილოგში, ბურთზე კონტროლი კვლავ სტუმრებმა დააწესეს. მათ ორჯერ შორიდანაც დაარტყეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიგინეიშვილმა აუღელვებლივ და მშვიდად ითამაშა. პირველი ტაიმიდან გამომდინარე ერთი უნდა ითქვას, რომ “ტორპედოს”, სადებიუტო მღელვარება აშკარად ეტყობოდა, თუმცა საწყის 45 წუთში, ახალგაზრდა ქუთათურებმა მეტოქეს თავი არ დააჩაგვრინეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი ტაბატაძის მშვენიერი სოლორეიდით დაიწყო, როდესაც ქუთაისელთა მარჯვენაფლანგელმა, ბურთიანად 25 მეტრი ირბინა, გზად რამდენიმე მეურვეც ჩამოიშორა და მეტოქის საჯარიმოს მიახლოებულმა, ცაციათი ძლიერად დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ცოტა ხანში, მასპინძლებმა სტანდარტული გაათამაშეს ჩინებულად. ჭანტურიამ რბილი გადაცემა გაუკეთა ბარაბაძეს, რომელმაც ქუსლით გიგაურს უპასა. მერაბი ძლიერად ცდილობდა დარტყმას, მაგრამ პიაჩეკი ჩაუწვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

58-ე წუთზე კი, სლოვაკები სწრაფად გათამაშებული კონტრშეტევის შემდეგ ანგარიშში დაწინაურდნენ. მაბუკას მორიგი ჩარბენა შეტევის მარჯვენა ფლანგზე, “ტორპედოს” საჯარიმოში ჩაწოდებით დასრულდა, სადაც ყველას ტომაშ მაიტანმა დაასწრო და ნახტომში, თავით, მიგინეიშვილს აუღებელი დაურტყა – 0:1. მოვლენების ასეთმა განვითარებამ მასპინძელთა მდგომარეობა დაამძიმა და შესაბამისად, გაუიოლა საქმე სლოვაკებს, რომლებიც კონტრშეტევებზე ისედაც კარგად გამოიყურებოდნენ. 64-ე წუთზე პიხი ურტყამდა ნახტომში, მაგრამ ბურთი მიგინეიშვილის დასაცავ ობიექტს ზემოდან გადაცდა.

ანგარიშში ჩამორჩენამ, ბუნებრივია, უსიამოვნოდ იმოქმედა ქუთაისელ ქომაგებზე, მაგრამ მათი ერთი ნაწილი ძალზე აგრესიული გამოდგა კლუბის მთავარი მეპატრონის, კომპანია “ვისოლის” მიმართ. ქომაგები კოლექტიურად იგინებოდნენ და სანამ სტადიონზე სპეცსამსახურის წარმომადგენლები არ გამოჩნდნენ, მანამდე დესტრუქციის ნიშნები შეინიშნებოდა.

76-ე წუთზე სლოვაკებმა მეორე გოლი გაიტანეს და თავიანთი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ამჯერადაც, სლოვაკთა წარმატებაში ლომის წილი მაიტანს მიუძღვის, რომელიც ბურთიანად შეიჭრა “ტორპედოს” საჯარიმოში. ტომაშმა ბურთს ჭვინტი გაჰკრა ისე მოულოდნელად, რომ მიგინეიშვილმა ბურთის ხელში მოგდება ვერ მოახერხა. დამატებაზე კი, ყველაზე სწრაფად პიხმა იმოქმედა და ანგარიში 0:2 გახადა. ცოტა ხანში, სლოვაკებმა თავიანთი უპირატესობა გამანადგურებელი გახადეს. ბელლო-ჩისეის ორსვლიანი კომბინაცია, ამ უკანასკნელის საჯარიმოში გაკეთებული გადაცემით დასრულდა, სადაც მაიტანმა საპენალტე ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და ბურთი ტორპედოელთა ბადეში გაახვია – 0:3.          

