“ბრუკლინ ნეთსმა” საზაფხულო ლიგაში მე-4 მატჩიც წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ კი ორლანდოში მიმდინარე ტურნირზე ყველაზე შედეგიანი თამაში ჩაატარა.
ბრუკლინელები ამჯერად “ჰიუსტონ როკიტსს” დაუპირისპირდნენ და საწყის მეოთხედში 6:25 განადგურდნენ, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. საბოლოოდ, “ჰიუსტონმა” აუღელვებლად – 92:76 იმარჯვა.
“ნეთსის” თავკაცმა ჯეისონ კიდმა თორნიკე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გაამწესა და ამჯერად 30:48 წუთს ათამაშა, რა დროშის ქართველის მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 6 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 6 პერსონალური ფოლი მიიღო. აქვე ვთქვათ, რომ როგორც ირკვევა, საზაფხულო ლიგაზე პერსონალურების გამო კალათბურთელები თამაშს არ ეთიშებიან.
ამგვარად, “ბრუკლინმა” ტურნირის ძირითადი ეტაპი გამარჯვების გარეშე დაასრულა და დღეს, მეცხრე-მეათე ადგილებისთვის მატჩში, სავარაუდოდ, “ფილადელფია სიქსერზს” ეთამაშება. მომავალი მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.