კალათბურთი

1:29 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და სანიკიძის “სარაგოსამ” ლიტვური კლუბი გაანადგურა

ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპის სტარტზე 2 მარცხის შემდეგ, გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” გულშემატკივარს ჩინებული სანახაობა შესთავაზა და მშობლიურ “პაბელონ პრინსიპე ფელიპეზე” ლიტვური “ლიეტუვოს რიტასი” 94:60 გაანადგურა.

შეხვედრას თვალი 6725 მაყურებელმა მიადევნა, მისი ბედი კი ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც არაგონულმა კლუბმა 19 ქულით მოიგო.

ქართველ კალათბურთელთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინი იყო. მან მოედანზე 21:05 წუთი გაატარა და მასპინძლებს 11 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა.

გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო. ისიც სათქმელია, რომ ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, არცერთხელ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ცნობისთვის, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 გახლდათ, რითაც იგი მხოლოდ მაიკლ როლს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 5-ვე სამქულიანი ჩააგდო და თავი 29 ქულას მოუყარა.

რაც შეეხება სანიკიძეს, მან 18:50 წუთს ითამაშა და აქტივში 4 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი ჰქონდა. ქართველ ფორვარდს ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ხოსე ლუის აბოსის მიერ გაწვრთნილმა “სარაგოსამ” ევროთასის P ჯგუფში ბოლო საფეხურს თავი დააღწია და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.

პირველ-მეორე ადგილებზე სტამბულის “ბეშიქთაში” და ხორვატული “ცედევიტა” იმყოფებიან, რომლებიც დღეს ერთმანეთს ზაგრებში ეთამაშებიან. ხორვატული გუნდის მარცხის შემთხვევაში, “სარაგოსა” მერვედფინალში გამსვლელ მე-2 საფეხურზე აღზევდება.

თავად ესპანურ კლუბს მომდევნო შეხვედრა 28 იანვარს ისევ “ლიეტუვოს რიტასთან” ელის. ცხადია, ამ შემთხვევაში მასპინძელი ვილნიუსის კლუბი იქნება.

0.124282