ფეხბურთი

13:29 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე კმაყოფილია, მარტინო - იმედიანი

 

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ შეხვედრაში, სადაც კატალონიის “ბარსელონასმ” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლა, ფრე – 1:1 დაფიქსირდა. მატჩის შემდეგ, გუნდების მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ და ჟურნალისტებისთვის კომენტარები გააკეთეს.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”): “დიეგოს გოლმა ძალიან გამახარა. მას ეს ძალიან სჭირდებოდა. ბრაზილიელი თამაშში მნიშვნელოვან დროს ჩაერთო. ვფიქრობ, სეზონის ბოლომდე, დიეგო ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი იქნება. დიეგო კოსტას მოედნის დატოვება არ უნდოდა. ოთხშაბათს გაირკვევა, რამდენად სერიოზულია ტრავმა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

“კამპ ნოუზე” ბრწყინვალე გუნდი დაგვიპირისპირდა. ჩვენც ძლიერი შემადგენლობა გვყავს და მიხარია, რომ თანაბარი ბრძოლა შევძელით. ტაქტიკური თვალსაზრისით, ლამაზი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი მაქსიმალურად იხარჯებოდა და თავისი სტილით თამაშობდა”.

ხერარდო მარტინო (“ბარსელონა”): “ბარსელონას” თამაშით ვამაყობ. ასე გავაგრძელებთ და წარმატების შანსი ნამდვილად გვექნება. მოედანზე ყოველი მატჩის მოსაგებად გავდივართ. მადრიდში ჩავალთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მეორე ტაიმში, ბურთს ვფლობდით და კარგად ვთამაშობდით. რამდენიმე კარგი კომბინაცია და სახიფათო დარტყმა შევასრულეთ.

სამწუხაროდ, ხდება ისეთი უიღბლობები, როგორიც ჟერარ პიკეს შეემთხვა. ბარტრამ თავი კარგად წარმოაჩინა. ჩვენს წყვილში შანსები თანაბარია. არ ვიცი, საკუთარი კედლების ფაქტორი რამდენად დაეხმარება “ატლეტიკოს”, მაგრამ შანსები ნამდვილად 50/50-ზეა”.

0.710715