თურქეთის “ქასიმფაშას” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე, რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში დიკ ადვოკატის თანაშემწედ მუშაობაზე უარი თქვა.
- როგორც ამბობენ, ბოლო წლებში რუსეთში მუშაობის “ვარიანტები” გქონდათ...
- “ვარიანტები” ხმამაღალი ნათქვამია. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთი ვარიანტი მართლაც იყო. თან, სერიოზული.
- ის მაშინ გაჩნდა, როდესაც რუსეთის ნაკრებში დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ...
- დიახ, მას სურდა, რომ სამწვრთნელო შტაბში ვყოფილიყავი. ამის შესახებ მთხოვა კიდეც და მასთან ერთად ეს თემა განვიხილეთ. თუმცა, ხომ გახსოვთ რა დრო იყო... მაშინ, ამის შესახებ ფიქრიც არ შემეძლო. ეს საერთოდ შეუძლებელი იყო. შევეცადე დიკისთვის ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ თავდაპირველად მან ვერაფერი გაიგო. ადვოკატმა მითხრა: “შოთა, ამ სამუშაოს მსოფლიოში ბევრი მწვრთნელი მაშინვე დათანხმდებოდა”! თუმცა, მე ვიუარე.
- შედარებით, ცოტა ხნის წინ, რუსეთში კვლავ მიგიწვიეს – ამჯერად, პრემიერლიგის ერთ-ერთმა კლუბმა. მგონი, “ყუბანმა”?
- არა, “კრასნოდარმა”. თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური მიწვევა მივიღე. წინასწარი სატელოფონო საუბარი შედგა. ნაკრებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ამ საკითხს ადვოკატი წყვეტდა. “კრასნოდარის” შემთხვევაში კი, კლუბის პრეზიდენტს არ დაურეკავს. უბრალოდ, ჩემი გეგმებით დაინტერესდნენ. ასე რომ “კრასნოდარს” სამუშაოს დაწყების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ვერ განვიხილავ.
- მართალია, რომ ლუის ვან გაალს “სპარტაკში” ეპატიჟებოდნენ?
- ასეთი რამ იყო. ერთხელ ვალერი კარპინს ვესაუბრე და მან ვან გაალის შესახებ მკითხა. თითქოს, მასთან დაკავშირებას აპირებდა. მე ტელეფონის ნომერი გავუგე. შემდეგ რა მოხდა და მოვლენები როგორ განვითარდა არ ვიცი.
- მას თქვენ მასწავლებლად მიიჩნევთ?
- ყველა, ვისაც მასთან უმუშავია, იგივეს გეტყვით. ის ძალიან დამეხმარა.
- როგორც ადამიანს ნეგატიური იმიჯი შეუქმნეს...
- არადა, ის ძალიან კარგი პიროვნებაა. დიახ, მას აქვს შეხედულებები, რომლებიც ზოგიერთს არ მოსწონს. შესაძლოა, ზოგიერთს კი არა, ბევრს.
- თავის დროზე, მოსკოვში არცთუ ძლიერ “ლოკომოტივს” “მეხუთე ბორბალს” ეძახდნენ. სტამბოლში არიან “ფენერბახჩე”, “გალათასარაი” და “ბეშიქთაში”, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში წამყვან კლუბებად ითვლებიან. თქვენს მიერ გაწვრთნილი “ქასიმფაშას” მიმართ როგორი დამოკიდებულებაა?
- გინდათ მკითხოთ, ჩვენ რომელი ბორბალი ვართ? ამჟამად, სათადარიგო, რომელიც აუცილებელია. როდესაც გზა გრძელია და “პროფილაქტიკები” არაა, სათადარიგო ბორბალი აუცილებელია. ადგილობრივი სპეციფიკის სიტყვებით ახსნა ჩემთვის ადვილი არაა. ჩამოსვლა და ყველაფრის ადგილზე ნახვაა საჭირო, რათა გაიგო კლუბი როგორ მუშაობს.
