ფეხბურთი

20:12 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” მინსკის “დინამოს” დაუზავდა

თურქულ ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” მორიგი, ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და ბელარუსულ მინსკის “დინამოს” უგოლოდ გაეყარა. ბოლნისელთა პრეს-ატაშეს ჯემალ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას მინსკელები ფლობდნენ. არმაზ ჯელაძის შეგირდები კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ წარმატების მიღწევას.
სხვათა შორის, მინსკელთა მთავარი მწვრთნელი დნეპროპეტროვსკის “დნეპრისა” და კიევის “დინამოს” ყოფილი, ცნობილი თავდამსხმელი ოლეგ პროტასოვია. მასთან ერთად მატჩს თვალს ბრესტის “დინამოს” თავკაცი ვლადიმერ კურნევიც ადევნებდა, რომელმაც ბოლნისელები შეაქო და თქვა: “სიონის” თამაში “რადთანაც” მომეწონა, დღესაც არ წააგეს და კარგი ბიჭები ჩანან. განსაკუთრებით ნახევარდაცვის მობილურობასა და მცველების საიმედო თამაშს გამოვყოფ, რასაც ვერ ვიტყვი თავდამსხმელებზეო.
მართლაც, “დინამოსა” და ბელარუსის ნაკრების მეკარე გუტორი თამაშში პირველად 35-ე წუთზე ჩაერთო. მთელი მატჩის განმავლობაში კი ბოლნისელთაგან ერთადერთი სახიფათო მომენტი ახალაიას ჰქონდა.
“სიონმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბობღიაშვილი, უგრეხელიძე, სვანიძე, ორბელაძე, ფოფხაძე, ჰაიდუჩეკი, ნემსაძე, მანწკავა, ბიბილეიშვილი, ლექვთაძე, ახალაია
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლობჟანიძე, ქემოკლიძე, ჯოჯუა, საპირი, ფალავანდიშვილი, ხურციძე, ისიანი.
ამრიგად, “სიონმა” თურქული შეკრება დაუმარცხებლად ჩაამთავრა (4 ფრე, 1 მოგება). ბოლნისელები თბილისში სამშაბათს დაბრუნდებიან, ორიოდ დღეს დაისვენებენ და საბურთალოზე, “ბენდელას” მოედანზე გააგრძელებენ მომზადებას.


სოლომონ გულისაშვილი
http://www.dinamo-minsk.by-ს ფოტოები

თეგებისიონი
0.198277