სტატიები

13:16 | 21.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

“შტურმი” – ზედიზედ მეორედ ქართველებთან, მესამე საკვალიფიკაციოზე

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონის” მეტოქე ავსტრიის “შტურმი” ქართველებისთვის უცხო ნამდვილად არაა. თავის დროზე, ამ კლუბში დავით მუჯირი, ილია კანდელაკი და გიორგი შაშიაშვილი გამოდიოდნენ, ხოლო მიმდინარე ზაფხულში გრაცელთა რიგებში მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე ჩაირიცხა. “შტურმს” ქართულ კლუბთან დაპირისპირება გასულ წელსაც მოუწია – ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” სახლში 2:0 აჯობა, ხოლო სტუმრად 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თუმცა, ფლეო ოფში ორი მატჩის ჯამში (1:2, 0:1) ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. წელს, ვიდრე მეტოქედ “ზესტაფონი” ერგებოდა, “შტურმმა” უნგრული “ვიდეოტონის” ბარიერი დაძლია. პირველ შეხვედრაში გრაცელებმა 2:0 მოიგეს, ხოლო განმეორებითი თამაში 2:3 დათმეს და ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდში გავიდნენ.  

“შტურმი” 1909 წელს დაარსდა. კლუბის სრული სახელი: Sportklub Puntigamer Sturm , მეტსახელი: die Schwoazn   (შავები). გრაცელთა საშინაო სტადიონს UPC-Arena   ეწოდება, რომელიც 15 400 გულშემატკივარს იტევს. კლუბის პრეზიდენტი ჯერალდ სტოლკენჰუბერი, მთავარი მწვრთნელი კი, გერმანელი ფრანკო ფოდა. “შტურმის” სათამაშო ფორმაა - შავი ტრუსები, შავ-თეთრ ზოლიანი მაისური. 
გრაცელები ავსტრიის ჩემპიონები სამჯერ - 1998, 1999, 2011 წლებში იყვნენ, ხოლო მეორე ადგილს ხუთჯერ -1981, 1995, 1996, 2000, 2002 წლებში ფლობდნენ. გარდა ამისა, მათ ოთხჯერ -1996, 1997, 1999, 2010 წლებში ავსტრიის თასი მოიგეს, სამჯერ კი –სუპერთასი - 1996, 1998, 1999.
აქამდე, ევროთასებზე “შტურმის” საუკეთესო მიღწევა 1983-84 წლების უეფას თასის სეზონში მეოთხედფინალში გასვლაა,  სადაც ინგლისურ “ნოტინგემთან” დამატებით დროში წააგო (1:1, 0:1).
გრაცის “შტურმი” არაა ვენის “რაპიდივით” თუ “აუსტრიასავით” მდიდარი ტრადიციების და ტიტულების მქონე კლუბი, მაგრამ როდესაც ავსტრიის საკლუბო ფეხბურთზე საუბრობენ, “შტურმის” იგნორირება უხერხულია. ამ კლუბში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ იტალიელ ნახევარმცველ ჯუზეპე ჯანინის (თუმცა კარიერის ბოლო წლებში), ჩილელ ფრანსისკო როხასს, “შტურმის” ამჟამინდელ მწვრთნელ ფრანკო ფოდას, ავსტრიის ნაკრების ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ივიცა ვასტიჩს და რაც ჩვენთვის სასიამოვნოა, “შავების” ისტორიაში 15 საუკეთესო ფეხბურთელს შორის წერია დავით მუჯირიც... 
კიდევ ცოტა რამ ისტორიიდან: “შტურმს” გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ვერაფერი წარმატება ჰქონდა, მერე კი, გუნდის მწვრთნელად იმხანად თითქმის გამოუცდელი, მაგრამ შემდგომში სახელდაგდებული ოტო ბარიჩი დანიშნეს. მანამდე არაფრით გამორჩეულმა “შტურმმა” იმდენი “გაბედა”, რომ უეფას თასის მეოთხედფინალამდე მივიდა და იქაც გვარიანი ბრძოლა გაუმართა “ნოტინგემს”. შემდეგ ისევ კრიზისში ჩავარდა სტუდენტური ქალაქის კლუბი და ახალი ერა დაიწყო 1992 წელს, როცა ვალებში ჩაფლულებს ახალი პრეზიდენტი მოევლინათ ჰანეს კარტინგის სახით.  
