ფინეთის საფეხბურთო ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-14 ტურში, ტურკუს “ინტერმა”, სადაც ირაკლი სირბილაძე გამოდის, სტუმრად “იაროს” დაუზავდა – 0:0. ქართველი თავდამსხმელი “ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე მიკროტრავმის გამო შეცვალეს. უკვე მოედანს გარეთ მყოფმა სირბილაძემ მსაჯების კრიტიკისთვის წითელი ბარათი მიიღო და ორ მატჩს გამოტოვებს. “ინტერს” 17 ქულა აქვს და 12-გუნდიან ვეიკაუსლიგაში მე-9 ადგილზეა.
იუკონენლიგის (პირველი ლიგა) “კოოტეეპეემ” საკუთარ მოედანზე პკ-35-ს ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში გიორგი ოსიტაშვილი შეუცვლელად გაისარჯა. “კოოტეეპეეს” 16 ქულა აქვს და 10 გუნდში მესამეა.
“კაიანი” შინ “ილვესთან” 1:2 დამარცხდა. “კაიანის” რიგებში ერთადერთი გოლი კახა სამსონიამ გაიტანა, რომელმაც 74-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. სამსონიას გუნდი 8 ქულით მერვეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-16 ტურში, “პაიდემ” საკუთარ მოედანზე “კურესაარეს” 3:0 აჯობა. გამარჯვებულთა შორის თენგიზ ეთერიამ შეუცვლელად ითამაშა. “პაიდეს” 21 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლიტვის A ლიგის მე-18 ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” სტუმრად კლაიპედას “ატლანტასთან” 0:3 წააგო. “ბანგას” სასტარტოში იყო თამაზ ჩარგეიშვილი, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს. ვაჟა ბედოიძე თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო, ხოლო ირაკლი ღერკენაშვილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. “ბანგას” 14 ქულა აქვს და 9-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.
ბელარუსის პრემიერლიგის მე-13 ტურში, ბრესტის “დინამომ” გასვლაზე სოლიგორსკის “შახტიორთან” 0:5 წააგო. ბრესტელთა რიგებში პირველი წუთიდან მოედანზე იყვნენ უჩა გოგოლაძე და დათა სიჭინავა. პირველი მათგანი 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 62-ზე. ოთარ ჩაფიძე “დინამოს” 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. ბრესტელებს 14 ქულა აქვთ და 12 გუნდში მერვე პოზიციაზე არიან.