როგორი უცნაური მმართველი არ ახსოვს იტალიის მრავლისმნახველ მიწას. ყოვლისმპყრობელი კეისრები თუ, სისხლისმსმელი დიქტატორები. რომის გადამწველი ნერონი თუ, იტალიის გაერთიანებაზე მეოცნებე გარიბალდი, მაგრამ ისეთი უცნაური და არასტანდარტული კაცი, როგორიც იტალიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ “მილანის” მფლობელი – სილვიო ბერლუსკონია, ათასი უცნაურობის მხილველ იტალიელებსაც კი იშვიათად უნახავთ.
ვინ არის დონ სილვიო? პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი? მაფიოზი თუ უბრალოდ ფეხბურთზე შეყვარებული ტიფოზი? ეს კითხვები ყოველთვის იყო და იქნება ამ ფრიად უმართავი კაცის მიმართ, რომელიც ხან უეფას პრეზიდენტს ეფიცება ძმად, ხან ვლადიმერ პუტინთან ერთად ოღრაშობს და ხან კი, თეთრ სახლშია გამოჭიმული და ამერიკის პრეზიდენტს დემოკრატიის უალტერნატივობაზე ეჟღურტულება.
დონ სილვიო იტალიური საფეხბურთო ბიზნესის ბოსთა შორის ერთგვარ თეთრ ყვავად შეგვიძლია მოვნათლოთ. ”იუვენტუსის” და ”ინტერის” მეპატრონე სქელჯიბა კოლეგებისგან განსხვავებით, ბერლუსკონიმ საკუთარი პიროვნება თავად შექმნა. ანიელების და მორატების ოჯახებში უდიდესი ქონება თაობებიდან თაობებს გადაეცემა, “ჩვენმა გმირმა” კი ნოლიდან დაიწყო, როცა თავისი სახელობის ფინანსური იმპერია დააარსა. ამიტომაც არის, რომ შთამომავლობითი მაგნატები ბერლუსკონის დღემდე ამრეზით უცქერიან.
”მილანის” მეპატრონემ იტალიურ ფეხბურთში კლუბის ხელმძღვანელობის სრულიად ახალი მიდგომა დანერგა. მისი კოლეგები საფეხბურთო კლუბებს, ტრადიციისამებრ, თავიანთი პრესტიჟის ასამაღლებლად ძვირფას სათამაშოებად აღიქვამდნენ, ბერლუსკონიმ კი მიზნად მენეჯმენტის ინგლისური და გერმანული პრინციპით, ფინანსური მოგების მიღებაზე გათვლით შექმნა გადაწყვიტა.
თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი 1936 წელს უბრალო მუშის ოჯახში დაიბადა. საშუალო განათლება მონასტერთან არსებულ სკოლა-პანსიონში მიიღო, სადაც ხასიათის სიმტკიცე და მიზანსწრაფულობა ჩამოუყალიბდა, რაც ბიზნესში ძალიან გამოადგა. შემდეგ სილვიომ იურიდიული განათლების მიღება გადაწყვიტა. თანაც, სხვადასხვაგვარ წვეულებაზე ფოტოგრაფად მუშაობდა. ამგვარად, მცირედი კაპიტალი მოაგროვა და სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი საქმე წამოიწყო.
60-70-იანი წლების ზღურბლზე, იტალიაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ბუმი დაიწყო. დიდი ქალაქების გარეუბნებში ახალი კვარტლები ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდა და ახალგაზრდა ბერლუსკონის მარიფათმა გასაქანი ჰპოვა. ”მომავლის ქალაქის” _ ”მილანი 2”-ის მიკრორაიონის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, ახალგაზრდა მეწარმის დამსახურება მთავრობამ ”შრომის კავალრის” წოდების მინიჭებით აღნიშნა.
ბერლუსკონიმ ბაზარი შეისწავლა და მიხვდა, რომ სამშენებლო ბიზნესი ნაკლებად პერსპექტიული იყო. ამიტომ მან მთელი თავისი თანხის სწრაფად მზარდ სატელეკომუნიკაციო ბიზნესში ჩადება გადაწყვიტა. მალე იგი 3 ფასიანი ტელეარხის თანამფლობელი გახდა, 1986 წელს კი კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა - მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი საფეხბურთი კლუბი ”მილანი” ბერლუსკონის კომპანია ”ფინინვესტმა” შეიძინა. ახალმა მეპატრონემ კლუბის ინფრასტრუქტურა რამდენიმე წელში თავის ჭკუაზე მოაწყო, უწინარესად კი, ბავშვთა და მოზარდთა გუნდების განვითარება დაიწყო.
ძირითადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად, ბერლუსკონიმ იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა _ 45 მილიონი დოლარი გამოჰყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცენტი ჭკვიანურად დახარჯა. მაგალითად, ჰოლანდიელი სუპერფორვარდი მარკო ვან ბასტენი ”მილანმა” სულ რაღაც მილიონ დოლარად გადაიბირა. ამას ხელი ბერლუსკონის ვილაზე ფეხბურთელთან გამართულმა საიდუმლო მოლაპარაკებამ შეუწყო, რის შემდეგაც ვან ბასტენმა ხელი კონტრაქტს მოაწერა და ”აიაქსს” ისღა დარჩენოდა, საუკეთესო ფეხბურთელს მიზერულ თანხად შელეოდა.
