ჩვენი თაობა გაიზარდა იმ დროსა და ისეთი ვითარებაში, როდესაც უფროსმა თაობამ, სიახლეები უბრალოდ არ იცოდა როგორ დაენერგა, მომდევნო თაობას კი სიახლეების ნამეტანი ეშინოდა. ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ არცოდნა და მომავლის (პროგრესის) შიშები ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად რჩება და ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ქართულ სპორტზეც აისახება ხოლმე.
მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ გავიცანი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი, რომელიც თავის მწვრთნელს მხოლოდ იმიტომ აგინებდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა გუნდში ვარჯიშის ახალი მეთოდები დაენერგა. “ბიჭო, ”გვბრიდავს” ეგ კაცი ტო! შევა ინტერნეტში, რომელიღაც ინგლისური გუნდის რაღაც დებილურ ვარჯიშს ნახავს და მერე გვეუბნება - თქვენც იგივე უნდა გააკეთოთო. ეგრე სადაა ძმაო! ეს ინგლისი კი არაა, მათებურად რომ გვავარჯიშებენ. დათო ყიფიანს სულ არ უვარჯიშია ინგლისურად, მაგრამ ხომ იყო მაგარი ფეხბურთელი?!” – მითხრა და როდესაც ჩემს გაბრაზებულ სახეს შეხედა, მასაც გაუქრა ამ თემაზე საუბრის გაგრძელების სურვილი და მეც გადავწყვიტე ნერვების მოშლის ნაცვლად დროულად მოვშორებოდი იმ კაცს.
მოდით არ გვინდა იმის განხილვა, თუ როგორი ვარჯიშები იყო ძველ დროს და შეესატყვება თუ არა გასული საუკუნის 70-იანი, 80-იანი წლების საფეხბურთო რეალობა თანამედროვე მოთხოვნილებებს. უბრალოდ ჩვენ ნათლად ვხედავთ იმას, რომ საქართველოში ძველი და მართლაც კარგი (ამ შემთხვევაში ყიფიანის დროის ქართული ფეხბურთის) ამბებითა და ტრადიციებით ხდება საკუთარი არაკომპეტენტურობის, სიზარმაცის, უსაქმურობისა და ბოღმიანობის გამართლება. ეს ყველაფერი ასევე “ქართველობადაც” იფუთება და ბოლოს ვიღებთ გაზულუქებულ, სრულიად მარგინალ ადამიანს, რომელიც რეალურად არაფრის აზრზე არაა, გამუდმებით წარსულზე მსჯელობს და საკუთარ ნაკლოვანებებს არასოდეს აღიარებს.
პროგრესისა და პროგრესული ქვეყნების შიში – ესაა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მწვავე უბედურება. ადამიანებს მოსწონთ ევროპული ფეხბურთი, მოსწონთ და სიამოვნებით გადაადგილდებიან ევროპაში დამზადებული ავტომობილებით, კოხტად არახრახებენ გერმანულ, ჩეხურ თუ ბელგიურ ლუდებს, ცდილობენ ამერიკასა და ევროპაში ჩავიდნენ სათამაშოდ თუ სამუშაოდ, მაგრამ როდესაც ამ ადამიანებს დასავლეთზე შეეკითხები, უმალ ავიწყდებათ იქაური ფეხბურთიც, ავტომობილიც, ლუდიცა და სხვა კაი-კაი რამეები და ეგრევე კრულვაზე გადადიან, რომელთა შინაარსი იმდენად ერთფეროვანი და არაფრისმომცემია, რთულიც კია ამის შემდეგ ამ ადამიანებთან საუბრის გაგრძელების სურვილი გქონდეს.
“გარყვნილი ევროპა” – როდესაც შენს ქვეყანაში, შენს სამეზობლობში და შენს გარშემო ამდენი საძაგლობა ხდება. “მაგათ ჩვენი გადაგვარება უნდათ” – როცა საქართველო ნარკომანიის კუთხით მსოფლიოში მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ქვეყნებში კი ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი წლიდან-წლამდე იკლებს. “არაჯანსაღი ღირებულებების მქონე დასავლეთი” – როდესაც გერმანიასა თუ საფრანგეთში ყოველ დილით მოსახლეობის 70% კავდება ვარჯიშით, საქართველოში კი სპორტის უარყოფის გამო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ყოველწლიურად იმატებს. ეს ყველაფერი ხდება მცდარი და დამღუპველი მითების გამოისობით, რომლებიც არსებობს ეჭვები, რომ ერთ ყველასათვის “საყვარელ” ჩვენს მეზობელ ქვეყანაში იქმნება და სამწუხაროდ წარმატებულად ვრცელდება საქართველოშიც.
ამ დროს კი ცხოვრება თავისი დინებით მიდის. ჩვენს პლანეტაზე ადამიანები ყველგან ხვდებიან პროგრესის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. საქართველოში სამწუხაროდ სულ სხვა დარდები გვაწუხებს. იმედია სულ ასე არ გაგრძელდება...