გუშინწინ თბილისში 13-წლამდელთა ბავშვების ტურნირი დაიწყო, რომელიც თბილისის “დინამოს” ყოფილი ცნობილი ფეხბურთელის, თენგიზ სულაქველიძის სახელობისაა. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა ამ ტურნირზე, რომ საერთაშორისო სახისაა, რადგან ყაზახეთის კლუბი “სპორტის რესპუბლიკური კოლეჯი” (სრკ) არის ჩამოსული – ეს კლუბი კი თავის ასაკში საუკეთესოა და ერთი წლით უფროსებშიც მონაწილეობს, სადაც ასევე ჩემპიონი გახდა. ასე რომ, ყაზახეთის საუკეთესო ბავშვები არიან ტურნირზე წარმოდგენილნი.
საინტერესოა, როგორ ვითარდება ბავშვთა ფეხბურთი ყაზახეთში. სრკ-ის მწვრთნელ ვასილი მარუნიაკს გავესაუბრეთ და საგულისხმო ამბებიც გვითხრა:
- უკვე 5 წელია, ეს გუნდი არსებობს და ბირთვიც არ იცვლება. გაისად 15-წლამდელთა ნაკრებიც, დიდწილად, ამ ბავშვების გარშემო შეიქმნება. შეიძლება ითქვას, საბაზო გუნდი ვიქნებით. ასაკობრივ ჯგუფში 3:0, 4:0-ებს ჩვეულებრივ ვიგებთ. საერთაშორისო ტურნირებიც მოგვიგია, მაგალითად, ბოლოს ყირგიზეთში გავხდით ჩემპიონები.
- როგორც ვიცით, თბილისში პირველად არ ჩამოსულხართ.
- ჩვენ კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიასთან. მესამედ ვართ. შარშანწინ ფინალში გავედით ქართულ ტურნირზე. მასინ “ცესნას” სახელით ვთამაშობდით.
- ამ ბავშვებს გადასახადი აქვთ?
- არა. არსებობს სკოლა-ინტერნატი, სადაც ბავშვს ყველაფერი აქვს, იქ იზრდება და ფეხბურთითაა დაკავებული. ჩვენი სპონსორია მაღაზიათა ქსელი Greenmart-ი.
- ბავშვთა სხვა კლუბებსაც ჰყავთ სპონსორები?
- არიან ასეთებიც და არის ფასიანი საფეხბურთო სკოლებიც.
- საქართველოში 13 და 14-წლამდელთა ნაკრებებიც არსებობს. თქვენთანაც ასეა?
- არა. 15-წლამდელთა ნაკრებია ყველაზე მცირე ასაკისა.
- ქართველ ბავშვებზე წარმოდგენა გაქვთ. როგორ დაახასიათებდით?
- ყველაფერი მომწონს. სწორედ ისეთი ფეხბურთი მიყვარს, რაშიც ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ – ტექნიკა, იმპროვიზაცია. ახლა საქართველოს ცნობილი ფეხბურთელები რომ ჩამოვთვალო, შორს წავალ.
- როგორც ვიცით, თქვენი კლუბიდან უცხოეთშიც წასულან ბავშვები.
- ერთი მათგანი “ვალიადოლიდშია”, ახლა კი “ესპანიოლშიც” გაემგზავრება ერთი მათგანი.
ყველაზე მეტად, ამ საუბარში სკოლა-ინტერნატის ამბავი გვენიშნა. ასეთი საქართველოშიც იყო, გლდანში, სადაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელი აღზრდილა, მაგრამ კარგა ხანია, აღარ ფუნქციონირებს.
თენგიზ სულაქველიძის სახელობის ტურნირი 6-გუნდიანია: ყაზახების გარდა, საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები, “დინამოს აკადემია”, “მერანი”, “საბურთალო-ბენდელა” და სულაქველიძის აკადემია მონაწილეობს. ტურნირი 26 დეკემბერს დასრულდება, ფინალი “საბურთალოს” “ბენდელაზე” გაიმართება. აქვე ვთქვათ, რომ ყაზახების ჩამოყვანა “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ითავა – ფინანსურ მხარეს ვგულისხმობთ.