საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „შსს-აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი დრაგან პეტრიჩევიჩი (სერბეთი) დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას პეტრიჩევიჩის ერთ-ერთი თანაშემწე, ვეტერანი კალათბურთელი არჩილ ჟღენტი ასრულებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „შსს-აკადემიის“ მენეჯერმა მამუკა გოგლიძემ განუცხადა.
„პეტრიჩევიჩი გუნდიდან არავის გაუშვია. იგი თანამდებობიდან თავისი სურვილით გადადგა. ის ითხოვდა ახალგაზრდა სპორტსმენებით დაკომპლენქტებული გუნდი, გამოცდილი კალათბურთელებით გაძლიერებულიყო. რადგან პეტრიჩევიჩმა ამ ეტაპზე გუნდის ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გაძლიერების გარანტია ვერ მიიღო ამიტომ გადაწყვიტა დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა“, - გვითხრა გოგლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში „შსს-აკადემიამ“ პეტრიჩევიჩის ხელმძღვანელობით 5 შეხვედრა ჩაატარა. აქედან ორი მოიგო („მაკაბი“ - 87:83, „ოლიმპი“ – 85:59) და სამი წააგო („არმია“ – 55:70, „ქუთაისი-2010“ – 64:75, „დინამო“ - 49:85).