ფეხბურთი

18:02 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია საქართველოს “აიბროქსზე” დაუხვდება?

 

ევრო 2016-ის D შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ირლანდიისა და შოტლანდიის ეროვნული გუნდებიც არიან. მართალია, ირლანდიის რესპუბლიკა ოფიციალურად ბრიტანეთის შემადგენლობაში არ შედის, მაგრამ ამ ხალხებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ ისტორიულადაც და ტრადიციების მხრივაც. ამიტომაც თქვა წილისყრის შემდეგ ირლანდიელთა დამრიგებელმა, მარტინ ო’ნილმა: განსაკუთრებით შოტლანდიელთა წინააღმდეგ დიდი მატჩები გველისო.

 წილისყრის შემდეგ ო’ნილი შოტლანდიელთა მწვრთნელს, გორდონ სტრაჩანს შეხვდა. ისინი დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. 2005 წელს “სელტიკის” მწვრთნელის პოსტზე ო’ნილი სწორედ სტრაჩანმა შეცვალა. მათი პირველი შეხვედრა წლეულს 14 ნოემბერს შოტლანდიაში უნდა გაიმართოს და სავარაუდო სტადიონის შესახებ უკვე დაიწყეს ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ სქოთების საშინაო აქრენა “ჰემპდენ პარკი” “თანამეგობრობის თამაშებს” (Commonwealth Games) უმასპინძლებს და მაგ დროისთვის მზად არ იქნება, ამიტომ არჩევანი “აიბროქსსა” და “სელტიკ პარკს” შორის უნდა გაკეთდეს.

Daily mail-ი წერს, რომ დიდი ალბათობით, 11 ოქტომბერს შოტლანდიელები საქართველოს ნაკრებს “აიბროქსზე” უმასპინძლებენ, ირლანდიასთან კი მატჩი “სელტიკ პარკზე” გაიმართება. მოგეხსენებათ, “აიბროქსი” “გლაზგო რეინჯერსის” საშინაო არენაა და 50 987 მაყურებელს იტევს.

“ჩემთვის სასიამოვნო იქნება “სელტიკ პარკზე” დაბრუნება, - ამბობს ო’ნილი, - თანაც ირლანდიიდან უამრავი გულშემატკივარი ჩამოვა, “სელტიკ პარკი” კი “აიბროქსთან” შედარებით 10 ათასი მაყურებლით მეტს იტევს. ერთი სული მაქვს, შოტლანდიასთან თამაშის დღე როდის დადგება.”

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიაში ჩვენიანებს ერთხელ უკვე უთამაშიათ საკვალიფიკაციო მატჩი. 2007 წლის 24 მარტს, მაშინ კლაუს ტოპმიოლერის შეგირდები “ჰემპდენ პარკზე,” ევრო 2008-ის შესარჩევ შეხვედრაში 1:2 დამარცხდნენ ალექს მაკლიშის გუდთან. კრის ბოიდისა და კრეიგ ბიტლის გოლებს ქართველებმა შოთა არველაძის შესანიშნავი თავურით უპასუხეს.

0.134582