კალათბურთი

2:17 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის გარეშე

გაირკვა ევროლიგის “ოთხთა ფინალის” ყველა მონაწილე და მათ შორის არცერთი ბერძნული გუნდი არ ფიგურირებს. პირეოსის “ოლიმპიაკოსმა”, რომლის რიგებშიც გიორგი შერმადინი ირიცხება, მადრიდში “რეალთან” გადამწყვეტი მატჩი 69:83 დათმო, ხოლო ათენის “პანათინაიკოსი” მოსკოვში ცსკა-სთან 44:74 განადგურდა.

ქართველი ცენტრი პირეოსელთა განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე გასვლის საშულება არ მისცემია. ცხადია, მხოლოდ ამის გამო არ ყოფილა, თუმცა, ფაქტია – გასულ შეხვედრაში “რეალმა” მეტოქის ფარზე იმდენივე მოხსნა (17) განახორციელა, რამდენიც “ოლიმპიაკოსმა” – დაცვაში. საბოლოოდ კი, მასპინძლებმა სტუმრებს მოხსნებში 39:27 აჯობეს.

“რეალს” 20 ქულით სერხიო ლულმა ულიდერა, რუდი ფერნანდესმა და ფელიპე რეიესმა კი 15-15 ქულა მიითვალეს. ბერძნული გრანდის კაპიტანმა ვასილის სპანულისმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო მეტიუ ლოესკიმ 15 ქულა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ “ოთხთა ფინალს” 16-18 მაისს მილანი უმასპინძლებს. ნახევარფინალური წყვილები ასეთია: “ბარსელონა”-“რეალი”, ცსკა – “მაკაბი”.

0.120411