ფეხბურთი

21:18 | 13.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” შანსი შეინარჩუნა

დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩს ქუთაისში, ადგილობრივ “ტორპედოსა” და ბოლნისის “სიონს” შორის, უხვნალექიანი ამინდები უძღოდა წინ, თუმცა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე წვიმა შეწყდა და გუნდებსაც მშვენიერი პირობები შეექმნათ, მათთვის პრინციპულ პაექრობაში თავის წარმოსაჩენად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში სხვადასხვა ექვსეულებში მოხვდნენ, მატჩამდე ცალსახად აშკარა ფავორიტის დასახელებისგან ქომაგები თავს იკავებდნენ. რა თქმა უნდა, ფეხბურთის მოყვარულები უპირატესობას უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ “ტორპედოს” ანიჭებდნენ, მაგრამ ბოლო დროს, საკმაოდ მომძლავრებული ბოლნისის “სიონის” შანსებსაც აღიარებდნენ. ამას დავუმატოთ სათასო მატჩების სპეციფიკაც. საბოლოოდ, ქუთაისელ ქომაგთა აზრით, ორივე ტაიმს საინტერესო და დაძაბულ პაექრობაში უნდა ჩაევლო.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო. გუნდებმა საშუალოზე მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში. პირველი დარტყმა მეტოქის კარისკენ და ამის შედეგად კუთხურის ჩაწოდება სტუმრებმა შეძლეს. ბოლნისელთა ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარს ქუთათრებმაც შეუტიეს და შედეგიანადაც. ტორპედოელებმა სამწუთიან მონაკვეთში ორჯერ ხეირიანად შეუტიეს და თითქმის ერთნაირი გოლები გაუტანეს მეტოქეს. მე-8 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა ითამაშა მშვენივრად და გონივრული გადაცემით საჯარიმოში მყოფ დოლიძეს უპასა. ამ უკანასკნელმა მდგომარეობა ჩინებულად შეაფასა და უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ფანცულაიას ისეთი პასი გაუკეთა, რომ ახალგაზრდა ფორვარდს გოლის გატანა არ გაჭირვებია - 1:0.
ორიოდ წუთში თითქმის იგივე კომბინაცია გათამაშდა, ორონდ ამჯერად დოლიძემ მარჯვნიდან საბანაძეს უპასა და ნიკამაც ბობღიაშვილისთვის აუღებლად დაარტყა - 2:0.
მალევე “ტორპედომ” ანგარიშში სხვაობა კიდევ გაზარდა. მე-18 წუთზე მანამდე ასისტენტობით გამორჩეულმა დოლიძემ, გიგაურის კარგი გადაცემის შემდეგ, მოჭრილი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა – 3:0.
მესამე გოლის გაშვებამდე, მცირე შანსი ქვემოქართლელებსაც მიეცათ, როდესაც ჭელიძის შეცდომით ლექვთაძეს უნდა ესარგებლა, მაგრამ ირაკლის ძლიერად გასროლილი მცირე მანძილით აცდა მიგინეიშვილის დასაცავ ობიექტს.
დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში თამაში თითქოს გათანაბრდა. ამ ხნის განმავლობაში მოწინააღმდეგეებს სერიოზულად თითქმის არ შეუტევიათ. 30-ე წუთზე გატანა ისევ მასპინძლებს შეეძლოთ. სტანდარტული სიტუაცია გრიგალაშვილმა ჩააწოდა ბოლნისელთა საჯარიმოში. იმერთა ნახევარმცველის ჩაწოდებულზე ყველაზე მაღლა საბანაძე ახტა, რომლის თავური ბობღიაშვილმა ჩინებულ ნახტომში მუშტებით მოიგერია. პირველი ტაიმის ბოლო ნაწილში დასავლელებს ისევ შეეძლოთ გატანა. 41-ე წუთზე მერაბ გიგაურის დარტყმა ძელმა მოიგერია. მატჩის საწყისმა 45-მა წუთმა მასპინძელთა სოლიდური უპირატესობით ჩაიარა და ტაბლოზეც შესაბამისი ანგარიში დაფიქსირდა.