- თქვენ კლუბს “თავხედად” მიიჩნევენ? ცდილობენ სხვადასხვა გზებით შეაჩერონ?
- ტრადიციების დარღვევა არავის სურს, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ, რუსეთში, ჰოლანდიასა და პორტუგალიაში. ალბათ, ჩვენი წარმატება ყველას არ უხარია. არა უშავს, შეეჩვევიან.
- ცოტა ხნის წინ, “ქასიმფაშასა” და “ბეშიქთაშის” მატჩში სერიოზული სკანდალი მოხდა...
- როდესაც მეტოქე გვიტევდა, მოედანზე მეორე ბურთი გამოგორდა.
- თქვენი გუნდის მოთამაშე დონკმა ის ხელში აიღო და როდესაც სტუმართა ფეხბურთელი საჯარიმოში მოხვდა, ერთი ბურთი მეორეს ესროლა და მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო...
- არბიტრმა მცველი ყვითელი ბარათით დასაჯა და თამაში “სადავო ბურთის” გდებით განაახლა. თუმცა, “ბეშიქთაშის” ფეხბურთელები გაძევებასა და პენალტს ითხოვდნენ. თითქოს ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სამი ქულა “მოვიპარეთ”. ახლა ყველაფერი დაწყნარდა.
- მოგვიანებით მომხდარის შესახებ ჩვენს სამსაჯო ექსპერტებს ვკითხე. მათ მსაჯის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. თუმცა, აღნიშნეს, რომ მსაჯებს ადრე უნდა შეემჩნიათ, რომ მოედანზე მეორე ბურთი გამოჩნდა. დონკს მეტოქისთვის გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა არ წაურთმევია და რადგან ასეა, გაფრთხილება სრულიად საკმარისია. პენალტი იმ შემთხვევაში უნდა დაენიშნათ, მცველს არა მეორე ბურთი, არამედ თავისი ბუცი ან წვივსაფარი რომ ესროლა. ასეთია წესები.
- საბოლოოდ, თურქეთშიც აღიარეს, რომ მსაჯი მართალი იყო.
- კლუბის მეპატრონე ვინაა?
- მდიდარი ბიზნესმენი თურგაი ჯინერი. “ქასიმფაშა” ერთადერთი თურქული კლუბია, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნის და ის თავის ფულს ხარჯავს. სხვა კლუბები სააქციო საზოგადოებებია. მათი შემოსავალი სპონსორებზე და სატელევიზიო უფლებების გაყიდვაზეა დამოკიდებული.
- თუ საიდუმლოო არაა, “ქასიმფაშას” ბიუჯეტი რამდენია?
- შარშან, თუ არ ვცდები 25 მილიონი დოლარი იყო. მაშინ, ტრანსფერებზე 15 მილიონი დაიხარჯა, ხოლო წელს – 10 მილიონი.
- ლეგიონერები ბაბელი, დონკი, სკარიონე, ანდრე კაშტრუ, აკტასი გუნდში თქვენ მიიყვანეთ...
- ისაქსონისა და ტაბარეს გარდა, ყველა ჩემი მიყვანილია.
- ზამთარში ვინმეს შეძენას კიდევ აპირებთ?
- თურქეთში უცხოელებზე ლიმიტია. ამის გამო, ვწვალობთ. ახლა ჩვენ თურქები გვჭირდება.
- მთავარ მწვრთნელად მუშაობა “ქაისერისფორში” დაიწყეთ, მაგრამ 2 წლის შემდეგ გუნდიდან წახვედით. “ქასიმფაშას” წინადადებას რატომ დათანხმდით?
- ქაისერში მარტო ვიყავი. ოჯახის გარეშე ძალიან გამიჭირდა. უცებ, ეს ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. შარშან, ჰოლანდიაში მიწვევდნენ – “ალკმაარში”. მადლობა გადავუხადე, მაგრამ უარი ვუთხარი.
