ფეხბურთი

21:22 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონის” წარმატებული სერია რუსთავში შეწყდა

 

“სიონის” 7-მატჩიანი გამარჯვებათა სერია რუსთავის “ფოლადზე” შეწყდა. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა გამოცდილ მეტოქეზე გაცილებით გააზრებული ფეხბურთი აჩვენეს, მეტი საგოლე მომენტები შექმნეს და ორი ლამაზი ბურთი გაიტანეს.

ახალგაზრდა რუსთაველებმა სტუმრებს ორი ტაიმის განმავლობაში სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდეს და ბურთსაც კარგად აკონტროლებდნენ, ხოლო ამ ფონზე, ბოლნისელებმა ვერც “სტანდარტულებიდან” იხეირეს და ზედა ექვსეულში ქულები პირველად დაკარგეს.

სხვათა შორის, მატჩში პირველი საგოლე მომენტი “სიონმა” შექმნა, როდესაც თორნიკე აფციაურმა საუცხოო პასით მეტოქის საჯარიმოში მცველის ზურგსუკან “გახსნილი” გიორგი კახელიშვილი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და “მეტალურგი” გოლის გაშვებისგან კოტე სეფიაშვილმა იხსნა.

 ამ ეპიზოდიდან მოკლე ხანში, რუსთაველთა კონტრშეტევის დროს, გიორგი ჩირგაძე ცრუ მოძრაობით დაჩი ფოფხაძეს გაცდა და მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. მე-19 წუთზე, გიორგი მიქაბერიძემ “სიონის” საჯარიმოში დროულად შენიშნა კახა კაკაშვილი, რომელმაც კარგი პოზიციიდან “ცაციათი” უზუსტოდ დაარტყა. მალევე დენის დობროვოლსკიმ შორი მანძილიდან “გაისროლა” და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

27-ე წუთზე, მარცხნიდან დავით საჯაიამ ბურთი “სიონის” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ჩირგაძემ მოიგო, ხოლო გიორგი ქავთარაძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან კარიდან გამოსულ მერლანს ვერ აჯობა.

ცოტა ხანში, ჩირგაძემ მარცხენა ფლანგზე გვერდი ორ ბოლნისელს აუარა და სტუმართა საჯარიმოს ხაზთან მარტო მყოფ მიქაბერიძეს უპასა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით გაისწორა, ხოლო მეორეთი ხელსაყრელი პოზიციიდან უზუსტოდ დაარტყა. 41-ე წუთზე, ჩირგაძის დროული გადაცემის მერე, ხაბელაშვილმა “სიონის” საჯარიმოში ვალერი აბრამიძეს დაასწრო და კარში სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს, “მეტალურგის” კონტრშეტევის დროს, ხაბელაშვილმა პასი არ დაუგვიანა ბოლნისელთა საჯარიმოში გახსნილ ჩირგაძეს, რომელმაც ახლოდან დაარტყა და მერლანმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

პირველი ტაიმის მსგავსად, “სიონმა” მეორეც აქტიურად დაიწყო და 53-ე წუთზე განუგრავას მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმულმა ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა. ორ წუთში, გოგობერიშვილმა ძალიან მახვილგონივრული პასით “მეტალურგის” კართან ეულად დატოვა ჯაბა უგულავა, რომელმაც ძალიან უხეიროდ დაარტყა და რეალური საგოლე მომენტი გაანიავა.  

58-ე წუთზე, ჩირგაძე სამ მეტოქეს შორის გაერკვა და სტუმართა საჯარიმოს ხაზიდან მცირედ არაზუსტად დაარტყა. 61-ე წუთზე, რუსთაველთა მორიგი კონტრშეტევისას, ივანე ხაბელაშვილმა ბურთი კაკაშვილს გადააწოდა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. 79-ე წუთზე, ირაკლი გიგინეიშვილის წაქცევისთვის “სიონის” საჯარიმოს ახლოს დანიშნილი “სტანდარტული” ვარლამ კილასონიამ ოსტატურად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა – 1:0.

87-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან განუგრავას სახიფათი საჯარიმო დარტყმის შემდეგ, სეფიაშვილმა ბურთი ხელებში გაჭირვებით შეიმაგრა. ერთ წუთში, ჩირგაძემ დროულად შეაყოლა ბოლნისელთა საჯარიმო ბურთი ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა – 2:0.

89-ე წუთზე, კიტეიშვილის ძალიან კარგი პასის მერე, ირაკლი გოგინაშვილმა ბურთი “სიონის” კარის წინ მყოფ გიორგი კილასონიას დაუტოვა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, თუმცა, ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის რეალური შესაძლებლობით ვერ ისარგებლა. შეხვედრის ბოლო წუთზე, “მეტალურგის” საჯარიმოს გარედან უგულავას მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (0:0)

7 მაისი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: სეფიაშვილი, დავით საჯაია, დობროვოლსკი (კ), სეთურიძე, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, ჩირგაძე, ხაბელაშვილი (ირაკლი გოგინაშვილი, 68), ცნობილაძე, ქავთარაძე, კაკაშვილი (კიტეიშვილი, 75), მიქაბერიძე (გიორგი კილასონია, 75).

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

სიონი: მერლანი, აბრამიძე, თოთაძე, ფოფხაძე, სამხარაძე (უგულავა, 46), გოგობერიშვილი (კ) (ზაზა მამასახლისი, 84), აფციაური (განუგრავა, 46), ლობჟანიძე, ადამია, კახელიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (79), 2:0 კიტეიშვილი (88)

გაფრთხილება: ხაბელაშვილი (65), თოთაძე (79), კახელიშვილი (79).

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია).

 

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:5

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0


 

1     

დინამო (თბ)     

30     

19     

5     

6     

62:23     

62     

2

ზესტაფონი

30

18

4

8

45:21

58

3

სიონი

30

16

6

8

41:30

54

4

ჩიხურა

30

13

7

10

52:44

46

5

მეტალურგი

30

12

6

12

34:37

42

6

გურია                                              

30            

11           

0           

19         

28:50           

33     

 

მომდევნო ტური

11 მაისი

მეტალურგი – გურია

სიონი – დინამო

ჩიხურა – ზესტაფონი

 

მეგოლეები:

16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

 

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა; 

 

 

0.123031