ბოლნისის "სიონმა" "თამაზ სტეფანიაზე" ტესტ-მატჩი გამართა სტუ-სთან და 2:0 იმარჯვა. გოლები ასე გავიდა: 22-ე წუთზე პარუნაშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა და სვანიძემ თავით გაიტანა, ხოლო 83-ეზე ლობჯანიძემ ახლო მანძილიდან დარტყმით დაასრულა მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევა.
საინტერესოა, რომ "სიონში" ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ვალერი აბრამიძე და დავით იმედაშვილი. აბრამიძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა კიდეც.
ვალერის კარგა ხანია აღარ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში: ის გახლდათ თბილისის "დინამოში", "თბილისში", "ლოკომოტივში", ქუთაისის "ტორპედოში", მოსკოვის "სპარტაკში", "ურალანში", "ხიმკიში", "ნეფთჩიში", "ხაზარში", "ანჟიში", ბარნაულის "დინამოში" და ბოლოს ბაქოს "ნეფთჩიში". მოკლედ, ცენტრალური მცველი საკმაოხნიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ქართულ გუნდში. აბრამიძე 33 წლისაა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩიც ჩაუტარებია.
და რაც შეეხება იმედაშვილს, მას სტუ-სთან არ უთამაშია, თუმცა ვარჯიშობს და არაა გამორიცხული, გუნდში ჩაირიცხოს. 28 წლის იმედაშვილი ბოლოს ლენქორანის "ხაზარში" გახლდათ - 2010 წელს. მას შემდეგ კი, არცერთ კლუბში აღარ ირიცხებოდა. თავის დროზე დავითს უთამაშია "ვიტ ჯორჯიაში", საიდანაც კიევის "დინამოში" მოხვდა, თუმცა იქ კარიერა ვერ აეწყო და უნგრეთის "ნიერედჰაზაში" გაანათხოვრეს. 2009-2010 წლების სეზონი იმედაშვილმა რუსთავის "ოლიმპში" გაატარა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
იმედაშვილი თამაშობდა როგორც მარცხენა მცველად, ასევე საყრდენად და მარცხენა ნახევარმცველადაც.
და აქვე შემადგენლობაზე, რომელიც "სიონის" მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ სტუ-სთან ათამაშა: მერლანი, ტვილდიანი, სვანიძე, თოთაძე, ფოფხაძე, გოგობერიშვილი, განუგრავა, პარუნაშვილი, ბიბილეიშვილი, მიკუჩაძე, ობინა.
შეცვლაზე შევიდნენ: ლობჯანიძე, ახალაია, იოსელიანი, ცხადაია, ჩივაძე, აბრამიძე, ქემოკლიძე.