მწვრთნელებთან დაკავშირებითაც ბერლუსკონიმ ”ათიანში” მოარტყა. ჯერ არიგო საკი, შემდეგ კი ფაბიო კაპელო სწორედ ის სპეციალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც კლუბს სჭირდებოდნენ. შედეგად, ”მილანი” ევროპის საუკეთესო გუნდთა შორის დაბრუნდა და ბოლო 21 წლის განმავლობაში 25 სხვადასხვა ტიტული მოიგო, კერძოდ: 7-ჯერ სკუდეტო (1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999-სა და 2004 წლებში); 5-ჯერ ჩემპიონთა თასი (1989, 1990, 1994, 2003, 2007); 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი (1989, 1990); 4-ჯერ ევროპის სუპერთასი (1989, 1990, 1995, 2003); ერთხელ იტალიის თასი (2003), 5-ჯერ იტალიის სუპერთასი (1989, 1992, 1993, 1994, 2004) და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2007).
სპორტულმა წარმატებებმა ”როსო-ნერის” პოპულარობის საოცარი ზრდა განაპირობა, რომლისგან მიღებული დივიდენდებიც პრეზიდენტმა ოსტატურად გამოიყენა. მთელ მსოფლიოში საოცრად იმატა ”მილანის” ფან კლუბების რაოდენობამ, გაიზარდა კლუბის ოფიციალური ჟურნალის ტირაჟი, საკლუბო ატრიბუტიკის, აბონიმენტებისა და ბილეთების გაყიდვა.
გარდა ამისა, ბერლუსკონიმ საკუთარი ტელეარხის მეშვეობით, პირველმა იტალიაში, პრაქტიკაში დანერგა თავისი კლუბის მატჩების ფასიანი ჩვენება. ამდენად, მალე ”მილანი” წამგებიანიდან სუპერმომგებიან ფინანსურ კორპორაციად იქცა. ამიტომაც არის, რომ ვალებში ყელამდე ჩაფლულ იტალიურ კლუბებს შორი ”როსო-ნერი” კეთილდღეობის ერთ-ერთ უიშვიათეს კუნძულად ითვლება. ეს მისი ბოსის დამსახურებაა, რომელმაც მომავლის განჭვრეტა შესძლო.
ბიზნესში წარმატების მიღწევის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწისში ბერლუსკონიმ პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა. მან გენიალური სვლა გააკეთა და ფან-კლუბების ქსელი - ”წინ, მილან!” - პოლიტიკურ ორგანიზაციად აქცია. ამ მოძრაობამ 1994 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ბერლუსკონი ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა. მეორედ მან ეს პოსტი 2001 წელს დაიკავა.
ბერლუსკონის არაკეთილმოსურნეები არასოდეს აკლდა. მისი განსაკუთრებით მძაფრი მოწინააღმდეგეები მემარცხენე ძალები გახლავთ. თავად დონ სილვიოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მარქსის მიმდევართა მოსვლას არ დაუშვებდა.
ქვეყანაში, სადაც სუფთა ბიზნესი თითქმის არ არსებობს, მრავალმილიარდიანი ქონების მეპატრონესთან შეკითხვები ყოველთვის იარსებებს. მით უმეტეს, თუ ეს კაპიტალი ერთი თაობის მიერ არის მოგროვებული. კორუფციაში დადანაშაულებას ვერც ბერლუსკონი გადაურჩა _ ოპოზიციის ინიციატივით, ბერლუსკონის მიერ 1991 წელს აქციების კანონიერად შეძენასთან დაკავშირებით, 2000 წელს სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც მხოლოდ 3 წლის წინათ დასრულდა.
სასამართლომ ბერლუსკონი გაამართლა და მას ყველა ბრალდება მოუხსნა. თავად ბრალდებული მთელი 4 წლის განმავლობაში სასამართლოზე მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა. ბოლოს და ბოლოს მას 8-წლიანი პატიმრობით, როგორც პროკურორი ითხოვდა, ვერავინ შეაშინებდა.
დღეს ბერლუსკონი იტალიაში უდავოდ ყველაზე პოპულარული კაცია. მერე რა, რომ მას ერთი წლის წინათ, ერთ-ერთმა რადიკალურად განწყობილმა იტალიელმა მძიმე საგანი ესროლა და კინაღამ სიცოცხლე მოუსწრაფა. მერე რა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები ამ კაცზე უფრო და უფრო ხშირად ამბობენ აუგს. ბერლუსკონიმ ცოტა ხნის წინათ, იტალიის პარლამენტშიც დაჰკარგა უმრავლესობა. სილვიო ის კაცი არ არის, რომელიც ასე ადვილად უყურებს ცხოვრებას. შესაძლოა, ის ცუდი კაცია, უფრო მეტიც – ძალიან ცუდი კაცი! მაგრამ, ის ხომ ბერლუსკონია... განა ეს ცოტას ნიშნავს?!...
ლევან სეფისკვერაძე