კალათბურთი

23:30 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და სანიკიძის თორმეტ-თორმეტი

ესპანურმა “სარაგოსამ” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისე როგორ იქნებოდა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ გამოეჩინათ. არაგონული კლუბი “ლაბორალ კუტხასთან” 67:81 დამარცხდა, გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე კი “სარაგოსას” რიგებში საუკეთესონი იყვნენ.

ბასკებთან შეხვედრაში ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ. შერმადინმა მოედანზე 22:02 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

რაც შეეხება სანიკიძეს, მან 27:04 წუთს ითამაშა და 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. “ვიკამ” 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

“სარაგოსას” მომდევნო მატჩი 2 ოქტომბერს “ლა ბრუისას” წინააღმდეგ ელის.

0.158878