60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. სტამბოლში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე მან ოთხი შეხვედრა მოიგო. ფინელი ვალტერი იოკინენი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი, აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და რუსეთის სახელით მოჭიდავე არსენ გალსტიანი იპონ-იპონ ჩამოიცილა და ოთხივეს ერთად ექვსი წუთი აკმარა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი შუკვანი მსუბუქი წონის უმთავრეს ფავორიტს, უკრაინის სახელით მოჭიდავე ტიტულოვან ქართველს, გიორგი ზანთარაიას დაუპირისპირდება.
სწორედ ზანთარაიამ გამოთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას 60 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი, ამირან პაპინაშვილი. ეს შეხვედრა მეოთხედფინალში შედგა და უკრაინელმა ქართველმა მეორე წუთზე იმარჯვა. იქამდე, პაპინაშვილმა თურქი ოზკანოღლუ ისკენდერი იუკოთი, ხოლო ფრანგი სოფიან მილუ იპონით დაამარცხა. რეპეშაჟში გადართულმა კი ესტონეთის სახელით მოჭიდავე ელნურ ალიევს ორ წუთში მოუმთავრა საქმე და თუკი არსენ გალსტიანსაც აჯობებს, ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.
66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებმა ძირითად ბადეში მეოთხედფინალს ვერ უწიეს და შესაბამისად, ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგეს. გიორგი შოშიაშვილი პირველსავე წრეში რუმინელ მეტოქესთან, ლასლო სზოკესთან წმინდად დამარცხდა. შალვა ქარდავა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და თურქი მეჰმეთ დურმაზი ჩამოიშორა, ხოლო მერვედფინალში აზერბაიჯანელ ტარიან კარიმოვთან დაიჩაგრა.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება და ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.eju.net) პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ოთარ მაღლაკელიძე







