გულშემატკივრის სვეტი

18:03 | 3.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

სიმღერა, რომელიც არ იმღერება

12 აპრილს, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში - “პროფილი“, შოუს წამყვანმა მაია ასათიანმა სტუმრად მიიწვია ქართული პოპ-დუეტ “ჯორჯიას“ წევრები. მაიამ, მისთვის დამახასიათებელი “გრანდიოზულობით“, საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული დუეტი პირველად სწორედ გადაცემა “პროფილში“ შეასრულებდა სიმღერას, რომელიც 2015 წელს, თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჰიმნი უნდა იყოს (http://www.youtube.com/watch?v=XR4O9HGZsgY). ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, ლამის ერთი თვე გავიდა და თითქმის ყოველდღე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა სვეტი “ჰიმნზე“, რომელიც ჰიმნის გარდა ყველაფერია.
სიმღერის ფრიად აბსურდული ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე, მუსიკის ავტორი კი დღეს პოპულარული კომპოზიტორი - რუსა მორჩილაძეა, რომელიც ქართული პოპ-მუსიკის მოყვარულთა წრეებში ყოველთვის ცნობად პერსონად ითვლებოდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო იყო, თუკი სპორტული ღონისძიების ჰიმნის შექმნას შეეჭიდებოდა. როდესაც ამ სიმღერას თავად მოისმენთ, ადვილად მიხვდებით, რომ ცინცაძე-მორჩილაძის შექმნილსა და დუეტ “ჯორჯიას“ ნამღერს, არაფერი აქვს საერთო არც სპორტთან, არც ოლიმპიადასთან და არც ჰიმნთან.
ახლა გეტყვით, რატომ ვფიქრობდი ამდენი ხანი, დამეწერა თუ არა ეს წერილი... ქართულ პოპ-მუსიკაზე მწერალი ჟურნალისტებისაგან კარგად ვიცი, თუ რაოდენ ძნელია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებზე რაიმეს დაწერა. ძნელია იმიტომ, რომ ნებისმიერი სახის კრიტიკას, ეს ხალხი ხშირად შეურაცხყოფად იღებს და ამის გამო, გაწევ-გამოწევაც არაერთხელ გამართულა. მე კი, სიმართლე რომ ვთქვა, არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ მავან “ვარსკვლავებს” ვუმტკიცო ის, რაც ისედაც ცხადია - თქვენი შექმნილი მუსიკა საშინელებაა, ბატონებო! თუმცა, ბოლოს, როგორც ხედავთ, მაინც დაწერა გადავწყვიტე.
სპორტის ქართველ მოყვარულებს ხშირად გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ტელევიზორში მაინც, საკუთარი თვალით ვნახოთ ოლიმპიადებისა და სხვადასხვა ჩემპიონატების გახსნის გრანდიოზული ღონისძიებები. ჩვენს ყურს დღემდე ატკბობს დიდებული ევროპელი და ამერიკელი შემსრულებლების ნამღერი, რომლებიც შემდეგ, მსოფლიო სპორტის ოქროს ფონდშიც შევიდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადა თავისი სიმღერით გენიალურმა ლუჩანო პავაროტიმ გახსნა.
დიდი ტურნირების წინ, ცნობილი როკ-ჯგუფების: “ევროპას“, “ქუინისა“ და სხვათა ნამღერიც გვახსოვს. ამ მხრივ, ქართველები მართლაც რომ მსოფლიოს ნაწილად ვიქეცით. სწორედ ამიტომაცაა ძნელი ოლიმპიადის ჰიმნად იმის აღქმა, რაც, დუეტმა „ჯორჯიამ“ ასეთი ქუხილითა და ზათქით წარადგინა საზოგადოების წინაშე.
სიმღერის შემქმნელებსა და შემსრულებლებს, მუსიკასაც რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ “ჰიმნის“ ტექსტის გამოც უნდა ეფიქრათ, რომ რაღაც “ისე ვერ იყო“.
აი ტექსტიც:

“დღე ნათელი. გამარჯვების გზებით დავდივართ.
გასავლელი კიდევ ბევრი გვაქვს.
დღე ნათელი.
შეხვედრები თქვენთან ერთად იქნება,
და იმედი გვიჩნდება.
სიყვარულის კარი გაიღება.

მისამღერი: თბილისი ჩვენია.
აქ ყველას ელიან.
ეს ხომ მეგობრების გასავლელი გზებია.
თბილისი ჩვენია.
ყველას ვის ელიან,
ოცნება-სიცოცხლე ჰქვია!

მისამღერი 2-ჯერ

სიყვარულით მღერიან.
ახალგაზრდებს გული გვითბება.
გამარჯვება იქნება.
გეფერებით, გეფერებით...
მივდივართ და შენთან ვრჩებით.

თბილისი ჩვენია!
ეს ხომ მეგობრების გასავლელი გზებია!“

არც სიყვარულის წინააღმდეგები ვართ, არც “გულის გათბობის“ და არც ცენტრალური გათბობის, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ ეს სიმღერა არანაირად არ შეესაბამება სპორტულ ღონისძიებას. კაცი ვერ გაიგებს, სიმღერა ახალგაზრდული ოლიმპიადის ჰიმნია, თუ რომელიმე ტურისტული სააგენტოს საიმიჯო ღიღინი.
ესეც არ იყოს, ირინა სანიკიძის მიერ დაწერილ ტექსტში ისეთი გასაოცრად არაფრისმთქმელი ფრაზები გვხვდება, როგორიცაა: “ოცნება-სიცოცხლე ჰქვია!“, “ყველას ვის ელიან“ და სხვა...
მოკლედ, აშკარაა, რომ ტექსტის ავტორს სპორტთან ისეთივე შეხება აქვს, როგორც ვლადიმერ ჟირინოვსკის - დემოკრატიასთან. ასე რომ, ალბათ სჭიროა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამ სიმღერას ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დაუშვებენ. თუ ჩვენ ვცდებით და ვერ ვხვდებით ამ სიმღერის “დიდებულებას“, გვითხარით, ბატონო და გადაგვარწმუნეთ!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.121639