ბოლნისის “სიონი” თურქეთში 1 თებერვალს გაემგზავრება და 12-დღიან შეკრებას გაივლის. ცნობილია, რომ “სიონი” 3 თებერვალს ყაზახურ “ირტიშს” შეხვდება, 10-ში უნგრულ მტკ-ს, 12-ში კი უკრაინის “ვორსკლას”. კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს ლადო ბურდულის გუნდი: 5 და 8 თებერვალს, ოღონდ მეტოქეების ვინაობა ჯერ ბოლომდე არაა ცნობილი. ისე, რუმინული პრესა წერს, რომ 5 თებერვალს “სიონი”-“ბრაშოვი” გაიმართება.
“ბოლნისელთა გარდა, კიდევ ორ გუნდს ვუკეთებთ შეკრებას: “ზესტაფონსა” და ბათუმის “დინამოს”. იმედია, ქართული გუნდები თურქული კომპანიების მეშვეობით, ნაყოფიერ შეკრებას გაივლიან. შარშან სწორედ enda sport-ისა და fanatic sport-ის მეშვეობით გაემგზავრა “სიონი” თურქეთში, ახლა კი მათ ბათუმელებიც დაემატებიან. “ზესტაფონი” კი fanatic sport-ის დახმარებით წავა შეკრებაზე. უნდა ვთქვა, რომ სწორედ ამ კომპანიამ მიიწვია გია გეგუჩაძე და ადგილზე დაათვალიერებინა შეკრების მოსაწყობად რამდენიმე ვარიანტი. ურთიერთობა ქართულ გუნდებთან მომავალშიც გაგრძელდება, საამისოდ კი თურქული მხარე მოწადინებულია, რათა მეტი კომფორტი შეუქმნას ჩვენს გუნდებს. სასიამოვნოა, რომ აქამდე ერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით, ახლა კი მეორეც დაემატა და ინტერესიც გაიზარდა ქართული გუნდების მიმართ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოში თურქული კომპანიების წარმომადგენელმა დავით ყენიამ, რომელიც საფეხბურთო აგენტიც გახლავთ.