ბლოგი

13:35 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

”შუმის” უკვდავება

შენ რა მოგკლავს ძმაო შუმი?! შენ ხომ უკვდავი ხარ როგორც შექსპირი! დიდი ჩემპიონები რომ არ კვდებიან, რად უნდა ამას ბევრი ლაყაფი და ჩახუჭუჭებანი? აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ ეუსებიო მოკვდა, მაგრამ მოკვდა განა? არც ჯორჯ ბესტი მომკვდარა და არც დათო ყიფიანი. ეს ხალხი სულ არიან, სულ ჩვენს გარშემო ტრიალებენ და გვაძლევენ იმედს, რომ ერთ დღესაც ჩვენც შეიძლება უკვდავები გავხდეთ. მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს უკვდავებად ქცევა გაგვიჭირდება, რადგან არასოდეს გვყოლია ცეცხლისმფრქვეველი ბოლიდი და არასოდეს გვიქროლია არწივზე სწრაფად მონაკოდან ავსტრალიამდის... თუმცა, ადამიანის მთავარი ოცნება მაინც უკვდავებაა და ამ ოცნების იმედად დავაბიჯებთ მიწაზე. შენ კი ეს ოცნება დიდი ხნის წინ აიხდინე ძმაო შუმი. შენ უკვდავი ხარ და ამ ამბავს კითხვების დასმა აღარ სჭირდება!

როგორც ერთ კარგ ქართულ რომანშია, მართლა ერთი სიკვდილი გავათავეთ შენი ამბავი რომ გავიგეთ ჩვენო ბუნდესქვეყნელო ძმაო. შიშმა და ზაფრვამ აიტანა ჩვენი მრავლისმნახველი პლანეტა და სპორტის მილიონობით ქომაგთან ერთად, სპორტთან მწყრალად მყოფმა ხალხმაც კი აფრქვია ალალი ცრემლი. მაგრამ გულრწფელად გეტყვი და ბოლომდე მჯეროდა, რომ იმქვეყნიურ ”ავტომაგისტრალზე” ასე მალე არ გაქროლდებოდი შენი ბოლიდით და კიდევ ერთხელ მოახდენდი სასწაულს. სასწაულები შენგან აბა ვიღას უკვირს? მთელი კარიერა ხომ სასწაულებითა და გამაოგნებელი ამბებით დატვირთული გქონდა. ავტორბოლების რომელი თავგადაკლული ტრფიალი მე ვარ, მაგრამ, თუკი სპორტის ამ შიზოფრენიულ სახეობას ვუყურებდი, უპირველესად იმის გამო, რომ შენი გაფრენები მენახა. გაფრენები შენებურად, აუღელვებლად, დინჯად, გერმანულად, მაგრამ მაინც გაფრენები და მეც ერთი მათგანი ვიყავი, რომელსაც შენთან ერთად უნდოდა გამარჯვების შამპანურის დალევა. დალევა თუ არა, თავპირზე გადასხმა მაინც – შენ რო იცოდი ზუსტად ისე...

აგერ უკვე გამოვტყდი, ავტორბოლების დიდი მოყვარული არ ვიყავი მეთქი, მაგრამ ისე კი მოხდა, რომ რამდენჯერმე ქართველ ავტომრბოლელებთან მომიწია საუბარი და ინტერვიუებიც კი მაქვს მათგან თავის დროზე აღებული. ერთ-ერთ ჩვენებურ ავტომბრბოლელს როდესდაც გულუბრყვილოდ ვკითხე, ვინ არის შენი კერპი ცნობილ მრბოლელებს შორის –მეთქი, ისე გაკვირვებულმა შემომხედა, მივხვდი რაღაც ძალიან დილეტანტურად რომ გამომივიდა შეკითხვა.

”როგორ თუ ვინ არის” – გაიკვირვა იმ კაცმა - ”რა თქმა უნდა მიხაილ შუმახერი და მხოლოდ მიხაილ შუმახერი! განა გინახავს მასზე მაგარი მრბოლელი?!” – მკითხა და მომაჩერდა. მოკლედ, დიდი თავის მართლება დამჭირდა იმ კაცთან, ასეთი მისთვის გაუგებარი კითხვის დასმის გამო და მაშინ ხსენებული ქართველი მრბოლელი ცოტა ახირებულ და უცნაურ კაცად ვცანი. იმ ამბის შემდეგ გავიდა დრო და ნათლად დავინახე, რაოდენ მართალი იყო ”შემახერისტი” ქართველი და იმასაც მივხვდი, რატომ არ უნდა დამესვა კითხვა, თუ ვინ იყო ყველაზე მაგარი. 

ნაღდად არ ვიცი რა ფიქრებმა და მჩხიბავობამ აგიყვანა თხილამურებით იმ დაწყევლილ ადგილზე, მაგრამ ის კი ნაღდად ვიცი, რომ არასოდეს გჯეროდა ამ მჩხიბავობის და შეიძლება ხვალაც იმავე ადგილზე ახვიდე. ეს არ იქნება სიცოცხლისადმი გაუფრთხილებელი მოპყრობა და არც ახალგაზრდულ სიშტერედ ჩაგითვლით. რთული ბარიერების დაძლევა - ეს შენი ცხოვრებაა შუმი და ჩვენ კარგად გვესმის ყველაფერი. სიკვდილიც რთული ბარიერი იყო ჩვენო ძმაო, რომელიც მადლობა ღმერთს, რომ დასძლიე და სწორედ ესაა დიდი სპორტსმენის მებრძოლი და შფოთიანი ბუნება. მიდი, იცოცხლე შუმი და მოგვეცი იმის იმედი, რომ ჩვენ, რიგითი მოკვდავებიც შეიძლება შენსავით უკვდავები გავხდეთ!

0.117118