კვიპროსულ პაფოსში მყოფმა ქართველების “სკა-ენერგიამ” რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის თასის გათამაშების მეორე ტურში კვლავ ფრედ, ამჯერად პირველი ლიგის ლიდერ ტომსკის “ტომთან” 0:0 ითამაშა (პირველ მატჩში ციმბირელები ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკს” 2:2 დაუზავდნენ). გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ სამივე ქართველი სალუქვაძე (სრულად), ხოჯავა (შეცვალეს) და მარცვალაძე (შეცვალეს) ათამაშა. გრიგალაშვილმა, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით თავისიანებს ვერ ეხმარება. თამაში დაახლოებით თანაბარი ყოფილა. ერთხელ მარცვალაძეს, რომელიც მარცხენა ფრთაზე ირჯებოდა, ჰქონია კარგი მომენტი, მაგრამ გოლამდე საქმე არ მისულა. ტომსკელებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ გოლიშევის პენალტი ხაბაროვსკელთა მეკარე სოლოსინმა მოიგერია.
“სკა-ენერგიამ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სოლოსინი, ზურაევი (ნესტერენკო 62), კრენდელიოვი, სალუქვაძე, რომანოვიჩი (სოლოვეი 46), ტრუსევიჩი, მურინი (კარაევი 46), ეროხინი (ვორონკინი 46), ლუცენკო (კარმაზინენკო 77), მარცვალაძე (კუპჩინი 59), ხოჯავა (სლავნოვი 46). ტურნირის მესამე მატჩს დარასელიას შეგირდები 15 თებერვალს კალინინგრადის “ბალტიკას” წინააღმდეგ ჩაატარებენ.
რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის თასის მეორე გათამაშება კვიპროსულ პაფოსში მიმდინარეობს და მასში იქ შეკრებაზე მყოფი რუსეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის 8 გუნდი მონაწილეობს. ისინი ორ 4-გუნდიან ჯგუფად არიან დაყოფილნი. პირველადგილოსნები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. “ა” ჯგუფში “სკა-ენეგიასთან” ერთად ნიჟნეკამენსკის “ნეფტეხიმიკი”, კალინინგრადის “ბალტიკა” და ტომსკის “ტომი” თამაშობენ.