კალათბურთი

3:03 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და სანიკიძემ “სარაგოსა” ესპანეთის თასის ნახევარფინალში გაიყვანეს

 

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის თასის მეოთხედფინალში სენსაცია მოახდინა და მინი-ტურნირის მასპინძელ “უნიკახას” მალაგაში 79:74 სძლია, ქართველი კალათბურთელები კი სტუმართა რიგებში საუკეთესონი იყვნენ.

შერმადინიც და სანიკიძეც არაგონელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ. გიორგიმ მოედანზე 24:54 წუთი გაატარა და 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

25:43 წუთს ითამაშა სანიკიძემ, ვისი მონაგარიც 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება გახლდათ. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ შეცდა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

აღსანიშნავია, რომ სარაგოსელებმა მატჩის პირველი ტაიმი 7 ქულის სხვაობით დათმეს, შემდეგ კი ჩამორჩენა ათ ქულამდეც ავიდა, თუმცა, შემდეგ სტუმრებმა პერიმეტრიდან ზუსტ სროლებს უხშირეს და საბოლოოდ, სასახელო გამარჯვება იზეიმეს.

ამ წარმატების წყალობით, ქართველთა კლუბმა ესპანეთის თასის ნახევარფინალში გააღწია და 8 თებერვალს ძალებს “რეალის” წინააღმდეგ მოსინჯავს. მადრიდელებმა მეოთხედფინალში “გრან კანარიას” იოლად – 83:60 სძლიეს.

და ერთიც. “უნიკახასთან” მატჩის ერთ-ერთმა გმირმა ვიქტორ სანიკიძემ თამაშის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: “დიდებული გრძნობაა. ტურნირში, რომელშიც ესპანეთის 8 გამორჩეული გუნდი ასპარეზობს, ნახევარფინალში გავედით, თანაც მალაგაში მასპინძელ გუნდს ვაჯობეთ. ახლა, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ის, რაც ამ მატჩში მოხდა, წყნარად უნდა გავიაზრო”.

0.13383