ძიუდო

22:46 | 18.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

სიურპრიზები “არენას” არენიდან

სპორტკომპლექს “არენაში”, ძიუდოში საქართველოს ორდღიანი ჩემპიონატის პირველი დღე შიდა ქართლის სკოლის კარნახით ჩამთავრდა. მედლები პირველ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ჩემპიონის ტიტული სამივეში, სწორედ შიდაქართლელმა სპორტსმენმა მოიპოვა.

ნაკრების მწვრთნელებისა და ძიუდოს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მოთხოვნით, საქართველოს პირველობაში მონაწილეობა, ეროვნული გუნდის ყველა წევრისა და კანდიდატისთვის სავალდებულო გახდა. პირველ დღეს, შიდა კონკურენციას გამოცდილ სპორტსმენთაგან ბეთქილ შუკვანი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) დააკლდნენ, რომლებმაც ტრავმები ახლახან მოიშუშეს.
“არენას” ცენტრალური ტრიბუნა დილიდანვე თითქმის შეივსო და მშვენიერი სანახაობაც გაჩაღდა. ბევრი დაძაბული ბრძოლა შედგა და რაც ყველაზე მეტად სასიამოვნო იყო, გამოჩნდნენ ახალი სახეები, რომლებმაც თავისზე უფროსებთან ტოლსწორად იჭიდავეს.
სიურპრიზებზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი უნდა ვახსენოთ. ევროპის წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტმა, “არენას” არენაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივეში დამაჯერებლად იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა. 19 წლის ძიუდოისტს, თითქმის ყველა ფავორიტთან მოუხდა დაჭიდება და ერთმანეთის მიყოლებით მოუგო.
ოქროს გზას მარგველაშვილი სამეგრელო ზემო სვანეთის გუნდის წევრ ბექა შავდათუაშვილის ძლევით შეუყვა. შემდეგ თბილისელ ანზორ ნასარიძეს, კახელ გიორგი მესაბლიშვილსა და თანარეგიონელ, შიდაქართლელ პაატა მერებაშვილს აჯობა. ფინალში კი, ნაკრების გამოცდილ ძიუდოისტს, აჭარელ ამირან პაპინაშვილს 2-იუკოიანი ჩამორჩენა ვაზარით შეუტრიალა.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა) და პაატა მერებაშვილი ავიდნენ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა, მარგველაშვილთან დაპირისპირება და რეპეშაჟის ფინალი ტრავმირებულმა ჩაატარა.
66 კილოგრამში მოვლენები უცნაურად განვითარდა. ნაკრების გამოცდილი წევრი შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი), ტატამზე ერთადერთხელ გავიდა - პირველსავე წრეში, იმერეთის გუნდის წარმომადგენელ გიორგი კაცაძესთან იპონით დამარცხდა. საწყის ეტაპზევე წააგო შიდა კონკურენციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო იაკობაშვილმაც. 
ფინალში ერთმანეთს საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი, იმერელი მინდია ლილუაშვილი და შიდაქართლელი ტრისტან ფეიქრიშვილი დაუპირისპირდნენ. ოქროს მედალი ფეიქრიშვილმა ულამაზესი იპონით მოიპოვა. ბრინჯაოს პრიზიორები, მისივე გუნდელი ვანო თოთლაძე და მცხეთელი თორნიკე თათარაშვილი გახდნენ.
73 კილოგრამში კი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, პირველ ნომრად განთესილი ნუგზარ ტატალაშვილი ავიდა, რომელმაც ფინალში იმერეთის გუნდის წევრ არსენა მაჭარაშვილს წმინდად მოუგო. იქამდე კი, ბესო ხამათაშვილს (აჭარა), ზვიად კაპანაძეს (სამცხე ჯავახეთი), მიხეილ ჩოხელსა (კახეთი) და ფრიდონ გიგანს (ქვემო ქართლი) აჯობა. ყველაზე მეტად, ჩოხელთან გაუჭირდა – მეტოქის ორი შიდოს ხარჯზე მიღებული იუკოთი მოიგო. 
ოქროს მედლის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად მიჩნეული ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი) კი, მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა, შიდაქართლელ გიორგი პაპუნაშვილთან ერთად.
უმედლოდ დარჩენილთაგან კი, პირველ ყოვლისა, ლევან ნახუცრიშვილის ჭიდაობა უნდა გამოვარჩიოთ. ტიტულოვანმა სამბისტმა, მართალია, საქართველოს პირველობაზე მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა, მაგრამ იმ ორ შეხვედრაში ძალიან შთამბეჭდავად იჭიდავა. 
ხვალ, მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება.
 
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
18 დეკემბერი
 
60 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი)
2 ამირან პაპინაშვილი (აჭარა)
3 გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა)
3 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)
 
66 კგ
1 ტრისტან ფეიქრიშვილი (შიდა ქართლი)
2 მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)
3 ვანო თოთლაძე (შიდა ქართლი)
3 თორნიკე თათარაშვილი (მცხეთა)
 
73 კგ
1 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
2 არსენ მაჭარაშვილი (იმერეთი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი)
3 გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)
 
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096869