ფეხბურთი

19:56 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე 8 მატჩით დაისაჯა, რონალდუ სასჯელს გადაურჩა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გუნდს ლა ლიგის 4 და ესპანეთის სუპერთასის 4 მატჩში ვერ გაუძღვება. ამის მიზეზი სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის მიცემული დისკვალიფიკაციაა.

ესპანეთის სუპერთასზე, “რეალთან” გამართული მატჩის დროს, სიმეონე არბიტრმა მოედნიდან გააძევა. ამის შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა მე-4 არბიტრს კისრის არეში მსუბუქად დაარტყა. ამ ქმედებისთვის სიმეონე 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. კიდევ 2 თამაში მას არბიტრის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის დაემატა, ერთი ცინიკური აპლოდისმენტებისთვის, ხოლო ერთიც იმის გამო, რომ გაძევების მიუხედავად მოედანზე დარჩა და ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემას განაგრძობდა.

სიმეონე ლა ლიგაში 4 მატჩს გამოტოვებს, ხოლო დანარჩენ 4 თამაშს ის ესპანეთის სუპერთასზე მოიხდის. ამას ემატება ლა ლიგაში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია უშუალოდ გაძევების გამო. გამოდის, რომ არგენტინელი სპეციალისტი გუნდს “რაიოსთან”, “ეიბართან”, “რეალთან”, “სელტასთან” და “ალმერიასთან” ვერ უთავკაცებს.

სადისციპლინო კომიტეტმა კრიშტიანუ რონალდუსა და დიეგო გოდინის ეპიზოდიც განიხილა. პორტუგალიელმა ურუგვაელს სახეში 2-ჯერ ჩაარტყა და არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეს სასჯელი საკმარისია.

0.482684