- თითქოს, მერაბ ჟორდანია “ვიტესში” გელოდებოდათ?
- ასეთი რამ მართლაც იყო.
- სამწვრთნელო Pro ლიცენზია საქართველოში არ აგიღიათ. რატომ?
- ფედერაციას ასეთი ლიცენზიის გაცემის უფლება არ ჰქონდა და ამის შესაძლებლობა, მხოლოდ 2014 წელს ექნება. ამიტომ, მისი აღება უკრაინაში მომიწია.
- საუბრობდნენ, რომ ამისულაშვილმა ძალიან დაგაღალატათ – ყველაფერი მიატოვა და “ქაისერისფორდან” რუსეთში წავიდა. ასე იყო?
- ვფიქრობ რა გიპასუხოთ. თითოეული თავისი კარიერის აწყობას ცდილობს. ეს ნორმალურია. დანარჩენი კი, ჩემსა და ამისულაშვილს შორის დარჩეს.
- ივლისში თბილისში ყოფნისას ერთ ნაცნობ ყოფილ ფეხბურთელს ვესაუბრე, რომელიც ამჟამად მწვრთნელია. მის გვარს არ დავასახელებ. მან თქვა, რომ ამჟამად ქართულ ფეხბურთს ძალიან რთული პერიოდი აქვს, რადგან ნიჭიერი ადგილობრივი ფეხბურთელები არ არიან და პერსპექტივაშიც არ ჩანან. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო. დაახლოებით 50-მდე მოთამაშეს კარგი სკოლა ჰქონდა გავლილი და მაღალ დონეზეც ითამაშა. ბევრმა მწვერვალებსაც მიაღწია – არა მხოლოდ კალაძემ და მე. შემდეგ პრობლემები გაჩნდა. რა დროს ფეხბურთია, როდესაც სახლში გაზი და შუქი არ გაქვს? ჩემ თაობას ეს პერიოდი აცდა.
იმ დროს ხიზანიშვილი, ასათიანი და მათი თაობა 10 წლისა იყვნენ. პრობლემების მთელი სიმძიმე ბოლომდე არც მათ უგრძვნიათ. მათ შემდეგ კი, დაღმასვლა დაიწყო. საქართველო ხომ ბრაზილია არაა. ამიტომ, ახლა პირველ ნაკრებს პრობლემები აქვს.
თუმცა, მუშაობა მიდის. ახალგაზრდა მწვრთნელები გამოჩნდნენ. ასაკობრივი ნაკრებები ძალიან კარგად თამაშობენ და ევროპი ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ხვდებიან - ინგლისელებს, ჰოლანდიელებსა და ესპანელებს უგებენ.
- იმავე ივლისში თბილისის “დინამოს” აკადემიის გახსნის ცერემონია შედგა. ყველაფერი ლამაზად და საზეიმოდ გამოიყურებოდა. ბევრი ვეტერანი იყო – ჩივაძე, სულაქველიძე, გაბელია, ძოძუაშვილი, ჩელებაძე, კალაძე, ქეცბაია, შევჩენკო... თუმცა, მთელი ყურადღება და პატივისცემა წილად კრიშტიანუ რონალდუს ხვდა. გასაგებია, რომ ის მიწვეული ვარსკვლავი იყო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, საწყენი იყო, დიდი ქართველი ფეხბურთელების, ვეტერანების შემხედვარე. მათ მიმართ ყურადღება გაცილებით ნაკლები იყო.
