სხვა

15:07 | 26.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი მოგება ფუტაბიამამდე

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უკვე ლეგენდად ქცეულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ აკი ბაშოს დასკვნითი მე-15 დღეც დაუმარცხებლად განვლო და ტურნირი მორიგი ძიონ-შოთი (ყველა მოგება ბაშოზე) დაასრულა. ახლა, 25 წლის ულან-ბატორელის მონაგარი ზედიზედ 62 (!) გამარჯვებაა და მას ფუტაბიამას საოცარ მიღწევამდე (მიჯრით 69 მოგება) სულ ცოტაღა აშორებს.
130-კილოგრამიანმა ”თეთრმა ფენიქსმა” ტოკიოს ”რიოგოკუ კოკუგიკანში” დასრულებულ ბაშოს ბოლო დღეს მონღოლსავე ოძეკი ჰარუმაფუჯის იორიკირით აჯობა და ”იმპერატორის თასის” მეთევქსმეტედ მოპოვება ლამაზად დაასრულა.
ცხადია, ჰაკუჰო მომავალ ბანძუკესაც იოკოძუნას სტატუსით შეხვდება, მასთან ყველაზე ახლოს, აღმოსავლეთის პირველი ოძეკის პოზიციას კი ბულგარელი კოტოოშუ დაიკავებს, რომელმაც პრინციპულ შერკინებაში ესტონელი ბარუტო დაამარცხა და მე-10 გამარჯვება მიითვალა.
სასიხარულოა, რომ კოტოოშუ დარად 10 მოგება მოუგროვდა 202-კილოგრამიან ქართველ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მხოლოდ მეორე ტურნირს ატარებდა.
გაგამარუმ დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ჰაკუბა ოშიდაშით დაამარცხა და ცხადია, რომ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულს გაცილებით უკეთეს წოდებაზე გაცვლის.
გაცილებით მაღალ დონეზე ასვლა ელის 22 წლის ლევან გორგაძეს, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი. გორგაძე სექტემბრის ტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, თუმცა, 15-დან 9 შეხვედრა სათავისოდ დაასრულა და კვლავ კომუსუბობამდე აღზევება ელის. ცნობისთვის, ტოჩინოშინიმ ბაშო შიმიტორის ძლევით (იორიკირით) დაასრულა.
დასასრულ, ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიაზეც ვთქვათ, რომელიც მონღოლ ტამავაშისთან იორიკირით წააგო და 8 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა. მცირე დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) კოკაის რეიტინგში ასევე მცირედით დააწინაურებს. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში 29 წლის ცაგურია აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა.
აკი ბაშოზე სანახაობრივი გამოსვლისთვის პრიზი ვერავინ მიიღო, მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის იაპონელი რიგითი მაეგაშირები იოშიკაძე (11 მოგება) და ტაკეკაძე (12) დაჯილდოვდნენ, ტექნიკური სუმოისტის პრიზი ტოჩიოძანს გადაეცა, ხოლო ძურიოს ჩემპიონი ტოიონოშიმა გახდა.
განახლებული ბანძუკე 1 ნოემბერს გამოქვეყნდება, წლის დასკვნითი სუპერტურნირი კი 14-28 ნოემბერს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097425