ამ ეტაპზე უცნობია, მოხვდება თუ ვერა “მილანის” ნახევარმცველი კაკა ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობაში. ამის შესახებ განცხადება მილანში ჩასულმა სამხრეთამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში, “მილანისა” და “ინტერის” მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“დღეს კაკას ციდან ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტია, თუმცა მის თამაშს კატასტროფულსაც ვერ დავარქმევთ. ჯერ ნამდვილად არ ვიცი, შევიყვან თუ არა მას მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში. ტურნირამდე დიდი დროა და არც ერთი გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მივიღო” – უთხრა სკოლარიმ იტალიელ ჟურნალისტებს.