ფეხბურთი

21:01 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიყვარულის სახელით ჩადენილი ბოროტება

შეხვედრის 58-ე წუთი მიმდინარეობდა როდესაც ქუთაისის “ცენტრალურზე” შესასვლელი კარი გაიღო და “ტორპედოს” გულშემატკივრების დიდი ნაწილი მოედნისაკენ დაიძრა. სამწუხაროდ, ისე მოხდა რომ უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ვერ მოახერხა იმ სირცხვილის აცილება, რაც სტადიონზე მოხდა. ამ ფაქტს მოედანზე თამაშის შეჩერება მოჰყვა, ქომაგები კი წინ მიიწევდნენ გინებით მოწინააღმდეგე მხარისაკენ, სადაც ტრიბუნებზე “დინამოს” ფანები იმყოფებოდნენ. ერთი მომენტი, სტადიონზე შემოჭრილები თითქოს უკან გაბრუნდნენ, მაგრამ კარებიდან ქომაგთა ახალი ტალღა გამოჩნდა და სათამაშო მოედანი ისევ გულშემატკივრებით გაივსო. მათი დიდი ნაწილი ისევ იმ ტრიბუნასთან მივიდნენ. ქუთაისელთა გინებას, თბილისელმა ფანებმა პლასტმასის სკამებით უპასუხეს. სიტუაცია ერთი შეხედვით უმართავი ჩანდა. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზოგიერთმა ფანმა თბილისელ ფეხბურთელებზე საცემრად გაიწია. დაზიანებები მიიღეს დაცვის თანამშრომლებმაც. ამასობაში წესრიგის დამცველებს დამატებითი ძალებიც დაემატნენ და სიტუაციაც მეტ-ნაკლებად კონტროლს დაექვემდებარა. წესრიგის დამცველებმა ასევე სწრაფად გაიყვანეს “დინამოს” ქომაგები გარეთ და ცხელ სიტუაციას გაარიდეს. ნელ-ნელა სათამაშო მოედანიც გაიწმინდა, თუმცა როგორც გაირკვა, გარეთ გასულმა ფანებმა რამდენიმე მანქანა, მათ შორის ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელის მანქანაც დააზიანეს.

ძნელია რეალურად იმ მიზეზებზე საუბარი, რამაც ეს ფაქტი გამოიწვია, თუმცა თუ ამას ბოლმდე ჩავყვებით, უბრალოდ არავის ეყოფა მეხსიერება თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი. კონკრეტული შემთხვევის მიზეზად კი პირველ წრეში მომხდარ ფაქტს ასახელებენ “ტორპედოს” ქომაგები, რომლებიც თვლიან, რომ დედაქალაქში მათ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები უსამართლოდ მოექცნენ. როგორც ისინი აცხადებენ, თბილისში “ტორპედოს” ქომაგები დაუნდობლად სცემეს. თამაშის დაწყებიდან ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილნი როგორც “დინამოს” ასევე მათი ფანების მიმართაც. რა თქმა უნდა, მათ მიერ არჩეული გზა არასწორი გახლდათ და ამახინჯებდა კიდეც ისეთ თამაშს, სადაც მატჩის მსვლელობის მიუხედავად, მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის მიმართ იოტისოდენა აგრესიაც კი არ გამოუვლენიათ. ხოლო ის რაც შემდეგ მოხდა, მათი მხრიდან ეს უბრალოდ გაუაზრებელი მტრობა გახლავთ ქუთაისური ფეხბურთის მიმართ.

ქართული ელ-კლასიკო ქუთაისის “ცენტრალურზე” მშვენიერი სათამაშო ამინდის პირობებში დაიწყო. მართალია, რიონისპირა ქალაქში ქარი ქროდა, მაგრამ წინა დღეებთან შედარებით ეს ქარი მართლაც სიოდ მოგეჩვენებოდათ. თანაც, უნდა ვთქვათ, რომ ქარს კორექტივები მატჩის მსვლელობაში ნამდვილად არ შეჰქონდა. კარგა ხანია ქუთაისის “ცენტრალურზე” ამ რაოდენობის მაყურებელი არ მოსულა, თუმცა ზემოთქმულიდან გამომდინარე  ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ იყო, როდესაც ეს ფაქტი სასიამოვნოდ აღსანიშნავი გახლავთ.   

