კალათბურთი

1:35 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და სანიკიძის “სარაგოსას” მეოთხედფინალში “უნიკახა” ელის

როგორც უკვე ვიუწყებოდით, გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მიიღო, თუმცა, მეოთხედფინალში მეტოქედ არა კატალონიური “ბარსელონა”, არამედ მომავალი ბატალიების მასპინძელი მალაგას “უნიკახა” ეყოლება.

აქამდე, სათასო წყვილები ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით დგებოდა და ლოგიკურად, პირველი წრის თავზე მე-6 პოზიციაზე მყოფ “სარაგოსას” მესამეადგილოსან “ბარსელონასთან” უნდა ეთამაშა, თუმცა, ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ წილისყრის ჩატარება გადაწყვიტა და პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები მე-2 ოთხეულის წევრებს დაუწყვილა. შედეგად, არაგონელებს მოწინააღმდეგედ ამჟამად მე-4 საფეხურზე მყოფი “უნიკახა” ერგოთ.

მომავალი დაპირისპირება 6 თებერვალს მალაგაში შედგება და ამავე დღეს მადრიდის “რეალი” და “გრან კანარია” ითამაშებენ. ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან. 7 თებერვალს კიდევ 2 მეოთხედფინალია დანიშნული: “ბარსელონა”-“იბეროსტარ ტენერიფე” და “ვალენსია”-“ლაბორალ კუტხა”. ცხადია, მე-2 ნახევარფინალს აღნიშნული წყვილების გამარჯვებულები დააკომპლექტებენ.

ნახევარფინალები 8 თებერვალს გახლავთ დანიშნული, ხოლო 9-ში ესპანეთის თასის გამარჯვებული გამოვლინდება. ცნობისთვის, წილისყრის პროცედურას წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, აწ კი “მალაგას” თავკაცი ბერნდ შუსტერი და ასევე წარსულის გამოჩენილი ესპანელი ჩოგბურთელი კაროლინა ნავარო უძღვებოდნენ, რომელიც მალაგაში გახლავთ დაბადებული.

0.112556