ბლოგი

12:04 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა მისტერ ვუდთან

მაშინ, როდესაც მთელი დედაქალაქი დასასვენებლად იყო გაკრეფილი, მე და მისტერ ვუდი მტვრიანი ქუჩის ბოლოს ერთ პატარა საჩაიეში ვისხედით და იმ დროს ვიხსენებდით, როდესაც ჯერ კიდევ ციცქნა ყმაწვილები ვიყავით და ჩვენი საერთო მთავარი ოცნება ჩვენი სახლებიდან სტადიონის გასახდელამდე გვირაბის გაყვანა იყო. ეს იდეა ვუდის სკოლაში გეომეტრიის გაკვეთილზე მოუვიდა, ფურცელზე დაწერა და გადმომაწოდა. იმხანად ჩვენი პატარა ქალაქის გუნდი კარგად თამაშობდა და სტადიონზე გამუდმებულად ანშლაგები იყო, სადაც შეღწევა გავლენიან ბიძაკაცებსაც კი უჭირდათ და სულ რაღაც თერთმეტიოდე წლის ყმაწვილებისათვის ბილეთის შოვნა ჭეშმარიტად დიდი ოცნება და ფუფუნება იყო. ჰოდა ამ ოცნებებსა და მატჩებზე შესვლაზე გეგმების დაწყობის დროს გამიმხილა ვუდმა თავისი აღმოჩენა გვირაბთან დაკავშირებით.

თავიდან გადავწყვიტეთ, რომ გვირაბი ჩემი სახლიდან (რაკი ჩემი სახლი უფრო ახლოს იყო სტადიონთან) ერთად უნდა გაგვეთხარა და გვირაბის სრულფაოსვანი მფლობელები ორვენი ვიქნებოდით. მაგრამ მერე რაღაცაზე წავკამათდით და ჩვენ-ჩვენი სახლიდან გადავწყვიტეთ სათითაო გვირაბის გათხრა. ვუდმა მამამისის საწყობიდან დიდი და ძალიან მძიმე ბარი და კიდევ უფრო მძიმე ნიჩაბი ჩაიტანა საკუჭანაოში და გვირაბის გასათხრელად საკუჭანოს კედლის გამოთხრას შეუდგა. მე კი, ეგრევე ჩემს ეზოში დავუწყე მიწის ჩიჩქნა და ამის გამო ჩვენი მოხუცი კოლუმბიელი მებაღისგან, სენიორ ლუკინოსგან გვარიანი ალიყურისც მომხვდა.

გვირაბთან დაკავშირებული ჩვენი ოცნებების საბოლოო ჩაფლავება ორივემ მტკივნეულად გადავიტანეთ. მე მამაჩემმა მებაღის ალიყური არ მაკმარა და მთელი თვე ფეხბურთზე წასვლის აკრძალვით დამსაჯა. ვუდი კი დედამისმა იმით დასაჯა, რომ ჩემთან მეგობრობა აუკრძალა და კარგა ხანი რომეო და ჯულიეტასავით ერთმანეთს შორიდან შევციცინებდით.

და აი ახლა, როდესაც მეც სიჭარმაგეში გადაველ და მისტერ ვუდსაც თავზე ღერი თმაც კი აღარ შერჩენია, იმ პატარა საჩაიეში მთელი ეს ამბები გავიხსენეთ და ბოლოს ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. ერთამანეთს კი დიდად ვუმალავდით იმ ცრემლებს, მაგრამ გულს სად დამალავ? დარდებს სად დამალავ? ახლა მე და მისტერ ვუდი ქევყნის თავსა და ბოლოში მდებარე დიდ ქალაქებში ვცხოვრობთ და ეკომიგრანტების წოდება რამდენიმე წლის წინ შეგვიჩერეს.

სულ რაღაც 15 წლისები ვიყავით, როდესაც ჩვენს მთებში ჩაკარგულ მშობლიურ ქალაქში უცნობი ადამიანები გამოჩდნენ, რომლებმაც მიწისა და მთების აზომვა დაიწყეს. მერე რუხკოსტუმიანი კაცები გამოჩდნენ, რომლებმაც ჩვენს მშობლებს აუხსნეს, რომ ჩვენი ქალაქი იმ ზონაში მდებარეობდა, სადაც დიდი ჰესისათვის კაშხალი უნდა აეშენებინათ. ჩვენებმა იჩხუბეს, იწუწუნეს, ირბინეს განცხადებებითა და წერილებით, მაგრამ ბოლოს ჩვენი ქალაქი მაინც დაგვატოვებინეს.

ჩვენი ოჯახი ბოლო წუთამდე ქალაქში იყო და საკუთარი თვალით ვუყურებდი როგორ აურ-აგურ შლიდნენ ჩემს საყვარელ სტადიონს, სადაც გვირაბის გაყვანა მინდოდა. სტადიონი თურმე განსაკუთრებულად მყარი საშენი მასალით იყო აშენებული და ამ მასალას ალბათ ჰესის მშენებლობაზე გამოიყენებდნენ. მერე კი დიდი მთის თავზე მდგომი მე და მამაჩემი ერთად ვუყურებდით როგორ იფარებოდა წყლით ჩვენი პატარა ქალაქი, როგორ ლოკავდა წყლის ტალღები ჩემს ბავშვობას, წარსულს, ქუჩებს, მოგონებებს, დღეებს...

ამის შემდეგ წლები გავიდა და ეს ამბები თითქოს მიმავიწყდა კიდეც, მაგრამ საჩაიეში მჯდომმა მისტერ ვუდმა სწორედ ის ქნა, რასაც ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ხვნეშითა და ოხვრით გახსნა თავისი გაცრეცილი პორტფელი და თვალებს არ გავუჯერე, როდესაც ხელში ჩვენი ქალაქის მშობლიური სტადიონის პატარა ფირნიში ეჭირა. ფირნიშზე ჩვენი ქალაქისა და მეზობელი დაბის გუნდების სახელები და მატჩის თარიღი ეწერა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფირნიში წყალმა გარიყა და ჩვენი ქალაქის დატბორვიდან რამდენიმე წლის შემდეგ იპოვნეს და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ვუდის ხელში. ნეტა სხვები თუ მიხვდებიან ჩვენს დარდსა და საფიქრალს?...

0.115612