კალათბურთი

22:22 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკფ-ის გამგეობამ საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრები დაიწყო

იმისათვის, რომ სკფ-ის (საქართველოს კალათბურთის ფედერაცია) გამგეობამ მიიღოს გადაწყვეტილება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან, ფედერაციის წესდებასთან და საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, ამ ორგანომ საქართველოს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე დაგეგმილი შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა, რომელსაც სასტუმრო “რედისონ-ბლუმ” უმასპინძლა, 4 ოქტომბერს თბილისში ვეტერან კალათბურთელებთან შედგა.

ვეტერანებთან შეხვედრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი უძღვებოდა (ვეტერანებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2013 წელს გარდაცვლილი სპორტსმენების გია ნათობიძისა და ილარიონ ხაზარაძის ხსოვნას).

ქართული კალათბურთის ისტორიაში ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ასეთი დაძაბული არასოდეს ყოფილა. ჯერჯერობით ოთხმა კანდიდატმა (ვლადიმერ ბოისა, მიხეილ ახვლედიანი, გიორგი მარკოიშვილი, კახა შენგელია) გამოთქვა პრეზიდენტობის სურვილი. გამორიცხული არაა, რომ ეს სია კიდევ უფრო გაიზარდოს.

მერაბ რატიშვილი: “საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება არაუგვიანეს 2013 წლის 14 დეკემბრისა. გამგეობა თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკალათბურთო სამყარომ უნდა მიიღოს.”

ბესიკ ლიპარტელიანი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩემს მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს “კალათბურთელთა კავშირის” მიერ, რომელსაც მინისტრის მეგობარი მიხეილ ახვლედიანი ხელმძღვანელობს. ჩვენ აქამდე ხმას არ ვიღებდით, რათა ნაკრებს ევროპის პირველობის ფინალურ ტურნირზე ხელი არ შეშლოდა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ნაკრებში წამყვანი კალათბურთელების (ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას) არყოფნის მიუხედავად, ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და დაამტკიცეს, რომ საქართველოში კალათბურთი იყო და კვლავაც იქნება.

არნახული ზეწოლა მოხდა სკფ-ის ჩაშლილ რიგგარეშე ყრილობაზე, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში ცვლილებები უნდა შეეტანა. მაქვს ინფორმაცია ყრილობის ხუთ დელეგატზე, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა. გასაგები მიზეზების გამო მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა პრობლემები შეექმნათ. აღნიშნული ყრილობის შესახებ წერილით მივმართეთ სეოკ-ის (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, რომლისგანაც პასუხს ველოდებით.

დამეთანხმებით, რომ 2001 წელს, როცა ფედერაციაში პრეზიდენტად მოვედი, დღევანდელზე ბევრად უარესი სიტუაცია იყო.

ჩემი წინადადებაა მიღებული იყოს თამაშის ის წესები, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება”.

ვახტანგ ნაცვლიშვილი (საკალათბურთო კლუბ “დინამოს” პრეზიდენტი): “კულისებს მიღმა რა ხდება ნამდვილად არ მაინტერესებს, რომელ თამაშის წესებზეა საუბარი. თამაშის წესები ყრილობამ უნდა დაადგინოს და არა ზოგადად კალათბურთის სამყარომ...”

ჯამლეთ ხუხაშვილი (საკალათბურთო კლუბ “მაკაბის” პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი): “მე ვიყავი ფედერაციის მიერ ჩაშლილად გამოცხადებულ რიგგარეშე ყრილობაზე დარჩენილ 18 დელეგატთა შორის. მათგან ზეწოლაზე არავის უსაუბრია. ახლა რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, მხარს ლიპარტელიანს დავუჭერდი. გაუმარჯოს მშვიდობას...”

ვაჟა ჟღენტი (ვეტერანი კალათბურთელი): “გავიგე, რომ რიგგარეშე ყრილობაზე დელეგატად მოჭიდავე ყოფილა მიწვეული. სამწუხაროდ, 18 კაცი წყვეტს ჩვენს საქმეს. დამსახურებულ ხალხს, რომლებსაც სისხლი გვაქავს ჩაქცეული ქართულ კალათბურთში, არაფერს გვეკითხებიან. ჩემი აზრით, ვეტერან კალათბურთელებს თითო ხმა აუცილებლად უნდა გვქონდეს. არავის მივცემთ უფლებას კალათბურთელები დაჩაგრონ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი საკალათბურთო სამყარომ უნდა აირჩიოს. გეკითხებით, რატომ არ მაქვს ხმა? არ დავიმსახურე? კაცმა, რომელმაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი კალათბურთს მივუძღვენი. არეულობა არ გვაკლია, გვაკლია სიწყნარე. შემომაქვს წინადადება - განისაზღვროს ყრილობის დელეგატთა კვოტირება...”

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მწვრთნელი): “უმჯობესია კალათბურთში არსებული პრობლემები ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ, ვერცერთი იურისტი ვერ მიკარნახებს, როგორ უნდა მოვიქცე კალათბურთზე საუბრისას...”

ლევან მოსეშვილი (მწვრთნელი): “აქამდე ამაყი ვიყავი, რომ კალათბურთის ფედერაციაში ყველაფერი დალაგებული იყო. სამწუხაროდ, სიტუაცია შეიცვალა და აქაც დაიწყო გარჩევები. ევრო-2013-ის ფინალურ ტურნირზე ნასიამოვნები დავრჩი ჩვენი ნაკრების კარგი თამაშით. რამდენიმე საკალათბურთო ორგანიზაცია შეიქმნა, მაგრამ ვახტანგ ნაცვლიშვილის გარდა არავის დავუპატიჟებივარ, რომელმაც თბილისის კალათბურთის ფედერაცია ჩამოაყალიბა. ჩვენ გვყავს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. უფლება არ გვაქვს ეს ტრადიციები არ შევინარჩუნოთ...”

გურამ აბაშიძე (ვეტერანი კალათბურთელი): “ვადასტურებ ლევან მოსეშვილის ნათქვამს. ჩვენმა ნაკრებმა სლოვენიაში ძალიან კარგად ითამაშა. მინდა მივმართო ფედერაციასა და გამგეობას. აქედან რომ გავალთ, შეიძლება ჩვენი ნათქვამი აღარავის ახსოვდეს. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი...”

ვალერი ლომაძე (ვეტერანი, კალათბურთელთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელი): “11 წელი ვითამაშე კალათბურთი. ამის შემდეგ სულ სპორტში ვარ. რიგგარეშე ყრილობის მოჭიდავე დელეგატი დავით აბულაძეა, რომელიც ქუთაისის სასპორტო სკოლის მიერ იყო წარმოდგენილი. სხვა დელეგატებიდან კალათბურთთან ასევე არაფერი ესაქმებათ კონსტანტინე ჭეიშვილს, კახა დევიძესა და ზოდიკო ფარქოსაძეს.”

ზემოთ ჩამოთვლილი ვეტერანების გარდა, სიტყვით გამოვიდნენ სერგო მაღალაშვილი, პაატა გურასპაული და ნოდარ ქორქია. ვეტერანებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად ზაზა ფაჩულიას ბავშვობის დროინდელმა მწვრთნელმა ზურა სამხარაძემ დატოვა.

სკფ-ის გამგეობის მორიგი შეხვედრა 11 ოქტომბერს, მოქმედ და ვეტერან მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან თბილისში შედგება.

 

0.12808