ფეხბურთი

16:44 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარიმ ჯერ ცხრა ჩამოთვალა

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თავისი გუნდის შემადგენლობა უკვე განსაზღვრა, მაგრამ მას დადგენილ დროს, 7 მაისს დაასახელებს. ამის შესახებ, “დიდმა ფილმა” სან-პაულუში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩემს არჩევანში ეჭვი არ მეპარება. თუმცა, ეროვნული ჩემპიონატების დასრულებას უნდა დაველოდოთ, რადგან არასოდეს იცი, რა მოხდება”, – იუწყება სკოლარის სიტყვებს ბრაზილიური პრესა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი უთქვამს იმ 23 ფეხბურთელისთვის, რომლებიც ნაკრების შემადგენლობაში მოხვდებიან. როგორც გაირკვა, ამ მოთამაშეთა ვინაობა, მისმა თანაშემწე კარლოს ალბერტო პარეირამაც არ იცის.

“თუ ორმა ადამიანმა იცის, ეს უკვე საიდუმლო არაა. თუმცა, სიურპრიზები არ იქნება. თუ საკუთარ სიას შეადგენთ, მაშინ მინიმუმ, 22 ფეხბურთელს გამოიცნობთ”, – განუცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა ჟურნალისტებს.

ამის მიუხედავად, სკოლარიმ პრესკონფერნციაზე 9 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებიც მსოფლიო პირველობაზე ნაკრებში ადგილს გარანტირებულად მიიღებენ:

დავიდ ლუიზი, ოსკარი, რამირესი, ვილიანი (ყველა “ჩელსი”, ინგლისი), პაულინიო (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ჟულიო სეზარი (“ტორონტო”, კანადა), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), ფრედი (“ფლუმინენსე”), ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი).

0.116569