მატჩის მიწურულს, გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ქუთაისელთაგან ფანცულაიას ჰქონდა შანსი, როცა დაახლოებით 10 მეტრიდან ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა “ჟილინას” კარს. რაც შეეხება სლოვაკებს, თავის გამოჩენა ისევ მაიტანს და პიხს შეეძლოთ, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა არცერთ მათგანს გამოუვიდა. საბოლოდ კი, შეხვედრაში მოსალონელი შედეგი დაფიქსირდა. დიდ სურვილის მიუხედავად, ძნელია იმ გუნდზე მოგების მოთხოვნა, რომელიც ფაქტობრივად სულ ახლახან შეიქმნა, ახლა  ჩამოყალიბების პროცესშია და მისი წევრების აბსოლიტური უმრავლესობა ახალგაზრდაა. ხორვატი არბიტრის საფინალო სასტვენმა კი, “ტორპედოსათვის” უსიამოვნო შედეგი დააფიქსირა და ფაქტობრივად, გვამცნო ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა.

ადრიან გულა (“ჟილინა”): “ძალიან კარგად ვითამაშეთ ტექნიკურად ძლიერ მეტოქესთან. ვიყავით კომპაქტურები და მეტოქეს არ ვაძლევდით თავის გამოჩენის საშუალებას. პირველ ტაიმში ისე ეფექტურები ვერ ვიყავით, მეორე ნახევარში სტრატეგია არ შეგვიცვლია, უბრალოდ, უფრო შედეგიანი ტაიმი გამოგვივიდა. სათამაშო დისციპლინა მაღალ დონეზე გვქონდა და ამან წარმატებაც მოგვიტანა. იმედია, ეს ანგარიში შემდეგ ეტაპზე თამაშის გარანტიას მოგვცემს, თუმცა მეორე მატჩის წინ, მოდუნება მაინც არ შეიძლება. მოწინააღმდეგე გუნდიდან ტაბატაძეს და კუხიანიძეს გამოვარჩევდი, რომლებიც ხშირად გვიქმნიდნენ პრობლემებს. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ”.

ჟერარდ სარაგოსა (“ტორპედო”): “ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. გოლის შემდეგ საკუთარი თამაში დავკარგეთ. მოგეხსენებათ, მოწინააღმდეგე გუნდში ექვსი ის ფეხბურთელია, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აქვთ ნათამაშევი. გუნდი სამი კვირაა რაც ერთად ვარჯიშობს, ეს კი საკმარისი დრო არ არის. მართალია, წავაგეთ, მაგრამ მოვემზადებით და მომავალში გაცილებით უკეთესად გამოვალთ. ვიცი, რომ “ტორპედო” ამბიციური გუნდია და ქომაქებიც მეტს მოითხოვენ. გუნდს განახლება და ახალი სისხლი სჭირდება. დამერწმუნეთ, ცოტა ხანში, “ტორპედო” გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა”.

“ტორპედო” – “ჟილინა”  0:3 (0:0)

4 ივლისი. 21:00. ევროპის ლიგა. ქუთაისი. “ცენტრალური”. 6000 მაყურებელი 

“ტორპედო”: მიგინეიშვილი, ტაბატაძე, ზაზა ჭელიძე, ჭანტურია, ჩიტეიშვილი, გიგაური, ცინცაძე, გოროზია (ტუღუში, 64), ფირცხალავა (ფანცულაია, 52), კუხიანიძე (კაპანაძე,73), ბარაბაძე.

მთავარი მწვრთნელი:  ჟერარდ სარაგოსა.

“ჟილინა”: დუბრავკა, მაბუკა, პიაჩეკი, აკაკპო, ჩისეი, პეჩოვსკი, პიხი,    მიხალიკი (ჟილაკი, 73), პაური (სკვარკვა, 87), ბელლო (კაჩერი, 90), მაიტანი.

მთავარი მწვრთნელი: ადრიან გულა.

გოლები: 0:1 მაიტანი (58), 0:2 პიხი (76), 0:3 მაიტანი (84).  

გაფრთხილება: ტაბატაძე (7), კუხიანიძე (25), გოროზია (52), პაური (55), ჩისეი (59), კაპანაძე (86). 

არბიტრი: დომაგოი ვუჩკოვი, გორან პერიცა, ივიცა მოდრიჩი, იგორ პრისტოვნიკი (ყველა ხორვატია).

ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან

0.213691