კალათბურთი

23:09 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და სანიკიძემ ფავორიტ “ვალენსიას” 34 ქულა ჩაუგდეს

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა და ისე როგორ იქნებოდა, ქართველ კალათბურთელებს არ გაებრწყინათ: მათ ჯამში 34 ქულა ჩააგდეს.

“ვალენსიას”, რომელსაც არაგონელები მასპინძლობდნენ, სეზონში მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა, თუმცა, “სარაგოსამ” ძალიან უხვქულიანი თამაში ჩაატარა და მეტოქეს 95:89 სძლია.

საქართველოს ნაკრების წევრები სასტარტო ხუთეულში იყვნენ. შერმადინმა მოედანზე 26:11 წუთი გაატარა და 18 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ შერმადინმა ქულათა უმეტესობა პირველ ტაიმში დააგროვა, სანიკიძე კი უფრო შედეგიანი მე-2 ნახევარში გახლდათ და გუნდის ბოლო 11 ქულიდან 9 (!) საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ვიქტორმა 25:47 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

საინტერესოა, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი სანიკიძეს (23) ჰქონდა, მე-2 შედეგი (19) კი შერმადინის გახლდათ. ქართველთა გარდა, ხორვატი ფორვარდის დამიან რუდეზის გარჯაც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა.

სხვათა შორის, მსაჯებთან კამათის გამო, სათადარიგოთა სკამიდან მასპინძელთა თავკაცი ხოსე ლუის აბოსი გააძევეს, თუმცა, სტუმრები წარუმატებლობისგან ვერც ამან იხსნა.

“სარაგოსამ” 8 მარცხის წილ მე-12 გამარჯვება იზეიმა და მე-6 ადგილზე მყარად დამკვიდრდა. ქართველთა კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 2 მარტს, მადრიდში, ადგილობრივი “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვათა შორის, გასულ ტურში “ფუენლაბრადას” ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” ეწვია და 84:75 სძლია. ქართველი კალათბურთელი მოედანზე მხოლოდ 02:46 წუთი გამოჩნდა და თითო ორქულიანის და სამქულიანის აცილება მოასწრო, ამას გარდა კი, ერთხელ დაუფარეს კიდეც.

“კახასოლი” 10 მოგებით და ამდენივე მარცხით მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 21-ე ტურის შეხვედრას კი 1 მარტს შინ “მურსიასთან” გამართავს.

0.113904