კალათბურთი

23:08 | 27.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემიამ” კარიერაში პირველი ტიტული მოიგო

“არმიას” (2) “თბილავიამშენის” (2), “ბასკოს” (1), “დინამოს” (1), სტუ-ს (1), თსუ-“ნიკორას” (1), “ენერჯი-ინვესტისა” (1) და სსაუ-ს (1) შემდეგ, “შსს აკადემია” მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ეროვნული თასი მოიგო. თასის ახალმა მფლობელმა, გადამწყვეტ შეხვერდრაში ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული “ოლიმპი”, 79:69 დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ, 58:58 დასრულდა. ოვერტაიმში საუკეთესო იყო “შსს აკადემიას” ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი დევონტა ვონი, რომელმაც დამატებით დროში 9 ქულა დააგროვა და თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი შსს, 2008 წლიდან არსებობს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, აქამდე, ძალოვნებს, საქართველოში არსებულ ტურნირებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ერთი სინჯის მედალიც კი არ ჰქონდათ მოგებული.
ფინალამდე, “შსს აკადემიამ” თსუ (85:62) და თასის აწ უკვე ყოფილი მფლობელი “არმია” (73:65) დაამარცხა.
შემადგენლობიდან და სათამაშო კლასიდან გამომდინარე, ფინალისტებს თასის აღების თანაბარი შანსი ჰქონდათ.
მატჩის დაწყებისას ორივე გუნდი ფრთხილობდა და მეტ ყურადღებას დაცვაში თამაშს აქცევდა. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესბით მიმდინარეობდა. პრევიტისა და არჩიბეკის აქტიური თამაშის შემდეგ, “შსს აკადემია” მე-5 წუთისთვის 10:4 დაწინაურდა. “ოლიმპის” მხრიდან, ესტონეთის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი სტენ სოკი და ლიტველი ლეგიონერი მარტინას ანდრიუკაიტისი აქტიურობდნენ, რასაც ვერ ვიტყვით მათ თანაგუნდელ, “ოლიმპისა” და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელ სტევან მილოშევიჩზე, რომელმაც “ოლიმპს” პირველი ორი ქულა, მე-2 მეოთხედოს მე-5 წუთზე მოუტანა. მილოშევიჩის სუსტი თამაში შეიძლება იმით აიხსნას, რომ ტრავმირებული ფეხით თამაშობდა და თან, “შსს აკადემიასა” და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი კირკ არჩიბეკი მეურვეობდა.
მეორე მეოთხედის დასაწყისში, “შსს აკადემიას” კიდევ ერთმა ლეგიონერმა ჩად პრევიტმა (აშშ), ფეხის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. აღნიშნულ მეოთხედში, “ოლიმპმა” ანგარიშში სხვაობა სამამდე შეამცრია – 28:31.
მე-3 მეოთხედის შემდეგ, “შსს აკადემიას” უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომელიც 13 ქულით, 49:36 დაწინაურდა.
ძალოვნებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება და კინაღამ დაისაჯნენ. მე-4 მეოთხედმა “ოლიმპის” უპირატესობით ჩაიარა. ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთითა და 13 წამით ადრე, მილოშევიჩის ორქულიანის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 53:54.
ამის შემდეგ, ორივე გუნდი იმდენად ღელავდა, რომ ბურთს კალათში მარტივი სიტუაციიდანაც კი აცილებდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 19,2 წამით ადრე, ვონმა “შსს აკადემია” 3 ქულით დააწინაურა – 58:55. 8 წამის შემდეგ, ოლიმპელმა ანდრიუკაიტისმა სამქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში და ანგარიში გაათანაბრა – 58:58.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა.
ოვერტაიმის დაწყებისთანავე, ლომოურმა სამქულიანით “შსს აკადემია” დააწინაურა – 61:58. ამის შემდეგ, დეონტა ვონის ჯერი დადგა. მისი აქტიური თამაშის წყალობით, ძალოვნები ოვერტაიმის დასრულებამდე 1,25 წამით ადრე 69:61 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში, “შსს აკადემიამ” შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “შსს აკადემიას” უკანახაზელი დევონტა ვონი, რომელმაც 27 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ვონის თანამემამულე და თანაგუნდელი კირკ არჩიბეკი, რომელმაც 12 ქულა და 21 მოხსნა მიითვალა. არ შეიძლება არ აღინიშნოს “შსს აკადემიას” კიდევ ერთი წევრის, ილია ლონდარიძის კარგი თამაში, რომელმაც თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ “შსს აკადემიას” ახალი ლეგიონერის, ბენჟამენ რაიმონდის ცუდი თამაში. თუ ძალოვნებმა ეს კალათბურთელი დაიტოვეს, ჩემი აზრით, დიდ შეცდომას დაუშვებენ.
“ოლიმპის” მხრიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა, მარტინას ანდრიუკაიტისმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ ანდრიუკაიტისის თანაგუნდელები: ლევან ფაცაცია (12ქ. 11მ.) და სტევან მილოშევიჩი (10ქ. 10მ.).

