ესპანურმა “სარაგოსამ”, რომელშიც უკვე 2 ქართველი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ირიცხება, მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და “ესტუდიანტესთან” 81:86 დამარცხდა.
სანიკიძე, რომელიც უკვე გუნდთან ერთად იმყოფება, ამ თამაშში მოედანზე არ გამოჩენილა და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მისი და ბელგიელი ჯონათან ტაბუს ოფიციალური წარდგენა ორშაბათს იგეგმება.
რაც შეეხება შერმადინს, მან 12 ქულა დააგროვა და თანაგუნდელთაგან შედეგიანობის მხრივ მხოლოდ სტეფანსონს და ჯოუნსს ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო.
“სარაგოსა” მომდევნო მოსამზადებელ მატჩს 24 სექტემბერს “კლავიხოსთან” ჩაატარებს და სავარაუდოა, რომ მომავალ შეხვედრაში საქმეში სანიკიძესაც ვიხილავთ.
მარიუპოლში ალეკსანდრ სავჩუკის სახელობის მემორიალზე ითამაშა გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” და ქართველმა მცველმაც ახალი კლუბის მაისური პირველად მოირგო.
დონეცკელებმა ნახევარფინალში ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრი” 100:92 დაამარცხეს და “ბუ” გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო იყო. მისი მონაგარი 14 ქულა გახლდათ. ფინალში “დონეცკი” “ბკ კიევთან” 77:80 დამარცხდა და ამჯერად, ცინცაძემ 8 ქულა და 5 პასი მიითვალა.