- ეს მასმედიის “დამსახურებაა”. გაზეთებში და ტელევიზიებში მხოლოდ მესისა და რონალდუზე იწერება და საუბრობენ. ვის ეცოდინება ჩივაძე, რომელიც 30 წლის წინა თამაშობდა? ბევრ ბავშვს გაუგია ედუარდ სტრელცოვის შესახებ? ვთქვათ, მამაჩემი იყიდის გაზეთს, სადაც ხურცილავაზე წერია, მაგრამ უმცროს თაობას მესისა და რონალდუზე სურს სტატიის წაკითხვა. ირინა შეიკის შესახებ მასალა გაზეთისთვის უფრო ადვილი გასაყიდია, ვიდრე ვეტერანებზე. ასეთია ცხოვრება.
- წარმოიდგენდით, რომ “რეინჯერს” მსგავსი რამ შეიძლებოდა მოსვლოდა – გაღარიბება, დაქვეითება და ასე შემდეგ?
- ყველა დეტალი არ ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ იქ ყოველ თამაშზე სტადიონი სავსეა და 50 000 გულშემატკივარი საყვარელ გუნდს მხარს უჭერს.
- თქვენი აზრით, “რეინჯერსი” ძველ დიდებას ისევ დაიბრუნებს?
- აუცილებლად. ამაში ეჭვი არ მეპარება.
- ყოფილ პარტნიორებთან გლაზგოდან ურთიერთობა გაქვთ?
- რა თქმა უნდა. უფრო მეტად ჰოლანდიელებთან და 2 შოტლადიელთან. აი, ბარი ფერგიუსონს დიდი ხანია არ შევხმიანებივარ. კლაუდიო კანიჯასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის თურქეთში ჩემთან სტუმრად იყო ჩამოსული.
- ახლა სად იმყოფება?
- მარბელიაში ცხოვრობს.
- ფეხბურთთან კავშირი აქვს?
- სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.
- რამდენიმე წლის წინ ბრაიან ლაუდრუპს სიმსივნე აღმოაჩნდა. ახლა როგორაა– გამოჯანმრთელდა?
- ყველაფერი კარგადაა – გამოჯანმრთელდა.
- მიქაელ ლაუდრუპს დიდი ხანია არ შეხვედრილხართ?
- შარშან შევხდი. რამდენჯერმე ტელეფონით ვესაუბრე.
- “სპარტაკში” მის მუშაობაზე ისაუბრეთ? არ დაუჩივლია, რომ მას ასე მოექცნენ?
- არა. ამ თემას არ შევხებივარ – არ მსურდა მისთვის მტკივნეული თემა შემეხსენებინა.
- ტიჯანი ბაბანგიდა სად დაიკარგა?
- ის ნიგერიაშია. მას თავისი კომპანია აქვს, გაზითა და ბენზინით ვაჭრობს. “ბაბა-მენავთობეა”.
- თითქოს მას რუსეთში რაღაც კავშირები ჰქონდა?
- დიახ. სამი წელია არ მინახავს.
- თქვენი ძმების საქმე როგორ მიდის?
- ნორმალურად. არჩილი ფეხბურთოს ფედერაციის სპორტული დირექტორია, ხოლო რევაზი – გენერალური მდივანი.
- გატუზოსთან ერთად “რეინჯერსში” არ გითამაშიათ. თუმცა, ამ ადამიანზე და ფეხბურთელზე თქვენი შეხედულება გექნებათ. შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ის კორუფციულს სკანდალში მოხვდებოდა?
- ფეხბურთს 20 წელი ვთამაშობდი საბჭოთა კავშირში, საქართველოში, თურქეთში, შოტლანდიაში, ესპანეთში. არ მახსოვს, რომ იმ გუნდებში სადაც მე ვიყავი, მსგავსი რამ მომხდარიყო. თუმცა, გატუზო “მილანში” გამოდიოდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ტყუილია. შესაძლოა, ვინმე უჭკუომ დაურეკა და რაღაც კითხვა დაუსვა.
- ამჟამად, რომელი გუნდი თამაშობს ფეხბურთს, რომელიც მოგწონთ?
- “ბაიერნი”.
- ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე წახვალთ?
- ძალიან მინდა. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა.