ფეხბურთი

12:57 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძემ “ინტერი” თასის 1/2-ფინალში გაიყვანა

ტურკუს “ინტერი”, რომელშიც ირაკლი სირბილაძე გამოდის, ფინეთის საფეხბურთო თასის 1/2-ფინალში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა ფორვარდმა შეიტანა.

“ინტერმა” თავის მოედანზე “კუოპიონ პალოსეურა” 2:1 დაამარცხა, ხოლო სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა და 50-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.

ლიტვის თასის ფინალში ვერ გააღწია “თრაკაიმ”, რომლის ღირსებასაც ბესიკ ამაშუკელი იცავს. “თრაკაი” შინ “ვილნიუსის” ჟალგირისთან 0:1 დამარცხდა, ხოლო სტუმრად 0:0 ითამაშა. ამაშუკელმა საპასუხო შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ფინალს მიღმა დარჩა კლაიპედას “გრანიტასი” სადაც გიორგი ალავერდაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი თამაშობენ. პირველ შეხვედრაში “გრანიტასმა” გარგჟდაიში ადგილობრივ “ბანგასთან” 0:2 წააგო, ხოლო საკუთარ მოედანზე დაპირისპირება 1:1 დაასრულა. ალავერდაშვილმა საშინაო მატჩი სრულად ჩაატარა და 55-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ჩარგეიშვილი პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

რუსეთის პირველი დივიზიონის 35-ე ტურში, კალინინგრადის “ბალტიკამ” სტუმრად კრასნოიარსკის “ენისეის” 2:0 აჯობა. მეკარე გიორგი შელია კალინინგრადელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო. “ბალტიკას” 47 ქულით 19 გუნდში მე-9 ადგილი უკავია.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” გასვლაზე იაროსლავლის “შინიკთან” 0:3 წააგო. მერაბ ურიდია ნიჟნეკამსკელთა რიგებში მოედანზე 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “ნეფტეხიმიკი” 33 ქულით მე-18 პოზიციაზეა.

0.107993