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ამ ეტაპისათვის განსხვავებული მიზნებისათვის იბრძვიან. ქუთათურები მატჩამდე ზედა ექვსეულში მოსახვედრ შანსს ინარჩუნებდნენ, თბილისელები კი ტრადიციულად ჩემპიონობისთვის იბრძვიან. მათ განაღდებული აქვთ ზედა ექვსეულში მოხვედრა და ბუნებრივია, ცდილობენ ქულათა საკმარისი მარაგის შექმნას, რათა უახლოესი მდევრები ახლოს არ გაიკარონ. მატჩს ორივე გუნდი კარგ ხასიათზე შეხვდა. ტორპედოელებმა გასულ ტურში საჭირო გამარჯვება მოიპოვეს სტუმრად ბოლნისის “სიონთან”, ხოლო დედაქალაქელებმა ასევე გასვლაზე, თუმც ნეიტრალურ მოედანზე, ზესტაფონში უშუალო კონკურენტს საჩხერის “ჩიხურას” სძლიეს 5:1.

შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო და მცირე ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა გოლი დებიუტშივე ქუთაისელთა კარში გავიდა. ამ სიტუაციაში დიდებულად ითამაშა “დინამოს” ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ, რმელმაც შეტევა მოედნის ცენტრიდან წამოიწყო და მარცხენა ფლანგზე გაილაღა. პირინეელმა ბურთი გაითამაშა მარცვალაძესთან, რომელმაც ეფექტურად, ქუსლით ჩინებული პასი დაუბრუნა თანაგუნდელს. ესპანელმა ბურთიანად წინ წაიწია და საჯარიმოში შეჭრილ პაპუნაშვილს ზუსტად უპასა. თბილისელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში უპრობლემოდ გახსნა. მასპინძელთა კიპერს მოცემულ სიტუაციაში არაფრის შეცვლა არ შეეძლო – 0:1.

მოპოვებული უპირატესობა ბუნებრივია თბილისელთათვის დიდი ფორა იყო. მათ გაცილებით გაუადვილდათ თამაში, განსაკუთრებით კონტრშეტევებზე. მე-18 წუთზე სტუმრებმა სწრაფად წამოიწყეს იერიში მოედნის შუაგულიდან. ბურთს ძარია ფლობდა, რომელიც მიუახლოვდა მოწინააღმდეგის საჯარიმოს და გადაცემა გააკეთა ჩისკოს მიმართულებით. ესპანელის და ბურთის მიმართულება ერთმანეთს არ დაემთხვა და ბურთი მერებაშვილმა მიიღო, რომელმაც სწრაფი დრიბლინგის ხარჯზე მოახერხა რამდენიმე მეურვის ჩამოშორება და ძლიერი დარტყმით კვასხვაძეს, მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 0:2. რამდენიმე წუთში მერებაშვილის მიერ მოწოდებულ კუთხურზე გველესიანმა დაჰკრა მძლავრად თავური და ტორპედოელები ხარიხამ გადაარჩინა. ცოტა ხანში კვასხვაძემ ჩისკოს ძლიერად დარტყმული უკუაგდო.

ქუთაისელთა პირველი სახიფათო შეტევა 27-ე წუთზე შედგა, როდესაც ტუღუშმა მოწინააღმდეგე იოლად ჩამოიშორა და ძლიერად დაარტყა თბილისელთა კარისაკენ. ამ შემთხვევაში ლორიამ იყოჩაღა, ნახტომში შეძლო ბურთის დამორჩილება. ამის შემდეგაც ტაიმის ბოლომდე ქუთათურებს რაიმე ღირებული მეტოქის კართან არ შეუქმნიათ. რიონისპირელებს განსაკუთრებით უჭირდათ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის საჯარიმოს უახლოვდებოდნენ, სადაც თბილისელებს კარგად ჰქონდათ გადაკეტილი ზონები. თავის მხრივ, დინამოელებს ჰქონდათ რამდენიმე კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მათ მცდელობებს როინ კვასხვაძე ეღობებოდა. ქუთაისელთა მეკარემ ძარიას, პაპუნაშვილის და მერებაშვილის დარტყმები მოიგერია. შესვენებაზე კი დინამოელები სასურველი ფორით გავიდნენ.