გეორგის კეცედელისი (“შსს აკადემიას” მწვრთნელი): “თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს ჩამოვედი საქართველოში. წამოსვლამდე, ჩემს ქალიშვილს შევპირდი, რომ ერთ წელიწადში, ჩემი მწვრთნელობით კლუბი მოიგებდა. მინდა, ეს მოგება ცოლსა და ქალიშვილს მივუძღვნა და ასევე ჩემს კოლეგა კუფოსს, რომელმაც ერთი კვირის წინ გულზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ძალიან მგულშემატკივრობს. ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს, ძალიან საინტერესო თამაში გვაჩვენეს და ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. რაც შეეხება თასს, მინდა, ლევან მიქაბერიძეს და მამუკა გოგლიძეს გადავცე პირადად, იმიტომ, რომ ბევრს შრომობენ კლუბისთვის”.
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მწვრთნელი): “დღეს ღირსეულმა გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩემს გუნდს, მილოშევიჩს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, თან ეტყობოდა, რომ უფრთხოდა იმ ფეხს, რომელიც ბოლო თამაშზე იტკინა. სამწუხაროდ, ჩვენმა მსროლელებმა ვერ გაამართლეს, 17-დან მხოლოდ სამი ჩააგდეს. არადა, ჩვენი კოზირი სწორედ ეს იყო”.
დეონტა ვონი (“ოლიმპი”): “პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს “ოლიმპის” კარგი თამაში. საერთოდ, ჩემი პლიუსები – კარგი პასი, სროლა, შესვლა – “ოლიმპთან” ყველაზე მეტად მიჭირს. ნამდვილად ღირსეული და ძლიერი კონკურენტია. ეს საუკეთესო მატჩი იყო ჩემს კარიერაში”.
მიხეილ ბერიშვილი (“ოლიმპი”): “ვულოცავ “შსს აკადემიას” ღირსეულ მოგებას. ვერ გამოვიყენეთ შორი ტყორცნები და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა”.
ჩად პრევიტი (“შსს აკადემია”): “ჩემთვის პირველი ტრავმაა, ძალიან ვნერვიულობ. მართალია, ახლა დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, მალე შევძლებ თამაშს”.

 



 

საქართველოს თასის ყველა ფინალი
1.    2003 წელი – ბასკო-აზოტი – 85:77
2.    2004 – დინამო -სტუ – 75:72
3.    2005 – სტუ - თბილავიამშენი – 90:84
4.    2006 – თსუ-ნიკორა – თბილავიამშენი – 81:79
5.    2007 – თბილავიამშენი - აზოტი – 83:79
6.    2008 – თბილაიამშენი - თსუ – 110:90
7.    2009 – ავიამშენი _ ენერჯი - ინვესტი – 71:80
8.    2010 – თსუ - სსაუ – 76:91
9.    2011 – შსს – არმია – 51:71
10.    2012 – არმია - ქუთაისი – 86:80
11.    2013 – შსს აკადემია - ოლიმპი – 79:69

 

როლანდ ლაბუჩიძე
ეკა ლოლუა
 

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცეემბი

0.109238