ძიუდო

21:20 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

შთამბეჭდავი მონაგარი სალონიკიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ უქმეებზე საბერძნეთში ჩატარებულ “ევროპის თასზე” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. სალონიკურ ტატამზე 24 ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ, მათ შორის გია გუგავას მიერ გაწვრთნილი გუნდის 26 წევრი, რომელთაგანაც 13 შინ მედლით ბრუნდება. 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მომპოვებელმა ნაკრებმა არა მარტო ვაჟთა საერთო გუნდურ ჩათვლაში იმარჯვა, არამედ ვაჟთა და გოგონათა ერთობლივი მონაგარის ცხრილშიც პირველი ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გოგონებში არც ერთი მონაწილე არ ჰყავდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ანდრო ბერუაშვილი (66 კგ), ლაშა ტაველური (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) ავიდნენ. სამმა მათგანმა საჩემპიონო გამარჯვება თანამემამულესთან მოიპოვა – ტაველურმა ბექა ღვინიაშვილს მოუგო, თუშიშვილმა – ირაკლი ქავთარაძეს, ხოლო მატიაშვილმა – გიორგი ზაქარიაძეს.

ტაველურმა ფინალის გზაზე აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვი თურქი ოგუზან ეფემგილი და გერმანელი დავიდ ტეკიჩი ჩამოიშორა. თუშიშვილმა იპონ-იპონ სძლია თურქ ვურალ ტასს, აზერბაიჯანელ ჯალილ შუკუროვს და გერმანიის ნაკრების წევრ ამირ დოკაევს. მატიაშვილი კი ზაქარიაძესთან დაჭიდებამდე ასევე წმინდა გამარჯვებებით გასცდა თურქ სემიჰ ადიამანს, გერმანელ ჯაია მუჰამედსა და ბულგარელ ივან სტოიკოვს.

მარგველაშვილმა რუმინელ ალექსანდრუ იაკობს 2 წუთში მოუმთავრა საქმე, ხოლო აზერბაიჯანელ ტელმან ვალიევს, კვიპროსელ იროდოტოს კელპისსა და თურქ აჰმეთ შაჰინ კაბას ქულებით აჯობა.

ბერუაშვილი საჩემპიონო აღმართს სერბი სტეფან მირკოვიჩის წმინდად ძლევით შეუყვა. აზერბაიჯანელი ტურან სეიდოვი, სომეხი არსენ გაზარიანი და გერმანელი ანტონი ცინგი ქულებით დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ ჯალილ ჯალილოვს იპონით მოუგო.

გიორგი საჩალელსა (55 კგ) და ლევან გუგავას (73 კგ) “ევროპის თასზე“ გაჩემპიონებამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. საჩალელმა სერბი ფილიპ ნურკიჩის, თურქი აჰმეთ ბეიაზტოპრაკისა და ასევე თურქი იავუზ ბესელის ძლევის შემდეგ ფინალში აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვთან დაჭიდებისას 4 გაფრთხილება მიიღო, რაც ავტომატურად მეტოქის წმინდა გამარჯვებას ნიშნავდა.

გუგავამ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში საბერძნეთის ნაკრების წევრ რომან მუსტოპულოსთან წააგო. იქამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა 4 მეტოქე ჩამოიშორა გზიდან: აზერბაიჯანელები ფაგან გულუზადა და აფიგ საფარლი, სომეხი არტავაზდ ოვსეპიანი და გერმანიის ნაკრების წევრი დენის დერკოვსკი.

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ მინდია ღოლიჯაშვილი (55 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ) და როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ). ღოლიჯაშვილმა და გიგანმა ოქროს შანსი მომავალ ჩემპიონებთან: აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვთან და ბერძენ მუსტოპულოსთან წაგების გამო დაკარგეს, ხახალეიშვილი კი ნახევარფინალში გიორგი ზაქარიაძესთან დამარცხდა.

 

ძიუდო

“ევროპის თასი”

ახალგაზრდები

სალონიკი. 6-7 აპრილი

 

55 კგ

1 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)

2 გიორგი საჩალელი (საქართველო)

3 მინდია ღოლიჯაშვილი (საქართველო)

3 მორიც პლაფკი (გერმანია)

 

60 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 აჰმეთ შაჰინ კაბა (თურქეთი)

3 ტელმან ვალიევი (აზერბაიჯანი)

3 გარიკ ჰარუთინიანი (სომხეთი)

 

66 კგ

1 ანდრო ბერუაშვილი (საქართველო)

2 ჯალილ ჯალილოვი (აზერბაიჯანი)

3 შტეფან ჰოფმანი (გერმანია)

3 ანტონი ცინგი (გერმანია)

 

73 კგ

1 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

2 ლევან გუგავა (საქართველო)

3 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

3 აფიგ საფარლი (აზერბაიჯანი)

7 თომა თავზარაშვილი (საქართველო)

 

81 კგ

1 სტეფან მაჟდოვი (სერბეთი)

2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)

5 თეიმურაზ ხაჩიძე (საქართველო)

 

90 კგ

1 ლაშა ტაველური (საქართველო)

2 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი)

3 დავიდ ტეკიჩი (გერმანია)

 

100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 გიორგი ქავთარაძე (საქართველო)

3 ჟურიკა კატიჩი (ხორვატია)

3 ლეონ შტრუბერი (გერმანია)

5 შმაგი ონიანი (საქართველო)

 

+100 კგ

1 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

2 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)

3 როსტომ ხახალეიშვილი (საქართველო)

3 ანდრეი ფატიევი (აზერბაიჯანი)

 

საერთო გუნდური ჩათვლა. ვაჟები

ო    ვ     ბ     V    VII

1 საქართველო   5     5     3     2     1

2 აზერბაიჯანი    1      1     5      0      1

3 სერბეთი           1      0     0      0      3

4 საბერძნეთი      1      0      0      0     0

5 თურქეთი         0      1      0      2     4

6 ბულგარეთი     0      1      0      2     0

7 გერმანია          0      0      6      4     1

8 სომხეთი          0      0      1      2     2

9 ხორვატია         0      0      1      0     0

10 უნგრეთი        0      0      0      1     1

 

0.113424