ფეხბურთი

15:36 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიახლეები ზესტაფონელთა ბანაკიდან

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას. გუშინ, რატკო დოსტანიჩის გადაწყვეტილებით, გუნდს დასვენებისა და კარტეპედან ნახევარი საათის სავალზე მყოფ ქალაქ იზმიტის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა.

დღევანდელი დღე დადებითი ემოციებით დაიწყო - ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო "გრინ პარკის" ადმინისტრაციის თხოვნით, გაიმართა მცირე სახალისო ფოტოსესია, შემდეგ კი, მთელმა გუნდმა დიდი სიხარული მიულოცა გუნდის გოლკიპერ კახაბერ მეშველიანს, რომელსაც გუშინ ვაჟი შეეძინა.

ვარჯიშის დასაწყისში, რატკო დოსტანიჩმა ძირითადი ყურადღება ტაქტიკური ხასიათის საკითხებზე გაამახვილა. ამის შემდეგ, ფეხბურთელებმა ბურთით იმუშავეს, ვარჯიშის დასასრულს კი, გუნდის სერბმა დამრიგებელმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა, მოთამაშეები ფიზიკურად დატვირთეს.

უნდა ითქვას, რომ "მანისასპორთან" გუშინწინ გამართული მატჩის შემდეგ, ზესტაფონელებს შეუერთდნენ გურამ სამუშია და ავთანდილ ენდელაძე. ეს ფეხბურთელები, საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჯერაც მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობის გამო, ლიტვაში იმყოფებოდნენ და ქართველთა ნაკრებისთვის ამ ტურნირის ნაადრევად დასრულების შემდეგ შეუერთდნენ გუნდს.

უნდა ითქვას, რომ მარგველთა სპარინგ-მატჩების განრიგში გარკვეული ცვლილებები მოხდა. რატკო დოსტანიჩის სურვილის გათვალისწინებით, ხვალ ზესტაფონელები, წინასწარ დაგეგმილი ერთის ნაცვლად, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ - ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ქართველები თურქმენეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ალთინ ასირს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 17:00 საათზე, თურქულ "ადანასპორთან" წინასწარ დაანონსებული მატჩი გაიმართება.

www.fczestafoni.ge

 

0.11488