ყველაზე წარმატებული წლები XXI საუკუნის მიჯნაზე ჰქონდათ, როცა “შტურმმა” ზედიზედ სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ერთხელ მეორე ჯგუფურ ეტაპზეც გააღწია. 2000 წელს, ბოსნიელი ივიცა ოსიმის თავკაცობით, 3:0 გაანადგურა უეფას თასის მოქმედი მფლობელი სტამბოლის “გალათასარაი”. ოსიმი 8 წელი (1994-2002) წვრთნიდა “შტურმს” და ამ პერიოდში, გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში სულ ლიდერებში იყო, ორჯერ კი ჩემპიონიც გახდა. 2010 წელს, გრაცელებმა, 11-წლიანი შესვენების შემდეგ “ჩაიხუტეს” ტიტული - ავსტრიის თასი მოიპოვეს. ერთი წლის თავზე კი, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ავსტრიის ჩემპიონებიც გახდნენ. 
ფრანკო ფოდა, გერმანული ბუნდესლიგის კვალობაზე საშუალო დონის ფეხბურთელი იყო, ამპლუით მცველს, რვა სხვადასხვა გუნდში (მათ შორის, “ლევერკუზენი”, “შტუტგარტი”, “კაიზერსლაუტერნი”) უთამაშია და ბოლოს “შტურმშიც” აგორებდა ბურთს, სადაც კარიერის  დასრულებისთანავე დარჩა და გრაცელთა ახალგაზრდული გუნდი ჩააბარეს – 2001 წლიდანაა “შტურმის” სამწვრთნელო შტაბში და 2006-დან თავკაცობს ძირითად გუნდს. ფოდამ “შტურმში” ჩემპიონის ტიტული ორჯერ როგორც ფეხბურთელმა მოიგო და ერთხელ მწვრთნელის რანგში. ფოდა 45 წლისაა და გუნდში ჰყავს ვაჟიშვილი სანდრო, რომელიც შემტევი ნახევარმცველი გახლავთ.
დღევანდელი “შავების” საუკეთესო ფეხბურთელებად ფორვარდები - კინასტი და შაბიჩი, მცველი შტანდფესტი და ნახევარმცველები – ბუკვა და სალმუტერი ითვლებიან. ყველა მათგანი ეროვნული ნაკრების წევრია. ყველაზე პოპულარული მოთამაშე კი 35 წლის თავდამსხმელი მარიო ჰაასია, რომელიც 1992 წლიდანაა “შტურმში” და მხოლოდ ორი სეზონი აქვს სხვა გუნდში გატარებული. ფოდა ჰაასს შეცვლებზე ათამაშებს ხოლმე.
გრაცელებმა 2009-2010 წლების სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, სადაც რუმინულ ბუქარესტის ”დინამოსთან” (0:1, 1:2), თურქულ “გალათასარაისთან” (1:0, 1:1) და ბერძნულ “პანათინაიკოსთან” (0:1, 0:1) კომპანიაში ბოლო ადგილზე გავიდნენ.
და თვითონ ქალაქ გრაცზეც, რომელიც ავსტრიიაში სიდიდით მეორეა – 250 ათასი მცხოვრებლით. გრაცი ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, შტორიას მიწაზეა. კოპწია სტუდენტური ქალაქია, სადაც 4 პრესტიჟული უნივერსიტეტია. გეცოდინებათ, გრაცის სტადიონს “არნოლდ შვარცნეგერი” ერქვა და 2005 წელს გადაარქვეს. ცნობილი მსახიობი გრაციდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელ ტალში დაიბადა.  
გრაცელთა ამჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: კრისტიან გრაცეი, სილვიე ჩავლინა, ალექსანდერ შახნერი.
მცველები: დომინიკ პიურხერი, ფერდინანდ ფელდფოფერი, გიორგი ფოფხაძე, ტომას ბურგსტალერი, მარტინ ეჰრენრეიხი, იოახიმ სტანდფესტი.
ნახევარმცველები: მანუელ ვებერი, ანდრეას, ჰოლცი, ჰარის ბუკვა, სამირ მურატოვიჩი, ფლორიან კაინცი, მატიას კოხი, დეან მარიჩი, კრისტიან კლემი, სანდრო ფოდა, პატრიკ ვოლფი.
თავდამსხმელები: მარიო ჰაასი, იმრე შაბიჩი, რომან კინასტი, მარვინ ვეინბერგერი.
 
 
ილია ნანობაშვილი
ლაშა თაბაგარი  
 
0.130893