მეორე ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო. ბოლნისელები ცდილობდნენ გოლის გატანას, რათა განმეორებითი მატჩისთვის იმედი შეენარჩუნებინათ, მაგრამ სტუმრებს ქუთაისელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. თავის მხრივ გარჯა არ უნდა დავუკარგოთ ტორპედოელთა უკანა ხაზის წარმომადგენლებსაც, რომლებიც საკუთარ საჯარიმოს და კარს აკურატულად იცავდნენ. თუმცა, 59-ე წუთზე ქუთათურებმა საკუთარ კარში გოლი მაინც მიიღეს. მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი მიკუჩაძემ მოიხელთა, რომელმაც დარტყმა არ დააყოვნა. ბურთი ერთ-ერთ ქუთაისელს ფეხზე შეეხო, გარკვეული ტრაექტორია მოხაზა და ტორპედოელთა კარში ჩაეშვა. ომარ მიგინეიშვილის ნახტომი ამაო გამოდგა. “სიონმა” ანგარიშში სხვაობა ორამდე შეამცირა – 3:1.
გოლის გაშვების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ. მათ რიგებში პირველი ტაიმის მსგავსად დოლიძე, გრიგალაშვილი და საბანაძე აქტიურობდნენ.
70-ე წუთზე სწრაფი კომბინაცია გათამაშდა ქუთაისელთა მხრიდან, როდესაც გრიგალაშვილმა მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი. ელგუჯა “სიონის” საჯარიმოში შეიჭრა და ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ საბანაძეს გადააწოდა. “ტორპედოს” ფორვარდის მცდელობა არაზუსტი გამოდგა.
77-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოს ჩაწოდების უფლება მიიღეს, რომელიც სახიფათოდ შეასრულა გრიგალაშვილმა. იმერთა ნახევარმცველმა შენიშნა ბობღიაშვილის მცირედი არასწორი პოზიცია და ბურთი პირდაპირ კარისკენ გაგზავნა. ბოლნისელთა კიპერმა თავგანწირულ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე გადაგდება.
ცოტა ხანში ტუღუშმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ სტუმართა მცველები დარტყმულს გადაეფარნენ და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს.
მატჩის ეპილოგში ორივე გუნდი აქტიურობდა. ბოლნისელებმა ორჯერ საშუალო მანძილიდან სცადეს ბედი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მათ მცდელობას სიზუსტე დააკლდა. 84-ე წუთზე გურულმა ითამაშა ჩინებულად შეტევის მარცხენა ფლანგზე, გაცდა მეურვეს და “სიონის” საჯარიმოში ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ გრიგალაშვილს კარგად ჩაუწოდა. რიონისპირელს თავით მართებდა თავის გამოჩენა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და ბობღიაშვილსაც არ გაჭირვებია ამ ბურთის აღება. 88-ე წუთზე კი ახალაიას შეეძლო ახლო მანძილიდან თავურით გატანა, მაგრამ ლადოს დარტყმულს მიგინეიშვილი ადგილზე დაუხვდა.
დარჩენილ დროში დაძაბულობა იგრძნობოდა, თუმცა საინტერესო აღარაფერი მომხდარა.


“ტორპედო” – “სიონი” 3:1 (3:0)
13 მარტი. 18:00. ქუთაისი. “დავით ყიფიანის სახელობის თასი”. 1/4 ფინალი. “ცენტრალური”. 1500 მაყურებელი

“ტორპედო”: მიგინეიშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, ტაბატაძე, გიგაური, გიორგი გურული, გიორგი დათუნაიშვილი, საბანაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი (ფირცხალავა, 85), დოლიძე (ტუღუში, 69), ფანცულაია, (ბერიაშვილი, 61).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“სიონი”: ბობღიაშვილი, ორბელაძე, ელიავა, სვანიძე, ჰაჟუჩეკი, ლექვთაძე,  ცხადაია (ისიანი, 46)), უგრეხელიძე, მანწკავა (ნემსაძე, 68), მიკუჩაძე (ჩივაძე, 78), ახალაია.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლები: 1:0 ფანცულაია (8), 2:0 საბანაძე (10), 3:0 დოლიძე (18), 3:1 მიკუჩაძე (59),  
გაფრთხილება: დოლიძე (48), ლექვთაძე (80), ტუღუში (90), გიგაური (90+2).   
არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)


ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან

მალხაზ ახვლედიანის ფოტო

0.31245