20 სექტემბერს საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება და მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
გუნდის თავკაც ალეკო ნოზაძეს წლის მთავარ შეჯიბრებაზე 7 სპორტსმენი მიჰყავს, მსოფლიოს პირველობას კი ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგანაც ძალოსნები თურქეთში სალიცენზიო ქულების დაგროვებას დაიწყებენ.
ფორმატის თანახმად, ანტალიაში დაგროვილი ქულები და გაისად გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგები დაჯამდება და საუკეთესოები ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებს მიიღებენ.
თურქეთში საქართველოს სახელით რაულ ცირეკიძე (85 კგ.), თემურ ჩხეიძე (94 კგ.), ვაჟა ღონღაძე (94 კგ.), გიორგი მაჭავარიანი (94 კგ.), თემურ გოგია (105 კგ.), ირაკლი თურმანიძე (+105 კგ.) და ლაშა ტალახაძე (+105 კგ.) იასპარეზებენ. 23 სექტემბერს, ქართველი ძალოსნებიდან პირველი ფიცარნაგზე რაულ ცირეკიძე (85 კგ.) გავა, მერე კი შეჯიბრში სხვებიც ჩაებმევიან.
ალეკო ნოზაძე: “3 აგვისტოდან მოყოლებული, ნაკრები შეკრებას ჩაქვში გადიოდა. ყველა პირობა გვქონდა შექმნილი სავარჯიშოდ. ბიჭების მომზადებითაც კმაყოფილი ვარ. საერთო სიტუაციის გათვალისწინებით, ლონდონის ოლიმპიადის 3 ლიცენზიას ველით”.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე
რაულ ცირეკიძე (85 კგ.)
თემურ ჩხეიძე (94 კგ.)
ვაჟა ღონღაძე (94 კგ.)
გიორგი მაჭავარიანი (94 კგ.)
თემურ გოგია (105 კგ.)
ირაკლი თურმანიძე (+105 კგ.)
ლაშა ტალახაძე (+105 კგ.)
მთავარი მწვრთნელი: ალეკო ნოზაძე.
მწვრთნელები: გიორგი ცირეკიძე, ავთანდილ გახოკიძე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური







