რაც ზედა ექვსეულის მატჩები დაიწყო, ბოლნისის “სიონმა” ყველა მატჩი მოიგო. ამჯერად ზედიზედ მეექვსე. ლადო ბურდულის გუნდი ჯერ იგებდა, შემდეგ აგებდა და მეორე ტაიმში, ბოლო 15 წუთში მოახერხა ორი გოლის გატანა. მთლიანობაში, სანახაობრივად კარგი თამაში გამოდგა – ღია, შემტევი, უხვგოლიანი.
“სიონმა” თავიდან უკეთ დაიწყო და მე-7 წუთზე გიორგი კახელიშვილს ლაშა ჭელიძემ შეუშალა ხელი გოლის გატანაში, თუმცა მალევე ანგარიში გაიხსნა. კუთხური, საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი ზვიად ლობჟანიძისკენ წავიდა, რომელმაც ახლოდან ეფექტურად, ერთ შეხებაში კარში გადაგზავნა – 1:0.
დაახლოებით ტაიმის შუაწელიდან “ჩიხურამ” მოიპოვა უპირატესობა, ოღონდ განსაკუთრებით მწვავე მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. “სიონი” კარგად იცავდა თავს, თუმცა ორწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაუშვა. დავით ოდიკაძემ საჯარიმო ჩააწოდა და ცენტრალურმა მცველმა ლაშა ჭელიძემ ლამაზი თავურით გაათანაბრა – 1:1; გიორგი ქიმაძე მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში, გარღვევა მეკარის ბაქანზე პასით დაასრულა და ნიკა კვასხვაძემ ცარიელ კარში დაარტყა- 1:2.
ტაიმი “ჩიხურას” გამარჯვებით დასრულდა და ანგარიში 75-ე წუთამდე უცვლელი იყო. არადა, რამდენჯერმე ახლოს იყვნენ გუნდები გატანასთან. მაგალითად, ალეკო გოგობერიშვილის უძლიერესი დარტყმული გიორგი სომხიშვილმა მოიგერია, აქტიურმა ბესიკ დეკანოიძემ კი ჯერ 4 კაცი მოატყუა და დარტყმა ვერ მოახერხა, ორ წუთში კი ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
თამაში გაიხსნა და ორივე გუნდი შეტევას უფრო მეტ დროს უთმობდა. ბოლნისელთა შემტევ ლობჟანიძეს ოდნავ უმტყუნა მიზანმა – ხარიხას მოარტყა თავურით. საპასუხოდ კი დეკანოიძეს შეეძლო საჩხერელთა კიდევ უფრო დაწინაურება, თუმცა თითქმის პირისპირ გასულს მირზა მერლანმა აუღო.
ბოლნისელთა თამაში შეცვლაზე შესულმა ჯაბა უგულავამ გამოაცოცხლა და საპასუხო გოლიც სწორედ მან გაიტანა: ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი,უცებ შემოტრიალდა და დაბალი დარტყმით 2:2 გახადა ანგარიში.
კიდევ 15 წუთი იყო დარჩენილი, გახსნილი თამაში გაგრძელდა და ბოლოს გადამწყვეტი სიტყვა ისევ ლობჟანიძემ თქვა: საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, გიორგი ადამიას გაუთამაშა, ერთ მცველს გასცდა და მეკარეს ზუსტად დაურტყა – 3:2.
ლობჟანიძე უდავოდ საუკეთესო იყო მატჩში. არა მარტო ამ კონკრეტულ შეხვედრაში – ეს 24 წლის შემტევი წლევანდელ თამაშებში ერთ-ერთი გამორჩეულია.
27.04. 16:00. თბილისი.მიხეილ მესხი. 300 მაყურებელი
სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:2 (1:2)
სიონი: მერლანი, ქემოკლიძე, აბრამიძე, განუგრავა (უგულავა 57), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია, ფოფხაძე, კახელიშვილი, ლობჟანიძე (უგრეხელიძე 90), სამხარაძე (ადამია 62)
მწვრთნელი: ლადო ბურდული
ჩიხურა: სომხიშვილი,ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე (ბეჭვაია 81), ლომაშვილი, კაშია (ჩიკვაიძე 46),ხმალაძე, ჯიღაური, დათუნაიშვილი, ქიმაძე (საბა ლომია 84), კვასხვაძე, დეკანოიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (11), 1:1 ჭელიძე (38), 1:2 კვასხვაძე (40), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87)
გაფრთხილება: გოგობერიშვილი (12), ქემოკლიძე (35), კაშია (42), ქიმაძე (52), დეკანოიძე (64)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი