გიორგი შერმადინი, შესაძლოა, ესპანურ “სარაგოსას” დაუბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Sentimiento AyN ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრმა გასული სეზონი სწორედ არაგონულ კლუბში დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. სწორედ ესპანურ კლუბში კარგი თამაშის წყალობით, მან ბერძნული გრანდის – “ოლიმპიაკოსის” ყურადღება მიიპყრო და შუა სეზონში ევროლიგაში მოთამაშე პირეოსელებს შეუერთდა.
“ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელი გეორგიოს ბარძოკასი შერმადინს სოლიდური სათამაშო დროს პირდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. ქართველ კალათბურთელს მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა, მუხლის ტრავმის კვალად კი, საერთოდაც ღრმა სათადარიგოდ იქცა.
ესპანური გამოცემის თანახმად, შერმადინს ბერძნებთან მიმდინარე კონტრაქტი 1 ივლისს ეწურება და იგი გუნდის გამოცვლას ფიქრობს, ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად კი “სარაგოსაში” დაბრუნება განიხილება.
არაგონელები გიორგის შესაძლებლობებს კარგად იცნობენ და არც ისაა სადავო, რომ ქართველს სასტარტო ხუთეულში ადგილს არავინ დაამადლის.
სხვა საქმეა, რომ თუკი ეს ტრანსფერი შედგა, დიდი ალბათობით, შერმადინი “სარაგოსაში” ერთადერთი ქართველი მოთამაშე იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუნდის დატოვებას ვიქტორ სანიკიძე ფიქრობს, რომელსაც ბევრი მსურველი ჰყავს და ალბათ, გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებს.