29 წლის ჩეხმა ლუკაშ როსოლმა უინსტონ-სეილემის ტურნირის ფინალში 6 წლით უმცროს პოლონელ ეჟი იანოვიჩს 3:6, 7:6, 7:5 მოუგო, კარიერის განმავლობაში მეორე, წლეულს - პირველი შეჯიბრება მოიგო და 80280 დოლართან ერთად 250 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.
დაძაბული ორთაბრძოლა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როსოლმა 13 ეისი შეასრულა, იანოვიჩთან კი ურთიერთშეხვედრების ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
“მობილიზებული ვიყავი, განსაკუთრებით საკუთარ მოწოდებებზე. ბურთის მიღებისას შანსს ველოდი და ეს მომენტიც დამიდგა. მატჩი უიღბლოდ დავიწყე, სამაგიეროდ კარგად დავასრულე”, - განაცხადა როსოლმა ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასის საზეიმო გადაცემისას.
იანოვიჩმა კი დანანებით თქვა, სამწუხაროა რომ წავაგე, თუმცა, კარიერის ბოლო ფინალი არ მითამაშია და ჩემი ფორმიდან გამომდინარე, წარმატებებსაც აუცილებლად მივაღწევო.







