გულშემატკივრის სვეტი

10:52 | 5.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

„სინათლის“ ნათელი პერსპექტივები

ავჭალაში მდებარე „სინათლის“ სტადიონზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, „მსოფლიო სპორტი“ რამდენიმე თვის წინ წერდა, სადაც აღწერილი იყო ის უიმედო სიტუაცია, რომელშიც „სინათლე“ წლების განმავლობაში იმყოფებოდა... შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რაოდენ დიდი პრობლემები არსებობდა ამ სტადიონზე და რამდენად რთულ პირობებში უწევდათ ჯერ ფეხბურთელებს, შემდეგ კი მორაგბეებს ამ სტადიონზე მატჩების გამართვა.
ქართული სპორტისა და მეტადრე, რაგბის ქომაგთა სასიხარულოდ, ბოლო ორ თვეზე მეტია, „სინათლის“ სტადიონზე დიდი და მასშტაბური  სამუშაოები დაიწყო და მოედნის საფართან და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად,  მთლიანად თავიდან კეთდება სტადიონის ყოველი კუნჭული. მშენებლობის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ეს სტადიონი, სულ მალე, მსოფლიო მასშტაბის სარაგბო არენის სახეს მიიღებს, რაც არცთუ დალხენილ დღეში მყოფი ქართული რაგბისათვის უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ავჭალაში ათეული წლების განმავლობაში (მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან) არსებობდა სტადიონი, სადაც იმართებოდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები როგორც სარაგბო, ასევე საფეხბურთო. ახლა, ამ ტერიტორიაზე მართლაც რომ დიდი და არ გადავაჭარბებთ, თუკი ვიტყვით, რომ გრანდიოზული მასშტაბის სამუშაოები მინდინარეობს. როგორც აღვნიშნეთ, არსებული ინფრასტრუქტურა არამხოლოდ განახლდება, არამედ, პრაქტიკულად თავიდან კეთდება ყველაფერი. მშენებლობის ორგანიზატორები ჩვენთან საუბრისას არ მალავენ, რომ მშენებლობას, ძირითადად, ერთი მეცენატი აფინანსებს, რომელიც თავის გამჟღავნებას ერიდება. ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, სავარუდოდ ვინც შეიძლება იყოს ეს „ინკოგნიტო მეცენატი“, მაგრამ რაკი ასეთი დიდი პროექტის წამომწყებს ჩრდილში დარჩენა უჯობს,  უმჯობესი იქნება, ამ ადამიანს დავუტოვოთ თავის არგამჟღავნების უფლება და ჩვენც ნაკლებად ჩავეძიოთ მის ვინაობას...  
„სინათლის“ ტერიტორიაზე ამჟამად კეთდება 2 ძირითადი სტადიონი -  ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი, რომელთა ტრიბუნები მთლიანად გადაიხურება. ტრიბუნები გათვლილია ზუსტად 2032 მაყურებელზე, თუმცა სამომავლოდ, ქართული რაგბის პოპულარიზაციის შემთხვევაში, უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილების მნიშვნელოვნად გაზრდა.
სტადიონის ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალისთვის შენდება საკმაოდ დიდი მოცულობის თანამედროვე ტიპის შენობა, რომელიც, როგორც მშენებლობის ორგანიზატორები განმარტავენ - ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ტიპის ნაგენობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, სტადიონს წრიულად შემოევლება რვამეტრიანი ღობე, რაც მის დაცულობასთან ერთად, ბილეთების გაყიდვის პროცესის ნორმალიზაციასაც უზრუნველყოფს. სტადიონის აღმოსავლეთით, ასევე გაკეთდება მოზრდილი ავტოსადგომი, რაც აქამდე გათვალისწინებული არ ყოფილა.
სტადიონი უშუალოდ დაექვემდებარება საქართველოს რაგბის კავშირს და შესაბამისად, ამ არენაზე ეროვნული სარაგბო პირველობის გარდა, თავისუფლად გაიმართება სხვადასხვა ასაკობრივი სარაგბო ნაკრებების მატჩებიც, რაც ავჭალის მოსახლეობისათვის ნამდვილად კარგი საჩუქარი იქნება.
სტადიონის მთლიანი ფართობი 2450 კვადრატული მეტრია. მშენებლობაზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული და სამომავლოდ, მუშახელის რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. მშენებლობა წესით, უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო, თუმცა რეალური სამუშაოები გასული წლის ბოლოს დაიწყო და სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მშენებლები იმედოვნებენ, რომ მუშაობის პროცესში შეფერხებებს ადგილი არ ექნება და მიმდინარე წელი ყველა სამუშაოს შესრულებისათვის საკმარისი უნდა გამოდგეს.   

ლევან სეფისკვერაძე
ავტორის ფოტო

0.175326