შესვენებაზე ქუთაისელთა გამოცდილმა დამრიგებელმა რევაზ ძოძუაშვილმა ორმაგ ცვლილებას მიმართა. მოედანზე ელიავას და ჩადუნელის ნაცვლად, გოგიჩაიშვილი და მარკოზაშვილი შეუშვა. სწორედ გოგიჩაიშვილის ძლიერი და მოჭრილი დარტყმით განახლდა თამაში. ქუთაისელი ნახევარმცველის მცდელობა თბილისელთა კარის ძელს მცირედით აცდა. 58-ე წუთზე კი დაიწყო ის ამბები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მატჩი ჩაიშალა და ამის შესახებ ალბათ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანენ. სამწუხაროდ, ქუთაისის “ტორპედოს” და ქუთაისურ ფეხბურთს ეს დღე ყველაზე ცუდ მოსაგონებლად დარჩება, ზიანი კი იმ ადამიანებმა მიაყენეს, რომლებიც თავს დებენ გუნდის გულშემატკივრობაზე.      

რომან ფიფია (“დინამოს” პრეზიდენტი): “რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ უმსგავსობაზე. ამით შეურაცყოფა მიაყენეს ქართულ და ქუთაისურ ფეხბურთს. ასეთ სიტუაციაში თამაში წარმოუდგენელია. მომავალში სერიოზულად დავფიქრდებით უნდა ვითამაშოთ თუ არა ამ სტადიონზე. ალბათ კარგა ხნით უმჯობესი იქნება ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდეს “ტორპედო” - “დინამო”-ს თამაშები”.

გიორგი დემეტრაძე (“ტორპედოს” სპორტული დირექტორი):  “სამწუხაროდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომელიც ვერ აღკვეთეს იმ ადამიანებმა, რომელთაც ევალებოდათ სტადიონზე წესრიგის დაცვა”.

რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი):  “დღეს ორი ტიტულოვანი გუნდი თამაშობდა. ყველამ ნახეთ ფეხბურთელები ყველანირი წესების დაცვით თამაშობდნენ. არანაირი აგრესია არ იყო. წმინდა სპორტული, ტექნიკური და სპორტული თვალსაზრისით სანიმუშო მატჩი იყო. ვაგებდით, მაგრამ სპორტულ პრინციპებს არ ვღალატობდით. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ საქართველოში ფეხბურთი აღარ იყოს. ყველას ვალია ასეთი ადამიანები ფეხბურთში არ იყვნენ”.

სერგო კვარაცხელია (მატჩის დამკვირვებელი): “ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. შეხვედრის არბიტრმა 58-ე წუთზე მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა თამაში. მას ამის უფლებამოსილება გააჩნდა. უახლოეს დღეებში შეიკრიბება კომიტეტი და გადაწყვეტილებას გამოიტანენ”.

 

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:2)

9 მარტი. 15:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 4500 მაყურებელი

ტორპედო:  როინ კვასხვაძე, ბერუაშვილი, ადამაძე, სავჩენკოსი, თოდუა, ჩადუნელი (მარკოზაშვილი, 46), ტუღუში, ჩიკვილაძე, მამუკა ღონღაძე, კვერნაძე, ელიავა (გოგიჩაიშვილი, 46).

მთავარი მწვრთნელი:  რევაზ ძოძუაშვილი

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, პაპავა, კვირკველია, მარცვალაძე, ჩისკო, გველესიანი, ძარია.

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (9), 0:2 მერებაშვილი (18).   

გაფრთხილება: ტუღუში (30). 

მსაჯი: ალექსი კრიჭაშვილი (თბილისი)

0.283707