კალათბურთი

23:01 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი “ოლიმპიაკოსში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს

ქართველი ცენტრი ტრანსფერი ბერძნულმა და ესპანურმა კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს


გიორგი შერმადინი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუბრუნდა. ახლა, ამის შესახებ შეგვიძლია დანამდვილებით განვაცხადოთ. აღნიშნული ტრანსფერი საკუთარ ვებ-გვერდებზე უკვე დაადასტურეს, როგორც ბერძნულმა გრანდმა, ასევე ქართველი ცენტრის ყოფილმა კლუბმა ესპანურმა “სარაგოსამ”.

შეგახსენებთ, რომ შერმადინის “ოლიმპიაკოსში” გადასვლის შესახებ ინფორმაციები მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. თავდაპირველად, შეთანხმებას კლუბების წარმომადგენლებმა მიაღწიეს, ბოლო სიტყვა კი თავად კალათბურთელზე იყო.

შერმადინი პირეოსელთაგან 1.5 წლიან კონტრაქტს ითხოვდა, “ოლიმპიაკოსი” კი მას ხელშეკრულებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე სთავაზობდა. დღის წესრიგში იდგა ხელფასის საკითხიც. საქართველოს ნაკრების წევრი სეზონის ბოლომდე კონტრაქტს იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუკი მისი თვიური ანაზღაურება არა 55 ათასი, არამედ 80 ათასი ევრო იქნებოდა.

საბოლოოდ, გარიგებაში რა დეტალები ჩაიდო, ჯერჯერობით უცნობია, “ოლიმპიაკოსის” ოფიციალური ვებ-გვერდიდან კი მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ გიორგი ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის მაისურით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

აქვე “სარაგოსას” სპორტული დირქტორის ვილი ვილიარის კომენტარიც: “ჩვენთვის შერმადინის დარი მოთამაშის გუნდში ყოლა დიდი პატივი იყო. სწორედ მისი დიდი დამსახურება გახლდათ, რომ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავედით, ლიგაში მე-6 ადგილს ვიკავებთ და ევროთასზეც კარგი შედეგი ვაჩვენეთ. სამომავლოდ მას წარმატებას ვუსურვებ”.

არსებული ინფორმაციით, პირეოსულ გრანდს ქართველი კალათბურთელის დაბრუნება დაახლოებით 100 ათასი ევრო დაუჯდა. გიორგი საბერძნეთში უახლოეს საათებში ჩავა, მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ “ოლიმპიაკოსი” მის განაცხადში შეყვანას დაუყოვნებლივ აპირებს.

28 თებერვალს პირეოსელები ევროლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპის მატჩში, სტამბულში “ფენერბაჰჩეს” ეთამაშებიან და საქართველოს ნაკრების წევრის ხელახალი პირეოსული დებიუტი უკვე ამ შეხვედრაში უნდა შედგეს.

ბერძნულ გრანდს ტურნირის მე-2 ეტაპზე შექმნილ E ჯგუფში 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და იტალიურ “მილანთან” და მარადიულ მეტოქე ათენის “პანათაინაიკოსთან” ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალში E და F ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის.

ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ საბერძნეთის ჩემპიონატში “ოლიმპიაკოსს” 19 ტურში 17 გამარჯვება აქვს და იმავე “პანათინაიკოსს” 1 მოგებით ჩამორჩება. პირეოსელებს მომდევნო მატჩი 1 მარტს ელით, როდესაც პატრასში მეშვიდეადგილოსან “აპოლონს” ესტუმრებიან.

0.113507