ძიუდო

21:32 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი ქართველის ერთი მეშვიდე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე - ევროპის ღია პირველობაზე პირველი დღე უმედლოდ ჩაამთავრა. დღეს საქმეში 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები ჩაერთნენ. საქართველოს დროშის ქვეშ კი შვიდმა სპორტსმენმა იჭიდავა.

შეადრებით უკეთ 17 წლის თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) გამოვიდა – ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელ ენრიკო პარლატის ორწუთნახევარი აკმარა. კანადელ არტურ მარგელიდონთან იუკოს აგებდა და ბოლო წამებზე შებოჭვით ვაზარი აუღო მეტოქეს, რითაც მეოთხედფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. იქ კი ბრაზილიელ ბრუნო მენდონსასთან ვეღარას გახდა და რეპეშაჟში გადაერთო. პოდიუმამდე ორი ნაბიჯიღა რჩებოდა, როდესაც კირაკოზაშვილი არგენტინელ ალეხანდრო კლარასთან საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

73 კილოგრამში თამაზ კირაკოზაშვილის გარდა საქართველოს დროშის ქვეშ ფრიდონ გიგანმა და ზურაბ ნოზაძემაც იჭიდავეს. ორივემ კარგად დაიწყო, მაგრამ მეოთხედფინალამდე ვერ მივიდნენ. შესაბამისად, სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსიც ძირითად ბადეში მარცხით დაკარგეს.

გიგანმა პორტუგალიელი ნუნო სარაივა და უნგრელი გაბორ კარპატი იპონ-იპონ ჩამოიშორა და მერვედფინალში ბრაზილიელ ალექს პომბო და სილვასთან დამარცხდა. ნოზაძემ ევროპის ღია პირველობაზე გამოსვლა მეთექვსმეტედფინალში დაამთავრა, მომავალ ჩემპიონთან - იაპონელ ტაკენორი ნაკამურასთან წაგებით. იქამდე კი რუმინელ დან გეორგე ფასიეს უილეთოდ, ორი გაფრთხილებით აჯობა.

60 და 66 კილოგრამებში საქართველოს ნაკრებს ორ-ორი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ ოთხივემ საწყის ეტაპზევე წააგო. გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე 60 კგ) და გიორგი ქალდანი (66 კგ) ტატამზე თითოჯერ გავიდნენ.

ბროლაშვილმა ტურნირი იტალიელ კარმინ მარია დი ლორეტოსთან შეხვედრით გახსნა და დაასრულა – ქართველი მსუბუქწონოსანი მეოთხე წუთზე ბეჭებზე დავარდა. მერებაშვილმა ჰოლანდიელ ხეროენ მუურენთან 4 წუთში 4 შიდო მიიღო. ქალდანი კი ჰოლანდიელ ჟუნიორ დეგენთან ვაზარ-იუკოთი დამარცხდა.

გელა კელიხაშვილმა (66 კგ) პირველ წრეში ებრაელ ბარ რაუფმანს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე, მაგრამ მონაკოელ სედრიკ ბესისთან შეხვედრა მოწინააღმდეგესთან შედარებით მეტი გაფრთხილების გამო დათმო.

პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე სამივე წონით კატეგორიაში იაპონიის ნაკრების წევრები ავიდნენ. დარჩენილ ოთხ წონაში კი ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან.

საქართველოს სახელით თერთმეტი ძიუდოისტი იჭიდავებს. მათ შორის ნაკრების გამოცდილი წევრი ზებედა რეხვიაშვილი, რომელიც ამჯერად მშობლიურზე ერთი წონით მაღლა – 81 კილოგრამში მოსინჯავს ძალას. ამავე წონაში გიორგი პაპუნაშვილი და ლაშა ზურაბიანიც გავლენ ტატამზე. 90 კილოგრამის ქართულ განაცხადში არიან ზვიად გოგოჭური და პაატა ღვინიაშვილი, 100 კილოგრამში – დავით ლორიაშვილი და რევაზ ჩიკოიძე, ხოლო მძიმე წონაში – როსტომ ხახალეიშვილი, გიორგი ზაქარიაძე, გიგა გელაშვილი და ონისე ბუღაძე.

 

ძიუდო

ევროპის ღია პირველობა

ობერვარტი. ავსტრია

15 თებერვალი

 

60 კგ

1 რიო კავაბატა (იაპონია)

2 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)

3 ხუან პოშტიგოსი (პერუ)

3 დიეგო სანტოსი (ბრაზილია)

 

66 კგ

1 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

2 ბატსუური ადიია (მონღოლეთი)

3 იუჰეი როკუგო (იაპონია)

3 რენე შნეიდერი (გერმანია)

 

73 კგ

1 ტაკენორი ნაკამურა (იაპონია)

2 ობდაიარ განბაატარი (მონღოლეთი)

3 ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი)

3 ალექს პომბო და სილვა (ბრაზილია)

7 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)

0.115014