თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სუპერლიგის პლეი აუტში ერთმანეთს “დინამო” და “შსს აკადემია” დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში მცირე სხვაობით - 99:93 “შსს აკადემიამ”იმარჯვა და მე-5 ადგილი მოიპოვა. შესაბამისად, “დინამო” მე-6 ადგილზე გავიდა. ფინალისტთაგან ყველაზე მეტი - 36 ქულა ლარი ბლერმა გააკეთა, დინამოელთაგან კი ორმაგი დუბლით ალექსანდრ ზესევიჩი და ქეირონ კარტერი გამოირჩნენ (ზესევიჩს ჰქონდა 26 ქ. და 12 მ., კარტერს 16 ქ. 10 მ).
გიორგოს კეცელიდისი, “შსს აკადემიას” მწვრთნელი: “მინდა მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის, განსაკუთრებით ასისტენტს – არჩილ ჟღენტს და ფიზმომზადების მწვრთნელ დათო არეშიძეს. აქვე გეტყვით, რომ მომავალი სეზონიდან კიდევ ერთი ასისტენტი მეყოლება – გიორგი ნიკოლაძე და ყველაფერს გავაკეთებთ ქართული კალათბურთის განვითარებისთვის”.
გიორგი ნიკოლაძე, “შსს აკადემიას” კალათბურთელი: “უპირველეს ყოვლისა გიორგოს კეცელიდისს ჩვენს გუნდში მუშაობისთვის მადლობას ვუხდი. მან ევროპულ კალათბურთს გვაზიარა და მისი გამოცდილება საქართველოს ძალიან წაადგება, მე კი აქტიურ კალათბურთს თავს ვანებებ და გზას ახალგაზრდებს ვუთმობ”.
ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მწვრთნელი: “ორივე გუნდს შეგვეძლო უფრო მაღალი ადგილები დაგვეკავა. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იყო “დინამოს” მწვრთნელობა და ჩემს ბიჭებს დიდ მადლობას ვუხდი”.
ალექსანდრ ზესევიჩი, “დინამოს” კალათბურთელი: “ქართველებს ბევრი მაღალი დონის მწვრთნელი და კალათბურთელი გყავთ და მსოფლიო ასპარეზზე კარგი შანსები გაქვთ. “დინამოს” კი მასპინძლობისთვის მადლობას ვუხდი”.
ამჟამად სპორტის სასახლეში “სოხუმი” – “არმია” მიმდინარეობს.
რუსუდან ჭუმბერიძე







